Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლობა ივანიშვილს - კანონიერებაზე დავის მიუხედავად, "ოცნების" პარლამენტმა მუშაობა დაიწყო


სადავო პარლამენტის პირველი სხდომაში, 25 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტს ტოვებს.
სადავო პარლამენტის პირველი სხდომაში, 25 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტს ტოვებს.

25 ნოემბერს, 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ თვეში, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ვერ შეაჩერა ვერც არჩევნების გასაჩივრებულმა შედეგებმა და ვერც საპროტესტო აქციებმა. „ქართული ოცნების“ წევრები პოლიციის მრავალშრიანი კორდონის გაძლიერებული დაცვით შევიდნენ პარლამენტის შენობაში.

„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და აბუჩად იგდებენ ჩვენს პარლამენტს“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მოგვიანებით მან თქვა, რომ ქვეყნის მმართველმა გუნდმა „კონსტიტუცია თავზე დაიხია“.

კონსტიტუციის მიხედვით, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი იწვევს. ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა და არც მის გარეშე მოწვეულ სხდომაზე მივიდა. ის 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად თვლის.

პრეზიდენტი, სამოქალაქო საზოგადოება და ბარიერგადალახული ოპოზიციური ჯგუფები არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ევროკავშირი საქართველოში „ფაქტების შემსწავლელი“ მისიის გამოგზავნას აპირებს, საერთაშორისო პარტნიორები კი, გაყალბების „სერიოზული ეჭვების“ გამო, სადავო შედეგების შესწავლას ითხოვენ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ უფლებამოსილების ცნობა უკანონოა, პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების გამო.

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, 25 ნოემბერს, პარლამენტის დარბაზში პირველად იჯდა - როგორც რიგითი დეპუტატი. კოლეგებმა პარტიიდან მას ფეხზე წამოდგომითა და ტაშით გადაუხადეს მადლობა, მიცემული შესაძლებლობისთვის - „ემსახურონ სამშობლოს“.

მარტო „ოცნება“

რადგან პრეზიდენტი არ მივიდა, პირველი სხდომა „ქართული ოცნების“ უხუცესმა წევრმა, 71 წლის ლადო კახაძემ გახსნა და მოსახლეობას „ღირსეული კეთილდღეობა“ უსურვა - მშვიდობასთან, ჯანმრთელობასთან, ქვეყნის გამთლიანებასა და დასახული მიზნების ასრულებასთან ერთად. ოდნავ მოგვიანებით კი, კახაძემ „დიდი კაცი“ უწოდა და „ყველას სახელით“ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს, რომელიც დღის პირველ ნახევარში - სხვებთან ერთად, დეპუტატად ცნეს, ხოლო დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ის პარლამენტიდან მიდის.

„ქართული ოცნების“ მილიარდერ საპატიო თავმჯდომარეს მადლობა სხვებმაც გადაუხადეს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასოდეს გადავალთ... და არასდროს გვექნება იმისი შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს“, - მიმართა ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილს მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და მადლიერება გამოხატა იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ - „ორ ფეხზე მდგომები“ ემსახურონ ეროვნულ ინტერესებს.

ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ფეხზე მდგომები, ივანიშვილს დიდხანს უკრავდნენ ტაშს.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც კვლავ უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დარჩა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მანამდე იქნება, ვიდრე „არ იქნება ეროვნული ძალები ოპოზიციაში“.

წინა წლებისგან განსხვავებით, სხდომაზე მიწვეული არ იყვნენ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დაძაბული ურთიერთობების ფონზე - „ქართულმა ოცნებამ“ ელჩები არ დაპატიჟა; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩეულმა შალვა პაპუაშვილმა „დაუძინებელი მეგობრები“ კვლავ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

სხდომაზე იყვნენ სასულიერო პირები - ანდრია ჯაღმაიძე, გიორგი ზვიადაძე და მიქაელ ბოტკოველი. არ გამოჩენილა პატრიარქის მოსაყდრე შიო [მუჯირი], რომელსაც მედია მოელოდა. მანამდე, საპატრიარქომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

25 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ონლაინმედიის წარმომადგენლები. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდა არც რადიო თავისუფლებას. ხოლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელემედიის ჯგუფებს, როგორც აცხადებდნენ, გადაადგილების სივრცე შეუზღუდეს.

25 ნოემბერს "ოცნებამ" წინააღმდეგობის გარეშე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება.

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის სხდომაზე, 25 ნოემბერს, აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. შალვა პაპუაშვილის პირველი მოადგილის თანამდებობა - გია ვოლსკის ერგო, ხოლო ორი მოადგილის პოსტები - თეა წულუკიანსა და ნინო წილოსანს.

აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეებიც:

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე;

· საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე;

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული;

· ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი;
  • კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი;
  • სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე.


მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს, შემდეგ კი მას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ; ხოლო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას - პარლამენტში პირველად შესული არჩილ გორდულაძე დაიკავებს.

პარლამენტში ერთი 80-წევრიანი ფრაქცია შექმნეს - უშუალოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამ ფრაქციაში არ შევიდა „ხალხის ძალის“ 9 დეპუტატი, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში „სიმართლის სათქმელად“ გამოეყვნენ „ოცნებას“, წინასაარჩევნოდ ისევ შეერწყნენ - სახელისუფლებო პარტიის სიაში მოხვდნენ და ახლა ისევ ცალკე დგებიან. თუმცა „ოცნების“ განაყოფის ცალკე დგომა არასოდეს ნიშნავდა ოპონირებას.

არალეგალური საქმიანობა

ვიდრე საპარლამენტო თანამდებობებს გადაანაწილებდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ჯგუფები არც პირველ სხდომაზე გამოცხადდნენ და, როგორც ამბობენ, პარლამენტში შესვლას საერთოდ არ გეგმავენ.

პარლამენტის უფლებამოსილება ბოლო პერიოდის ყველაზე სადავო საკითხია, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს, არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელებით პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს. ორივე სარჩელი დარეგისტრირებულია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღება-არმიღების შესახებ.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი არ დასრულებულა, კონსტიტუციონალისტების განმარტებით, პარლამენტს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა არ შეეძლო და სხდომა უნდა შეეწყვიტათ, მაგრამ ეს არ მოხდა.

„ეს პარლამენტი ლეგალური [კანონიერი] ორგანო არ არის - არალეგალურად საქმიანობს ახლა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ბერკეტზე ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო ლაპარაკი, ვიდრე სასამართლოს პრეზიდენტი და ოპოზიციური დეპუტატები მიმართავდნენ.

ვახუშტი მენაბდე გვეუბნება, რომ - თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს დააკმაყოფილებს - ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. სხვა საკითხია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია.

„რუსული გამოთქმა რომ არის - “სამ ტანცუიეტ, სამ პაიოტ“ [Сам танцует, сам поет], ეგრე კი არიან, მაგრამ კანონი კანონია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ამჟამად პოლიტიკური პლატფორმის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი და განმარტავს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს „იურიდიული ძალა არა აქვს“ და „პარლამენტი საერთოდ არ უნდა შეკრებილიყო, ვიდრე საქმე საკონსტიტუციო სასამართლოშია“.

„ქართული ოცნება“ კანონში ვერ ხედავს ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას შეაფერხებდა. როგორც მანამდე მამუკა მდინარაძე აღნიშნავდა, პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი დეპუტატების უფლებამოსილებას მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში ერგება, მაგალითად - ასაკობრივი ცენზის შემთხვევაში.

25 ნოემბერს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პარლამენტი სრულად კანონიერად ამოქმედდა.

„ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა რეალობა, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, - განაცხადა, ტრიბუნიდან გამოსვლის დროს, შალვა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განსახილველად ერთი თვე აქვს და, როგორც აცხადებენ, ორივე სარჩელს ერთ საქმედ განიხილავენ.

პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული იყო მერაბ ტურავა - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა მოუცლელობის მიზეზით, ის ბათუმიდან თბილისში არ ჩავიდა.

„ამ სარჩელებზე [პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების - რ.თ.] მიმდინარეობს მუშაობა და ფიზიკურად ვერ შეძლებდა დასწრებას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში და დაუდასტურეს, რომ ის ნამდვილად იყო მიწვეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები მალე ჩატარდება და, რომ ამ პროცესში ინიციატივა ახალგაზრდობამ უნდა იტვირთოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„თუ რამეს ხედავთ, ეს არის, რომ თქვენი [ახალგაზრდების - რ.თ.] დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად“, - სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს ასევე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „კონსტიტუცია თავზე დაიხია“.

მანამდე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში - სალომე ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს საქართველოს „შავი ორშაბათი“ უწოდა, ხოლო „ოცნების“ წარმომადგენლებს - „მონები“, რომლებიც პოლიციის დახმარებით - კლავენ კონსტიტუციას და აბუჩად იგდებენ პარლამენტს.

„თვითმარქვია“, „თვითგამოცხადებული“, „უკანონო“, „ყალბი“ - ასე მოიხსენიებდნენ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტს. „ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა“, - ეწერა ბანერზე პარლამენტის წინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე. რამდენიმე ათასი ადამიანი პარლამენტის შენობასთან ჯერ კიდევ წინა ღამით შეიკრიბა და ნაწილმა ღამე კვლავ კარვებში გაათენა.

25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ნაწილი საზღვარგარეთ გაემგზავრა, საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად. მომიტინგეებმა ამის შესახებ პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერიდან შეიტყვეს, რამაც აქტივისტები გააბრაზა: „რატომ უნდა ვიგებდეთ ასე?“, „რატომ არ გამოგვიცხადეს თავად?“ - ბრაზი სოციალურ ქსელებსაც მოედო.

„მე, როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები, და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - ამ თემას პრეზიდენტი ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, თავის ვიდეომიმართვაში.

მანამდე, „იმედმა“ ოპოზიციონერ ლიდერებთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოდან გაიპარნენ.

ოპოზიციის კრიტიკა 25 ნოემბერს გაძლიერდა - ფეისბუკის პოსტებსა თუ ჯგუფებში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს არა აქვთ გამარჯვების მწყობრი გეგმა და სათანადო კავშირი ხალხთან, რომლებსაც ისინი აქციებზე იწვევენ. თავად ოპოზიციაში კი თვლიან, რომ როცა საქმე ქვეყნის მომავალს შეეხება - პროტესტისთვის ხალხს ოპოზიციის დირექტივები არ უნდა სჭირდებოდეს.

ოთხი ოპოზიციური პლატფორმა: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ცესკოს დათვლით, ჯამში - 61 მანდატს ფლობენ. ეს ჯგუფები აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ, თუმცა - სხვებისგან განსხვავებით - მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავს „გახარია საქართველოსთვის“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG