Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა პირველ სხდომაზე წინა მოწვევის პარლამენტებში?


საქართველოს პარლამენტი, ილუსტრირებული ფოტო
საქართველოს პარლამენტი, ილუსტრირებული ფოტო

ვიხსენებთ საქართველოს ყველა (ათივე) წინა მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომებს: ვინ ესწრებოდა, რა ითქმებოდა და ა.შ.

საქართველოს დამოუკიდებლობა და საპარლამენტო არჩევნები თითქმის ტოლები არიან. 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა პირველმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. ისტორიული მნიშვნელობის იყო ყველა მომდევნო, საერთო ჯამში, ათი მოწვევის პარლამენტის არჩევნები. 2024 წელს არჩეული პარლამენტი, რომლის ლეგიტიმურობა საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, რიგით მეთერთმეტეა და პირველად 25 ნოემბერს შეიკრიბა.

რა ხდებოდა ყველა წინა (ათი) მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომებზე?

I მოწვევის პარლამენტი (უზენაესი საბჭო) – 1990 წლის 14 ნოემბერი

1990 წლის 14 ნოემბერი. 10:00 საათი. საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბა პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, ორომელმაც მუშაობა დაიწყო დარბაზში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

პირველი ტრიბუნასთან მივიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჟორდანია, რომელმაც შეკრებილთ მოახსენა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შედეგები.

სესიამ აირჩია ხმის დამთვლელი კომისია, დაამტკიცა უზენაესი საბჭოს სხდომების დროებითი რეგლამენტი. ასევე აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები: სამდივნო, სარედაქციო და სამანდატო კომისიები. უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება და მიიღო შესაბამისი დადგენილება.

დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია, რომელმაც ვრცელ საპროგრამო განცხადებაში პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ილაპარაკა:

ზვიად გამსახურდია, 1990 წ.
ზვიად გამსახურდია, 1990 წ.

„ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე. მაღალი ეროვნული და მოქალაქეობრივი შეგნება. ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის! ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა მივაგოთ ყველა ქართველს, საქართველოს ერთგულ ყოველ მოქალაქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საარჩევნო ბრძოლაში, იღვაწეს და გაისარჯნენ ეროვნული ძალების გამარჯვებისათვის, რამეთუ ეს გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაა, თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგინება! ღრმად მწამს მეგობრებო, რომ ის ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას! <…> ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს. მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის“.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1990 წ.
გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 1990 წ.

პირველ სხდომაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადებულიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები. ამ მიზნით დეპუტატებმა მიიღეს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“, რომელიც ფაქტობრივად შედგებოდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისგან. ამ კანონის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწერა: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად, მაგრამ რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. ცნო და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია“.

სხდომის დასასრულს გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა დეპუტატებს გააცნო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლისა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრის, ალექსანდრე სულხანიშვილის ანდერძი, რომ ქაქუცას დროშა ახალარჩეულ პარლამენტს მიეღო. საქართველოს რესპუბლიკისა და ქაქუცას დროშები დარბაზში შეიტანეს ბავშვებმა - გიორგი გამსახურდიამ და არჩილ მოლოდინაშვილმა.

14 ნოემბერსვე საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილებები, რომელთა მიხედვითაც შეიცვალა საქართველოს სსრ-ს როგორც სახელი (ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა), ასევე გერბი და დროშა.

II მოწვევის პარლამენტი - 1992 წლის 4 ნოემბერი

1992 წლის 4 ნოემბრის 10 საათზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომათა დარბაზში (ე. წ. იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) შენობა) შეიკრიბნენ 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეული პარლამენტარები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოთხ საარჩევნო ბლოკს, ოც პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას. სხდომაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობის წევრები, სამინისტროებისა და უწყებათა ხელმძღვანელები, უცხოეთის ქვეყნების ელჩები საქართველოში, საზღვარგარეთელი სტუმრები, ჟურნალისტები.

მეორე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის, „დიდების“, ჰანგებით, რომლის დასრულების შემდეგ შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთში წინა დღეს დაღუპული პარლამენტარის, ნუგზარ მიხანაშვილისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა უხუცეს პარლამენტართა მიერ არჩეულმა აკადემიკოსმა ნიკო ჭავჭავაძემ, რომელმაც სიტყვა გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე
ედუარდ შევარდნაძე და ილია მეორე

„პატივცემულო დეპუტატებო! - თქვა მან, - მინდა ამ მომართვას დავუმატო, პატივცემულო დემოკრატებო, რადგან იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი და ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიის გზით ივლიან. მინდა, უპირველეს ყოვლისა, მოგესალმოთ საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის სახელით, მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე და გისურვოთ დიდი წარმატება. თქვენ დღეს იტვირთეთ ერის ჯვარი და სრულიად საქართველოს ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით, ღვთის დახმარებით და ლოცვა-კურთხევით, შეძლებთ ამ დიდი საქმის გაძღოლას. თქვენ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ საკეთებელი - საქართველო და ერი უნდა გამთლიან დეს, არ უნდა იყოს ისე, რომ ჩვენ ერთმანეთში მტრები ვეძებოთ. ჩვენ ერთმანეთში უნდა დავინახოთ, მოკეთე, ჩვენი სისხლი და ხორცი. ვფიქრობ, თქვენ დიდი სულიერობით, მოთმინებით გაამთლიანებთ საქართველოს. უპირველესად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყნის თავისუფლება არ არის მხოლოდ დროშის აღმართვა, არ არის საკმარისი თავისუფლების გამოცხადება. საჭიროა შინაგანი განთავისუფლება, განთავისუფლება იმ მძიმე ტვირთისაგან, რომელიც დააწვა საქართველოს განვლილი 70 წლის მანძილზე. საქართველოს ყოველი მცხოვრები უნდა გათავისუფლდეს ურწმუნოებისაგან, ამპარტავნობისაგან, იმ პირადულისაგან, რომელიც მძიმედ გვაწევს“.

ილია მეორემ დალოცა ახალი პარლამენტი და გადასცა მას წმინდა ჯვარი და ბიბლია.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ ალექსიძემ სხდომას მოახსენა 1992 წლის 11 ოქტომბერს გამართული საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნების შედეგები. დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ლუიზა შაკიაშვილის წარდგინებით პარლამენტმა ცნო პარლამენტის თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის უფლებამოსილება. პარლამენტმა აგრეთვე ცნო სხვა დეპუტატების უფლებამოსილება.

მეორე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, 1992 წ.
მეორე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, 1992 წ.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გურამ მუჩაიძემ მოუწოდა ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისაკენ.

პირველ სხდომაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ:

„ორი ამოცანა დგას ჩვენი პარლამენტის წინაშე: უზრუნველყოს კანონის უზენაესობა ქვეყნის, პარლამენტის, დემოკრატიის, მოქალაქეთა დასაცავად, მათი უფლებების დასაცავად, მათი მთავარი უფლების - სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად, ძლიერი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტის წინაშე ვალდებულია და ამით ერთხელ კიდევ ესმება ხაზი პარლამენტის უზენაესობას. დემოკრატიას დაცვა სჭირდება. ეს არაერთხელ თქმულა, მისი დაცვა ძვირად უჯდება სალის, იმ დემოკრატიის დაცვა, რომლის ყლორტები საქართველოში ახლა გამოდის კვირტებიდან.უნდა შეიქმნას ქმედუნარიანი ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ქვეყანას, შეძლებს მისი ერთიანობის შენარჩუნებას“.

1992 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე დარბაზში იმყოფებოდა სომხეთის პარლამენტის წარმომადგენელი სეირან ბაღდასარიანი, რომელიც „მოძმე სომხეთის პარლამენტის სახელით მიესალმა საქართველოს პარლამენტს“.

III მოწვევის პარლამენტი - 1995 წლის 25 ნოემბერი

III მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 1995 წლის 25 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე გაიხსნა. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, „არჩეული დეპუტატები ეროვნული ჰიმნითა და ფეხზე ადგომით შეეგებნენ ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს“. ტრიბუნასთან პირველი მივიდა უხუცესი დეპუტატი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, არჩევნების შედეგები კი ცესკოს თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ შეაჯამა.

მესამე მოწვევის პარლამენტის პირველმა სხდომამ 211 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო; ასევე დაადასტურა აფხაზეთის 12 დეპუტატის უფლებამოსილება, ახალციხისა და ლიახვის საარჩევნო ოლქებში არჩეული დეპუტატობის კანდიდატთა უფლებამოსილების განხილვა კი უახლოესი დროისთვის გადადო. III მოწვევის პარლამენტის პირველმა სხდომამ არ დაამტკიცა #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგები.

დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ამოქმედდა 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

1995 წლის 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბევრად ოპტიმისტური განწყობა იყო. ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

„არც არის გასაკვირი, - თქვა ორი მოწვევის დეპუტატმა, შალვა ნათელაშვილმა, - მაშინ ხომ გაგრა ახალი დაკარგული გვქონდა, იყო ქაოსი და კრიმინალთა თავაწყვეტილი თარეში, გაურკვეველი საერთაშორისო თუ საშინაო პოზიციები, უკონსტიტუციო, უფულო, უჯარო ქვეყანა გვქონდა. დღეს ეს პრობლემები ძირითადად მოგვარებულია, ნაწილიც მოგვარებამდეა მისული, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად ქმნის, თუმცა პასუხისმგებლობის ტვირთიც ძალიან დიდია“ („გაზ. საქართველოს რესპუბლიკა“, 1995 წ. N175).

„საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წარდგინებით, დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს კავშირის გენერალური მდივანი, ზურაბ ჟვანია.

„პარლამენტს ვხედავ არა როგორც პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ, როგორც ჯანსაღი კამათის, ერთმანეთის პოზიციების ოპონირებისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნისათვის ყველაზე მისაღებ, სწორი პოზიციის შემუშავების არენად“, - განაცხადა ტრიბუნასთან მისულმა ზურაბ ჟვანია, მესამე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ კი განაცხადა:

„პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატთა განწყობილების გამომხატველი უნდა იყოს. იგი თითოეულს თავისუფალი მუშაობის პირობებს უნდა უქმნიდეს. პარლამენტის მუშაობა კი, უპირველეს ყოვლისა, კანონშემოქმედება უნდა იყოს“.

ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია

III მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე გაიმართა 5 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ინაუგურაცია.

„მე დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას... უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება“, - ედუარდ შევარდნაძე, 26 ნოემბერი.

IV მოწვევის პარლამენტი - 1999 წლის 20 ნოემბერი

საქართველოს IV მოწვევის პარლამენტი 1999 წლის 20 ნოემბერს, 10:00 საათზე შეიკრიბა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გახსნილად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პარლამენტის შენობის წინ აღიმართა ეროვნული დროშა. სხდომას უძღვებოდა უხუცესი დეპუტატი იოსებ ხარატიშვილი. დეპუტატებმა მოისმინეს ცესკოს თავმჯდომარის, ჯუმბერ ლომინაძის ანგარიში. პარლამენტმა ცნო 233 დეპუტატის უფლებამოსილება. სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა საქართველოს საგარეო კურსზე:

საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, 1999 წ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, 1999 წ.

„ჩემი ღრმა რწმენით, ფუჭია ყოველგვარი საუბარი და დისკუსია „პრორუსული“ თუ „პროდასავლური“, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ - საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, იგი ეყრდნობა საერთო-საკაცობრიო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხოლო საფუძველი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გულანი ჩვენი საგარეო პოლიტიკისა, ურთიერთობისა ყველა ქვეყანასთან, ყველა მსოფლიო ძალასთან, - ევროპასთან თუ ჩვენს დიდ, მარადიულ მეზობელთან, რუსეთთან, უნდა იყოს სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი. საქართველოს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტი, მკაცრი რაციონალური გათვლა, ზოგადსაკაცობრიო იდეალები. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დემოკრატიულ ღირებულებებზე, და კვლავაც ვიმეგობრებთ, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, ყველა ქვეყანასთან, რომელიც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ტერიტორიისა და მრავალეროვანი ხალხის განუყოფლობას, დაგვეხმარება, უფრო სწრაფად გავიაროთ გზა ბედნიერი და ღირსეული მომავლისაკენ“.

ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები. დეპუტატებმა 162 ხმით 29 ხმის წინააღმდეგ, თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს ზურაბ ჟვანია, რომელმაც განაცხადა, რომ IV მოწვევის პარლამენტი საქართველოსათვის განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში იწყებდა მოღვაწეობას:

„უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შესაძლებლობანი იმ პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ღრმად მწამს, რომ იმ ტრადიციებით, რომლებიც წინა წლებში ჩამოყალიბდა. ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უფრო ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ“.

პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანიას არჩევას უმრავლესობის გარდა ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა მხარი.

V-VI მოწვევის პარლამენტი - 2003 წლის 22 ნოემბერი

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, V მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე დაინიშნა.

სხდომის დაწყების დროს პარლამენტის დარბაზში არ იმყოფებოდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“.

22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

15:06 საათისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II პარლამენტში მისვლას არ აპირებდა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ პატრიარქი 16 საათზე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვის აღვლენას აპირებდა და, რომ შესაბამისად, ის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ვერ მოახერხებდა.

კვორუმის პრობლემის გამო V მოწვევის პარლამენტის სხდომა 16:50 საათზე ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, თუმცა სულ მალე პარლამენტის დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ ექვსკაციანი დელეგაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ახალი მემარჯვენეების ლიდერს“, დავით გამყრელიძეს და განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო.

ედუარდ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და შეუდგა ვრცელი სიტყვის კითხვას, რომელიც სამთავრობო მედიაში დასათაურებული იყო - როგორც „კონსტიტუციური წესრიგი და კანონის უზენაესობა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთადერთი ცივილიზებული პირობაა“.

მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის ნოემბერი
მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის ნოემბერი

ედუარდ შევარდნაძე თავისი სიტყვაში შეეხო არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების პრობლემას, რომლის გამოც პარლამენტის შენობის წინ უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართებოდა და ოპოზიციური პარტიები არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვდნენ.

„ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია დაადგინოს საარჩევნო სიებთან დაკავშირებული ჭეშმარიტება და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, - ამბობდა ტრიბუნასთან მდგომი ედუარდ შევარდნაძე, - ჩვენ გვევალება სიმართლე ვუთხრათ ხალხს და პასუხი ვაგებინოთ დამნაშავეს. ამ მიზნით გენერალურ პროკურორს, სხვა სამართალდაცვის სტრუქტურებს უკვე დავალებული აქვთ საქმის სკრუპულოზური გამოძიება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მით უფრო, თუ ამ საქმეში გარეული აღმოჩნდა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. აი, როგორია არჩევნებთან დაკავშირებული რეალური სურათი. ისიც მინდა ვთქვა, რომ ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების სიმძაფრისა და ზოგიერთ შემთხვევაში დემოკრატიული ნორმების დარღვევის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მართლაც რომ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ ხელი შეუწყონ ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებიდან გამოსვლას. რა თქმა უნდა, მეც ყველაფერს ვიღონებ ამისათვის“.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეძლო სიტყვის დასრულება. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ამ დროს „სხდომათა დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა... „ვარდების რევოლუცია“.

მიხეილ სააკაშვილმა და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, ე.წ. სახალხო ლაშქართან ერთად, შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა. შევარდნაძე, თითქოს მის ირგვლივ არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ხელი სტაცეს მას და პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს (ტრიბუნაზე დარჩენილი შევარდნაძის ჯერ ისევ თბილი ჩაი მიხეილ სააკაშვილმა დალია). დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18:00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.

ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა მოითხოვა, თუმცა მეორე დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს, 20 საათსა და 45 წუთზე, მან თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლა მე ვხედავ, რომ ის, რაც ხდება, უსისხლოდ არ ჩაივლის. იძულებული გავხდები გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს ამ პირობებში. ეს სისხლისღვრამდე მიმიყვანს. ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, რათა ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

23 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი და ბათილად ცნო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის პროპორციული ნაწილი, ხოლო მაჟორიტარული ძალაში დატოვა.

საბოლოოდ გადაწყდა, VI მოწვევის პარლამენტის (ხელახალი) არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გამართულიყო.

VII მოწვევის პარლამენტი - 2008 წლის 7 ივნისი

საქართველოს VII მოწვევის პარლამენტი 2008 წლის 7 ივნისს დილის 10:00 საათზე შეიკრიბა. პირველ სხდომას დაესწრნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ არჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა:

„შემდეგი წლები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი მანდატი, ახალი ენერგია რეფორმებისთვის, იმიტომ რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათი შუა გზაზე მიტოვება არ შეიძლება. საქართველოს მომავალი არის შემდგომ რეფორმებში, ხალხისთვის სასიცოცხლო ცვლილებებში“.

პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, 116 ხმით 4-ის წინააღმდეგ, VII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე აირჩია.

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია პარლამენტის წევრის მანდატზე უარის თქმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების (ყოფილი კოლეგების უკვე, უფრო სწორად) ნაწილმა აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფის გზა... მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა უარი თქვა დეპუტატობაზე და 2008 წლის 7 ივნისს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, მანდატები დაჭრა. პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე განადგურდა ლეიბორისტული პარტიის მიერ მოპოვებული 6 და გაერთიანებული ოპოზიციის 13 მანდატი.

„ეს არის ჩემი მანდატი, ჯიბეში მიდევს მაკრატელი, პლასტიკაა, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს მანდატი დავკუწო“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე სანთლებით ხელში, პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას (2009 წლის 9 აპრილი)
მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე სანთლებით ხელში, პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას (2009 წლის 9 აპრილი)

გაერთიანებული ოპოზიცია ბოიკოტში ვერ აღმოჩნდა ერთიანი: ოპოზიციის ლიდერთაგან დეპუტატობაზე უარი არ თქვეს გია თორთლაძემ, გია ცაგარეიშვილმა, პაატა დავითაიამ და ჯონდი ბაღათურიამ, „ქრისტიან-დემოკრატების“ ექვსკაციანი ჯგუფი კი პარლამენტში ორი კვირის თავზე, 20 ივნისს შევიდა.

VIII მოწვევის პარლამენტი - 2012 წლის 21 ოქტომბერი

VIII მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს 10:00 საათზე გაიხსნა. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი ესწრებოდნენ. სხდომაზე რეგისტრაცია 143-მა დეპუტატმა გაიარა.

ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე
ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე

რეგლამენტის შესაბამისად, პირველი სხდომა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე გაამახვილა ყურადღება და კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გამარჯვება მიულოცა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას აპირებდა:

„ბიძინა ივანიშვილს პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა. როგორც პირადად ჩემი, ასევე უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ევროკავშირი და ნატო მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები. იგივე შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და საგარეო საფრთხისგან ჩვენი დაცვის საკითხებზეც. მე ჩემს გუნდთან ერთად მსურს ვემსახურო ქართველ ერს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან. ყველას მოგიწოდებთ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს, რადგან ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, 2012 წ. ოქტომბერი
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, 2012 წ. ოქტომბერი

საქართველოს პრეზიდენტმა, რეგლამენტის შესაბამისად, სიტყვა მისცა უხუცეს პარლამენტის წევრს ივანე კიღურაძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უძღვებოდა.

პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ ასორმოცდაათივე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა:

„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.

ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს „ვფიცავ" და ხელი მოაწერეს ტექსტს. ფიცის დადების შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ, 88 ხმით, დავით უსუფაშვილი აირჩიეს.

„პარლამენტის მუშაობის დაწყებას დიდი პრობლემებით შევხვდით. ის, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ცივილიზებული ფორმით მიდის ურთიერთობა პოლიტიკოსებს შორის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იყო 1 ოქტომბრამდე. 1 ოქტომბრამდე საქართველოში მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი ძალადობა ოპოზიციაზე, თავისუფალ აზრზე, თავისუფალ მედიაზე, ამომრჩეველზე და ა.შ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ საარჩევნო მანიპულაციებს და პოლიტიკურ დევნას... ასევე უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული რჩება ბედის ანაბარა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი, 2012 წ. ოქტომბერი
დავით უსუფაშვილი, 2012 წ. ოქტომბერი

დეპუტატებმა ასევე აირჩიეს პარლამენტის ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა.

VIII მოწვევის პარლამენტის პირველსავე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანებაზე უარი თქვა ხუთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა: გოგი ლიპარტელიანმა (ლენტეხი), გოდერძი ბუკიამ (ხობი), კახა ოქრიაშვილმა ( დმანისი), ენზელ მკოიანმა (ნინოწმინდა), სერგო ხაბულიანმა (ცაგერი).

„ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატების გადასვლა „ქართულ ოცნებაში“ მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.

IX მოწვევის პარლამენტი - 2016 წლის 18 ნოემბერი

IX მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2016 წლის 18 ნოემბერს გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება:

გიორგი მარგველაშვილი, 2016 წლის 18 ნოემბერი
გიორგი მარგველაშვილი, 2016 წლის 18 ნოემბერი

„პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; ამასთან, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია. შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

IX მოწვევის პარლამენტმა პირველსავე სხდომაზე, 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია ირაკლი კობახიძე.

„პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ, ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ყველა ამ ამოცანის შესრულებაში პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება. საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის „წითელი ხაზების“ უმკაცრესი დაცვა. ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, 2016 წლის 18 ნოემბერი
ირაკლი კობახიძე, 2016 წლის 18 ნოემბერი

IX მოწვევის პარლამენტში შეიქმნა 5 ფრაქცია:

  • „ქართული ოცნება“ - 110 დეპუტატი, თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
  • „ქართული ოცნება მრეწველები“ - 6 დეპუტატი, თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 20 დეპუტატი, თავმჯდომარე ნიკა მელია
  • „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისათვის“ - 6 დეპუტატი, თავმჯდომარე ელენე ხოშტარია
  • „საქართველოს პატრიოტები“ - 6 დეპუტატი, თავმჯდომარე გიორგი ლომია

X მოწვევის პარლამენტი - 2020 წლის 11 დეკემბერი

X მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილიმა გახსნა:

„როგორც წარსულის ურთულეს პერიოდებში, ახლაც უნდა გამოვიყენოთ ერთობით და თანადგომით მტრის ძლევის ისტორიული პრინციპი. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ჩვენი მამოძრავებელი, რადგან აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა. ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. ძალიან ვწუხვარ, რომ ნაწილმა გარეთ დარჩენა აირჩია, რადგან პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა. იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა და იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება“.

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა გადაეცა პარლამენტის უხუცეს წევრს ვლადიმერ კახაძეს, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვა.

X მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 დეპუტატი ესწრებოდა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ შესულა. თუმცა პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

სხდომის მიმდინარეობისას, რუსთაველის გამზირზე, „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ ეზოში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „ლეიბორისტული პარტია“) ხელი მოაწერეს მემორანდუმს საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისა და საპარლამენტო სიების განულების შესახებ.

„ეს არის ისტორიული დღე, როდესაც ყველამ უარი უთხრა ძალაუფლების მიმტაცებელს [ბიძინა ივანიშვილს] გარიგებაზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.

X მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით აირჩიეს არჩილ თალაკვაძე.

„ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს - ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სტაბილურობას. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მზად არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG