სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ „დეზინფორმაციასა და პირად თავდასხმაზე“ აკეთებს აქცენტს და საჯაროდ პირველად ლაპარაკობს ეჭვზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან საქართველოს გადახვევას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის ოფისიდან კი ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ „განუხორციელებელი ამბიციების გამო“ სხვების დადანაშაულება ევროკავშირის მუშაობის შესახებ ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი ძირითადად მხოლოდ შეკითხვებს სვამენ აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით. მაგრამ ექსპერტებს საერთაშორისო პარტნიორებზე და მათ შორის - ელჩებზე ასეთი მასშტაბური შეტევა საქართველოს უახლესი ისტორიის არცერთ ეტაპზე არ ახსენდებათ. რადიო თავისუფლებასთან ისინი ურთიერთობების მიზანმიმართულ გაფუჭებაზეც აკეთებენ აქცენტს.
პასუხი ვაშინგტონიდან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა, 20 ივლისს გამართული ბრიფინგი საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით გახსნა, ვიდეოჩანაწერის ეს მონაკვეთი ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა და შემდეგ, ეს ვიდეო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეც გამოჩნდა.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს-
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას“;
-
„თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა თითქოს მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას“;
-
„ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
-
ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ. ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას“.
21 ივლისს თავად ელჩმა დეგნანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ „ვაშინგტონი კარგადაა ინფორმირერებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და დიდი ინტერესით ადევნებს თვალს ინფორმაციას აქ პროცესების განვითარების შესახებ“.
"ქართული ოცნება" ელჩზე თავდასხმას უარყოფს და იმავეში "რადიკალურ ოპოზიციას" ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ თალაკვაძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, რადიკალური ოპოზიცია გვაბრალებს
რას მოჰყვა ვაშინგტონის რეაქცია?
"უხეში ჩარევა"
ყველაზე ბოლო ხმაურიანი ამბავი, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის ელჩსა და საელჩოს დაუპირისპირდნენ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმარ ნიკა გვარამიას მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებს უკავშირდება.
„ქართული ოცნება“ არ დაკმაყოფილდა აშშ-ის ელჩის მიერ 15 ივლისს გაკეთებული განცხადებით, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს“ და დაჟინებით მოითხოვდა ამ ფაქტის უარყოფას ანდა პასუხისმგებლობის გაზიარებას სასამართლოს საქმიანობაში „უხეშ და უმძიმეს ჩარევაზე“.
20 ივლისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია“ ის ფაქტი, რომ ელჩმა დეგნანმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და არ უარყო მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდება.
- „ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს 20 ივლისს და იქვე მან, მედიის ცნობით, „საკანონმდებლო რეაგირების“ სავარაუდო საჭიროებაც ახსენა.
მანამდე, კობახიძემ ასევე თქვა, რომ „ფაქტი არის ძალიან მძიმე“, როდესაც მოსამართლე პირდაპირ ხელს ადებს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, დიპლომატს, რომელიც „ანგარიშს სთხოვს კონკრეტულ საქმეზე, შემდეგ სჯის და კონკრეტული ვიზიტის განხორციელებას უკრძალავს“.
ასევე ნახეთ კობახიძე: ამერიკის ელჩისგან ველოდით პასუხს, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლა არავის უკადრია ასევე ნახეთ წულუკიანი: მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებასმანამდე, 15 ივლისს, მოსამართლეს გამბედაობა მოუწონა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა და ფეისბუკში დაწერა, რომ მიესალმება „მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას“ და რომ პირველ რიგში სწორედ „მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ“, როცა „სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფის“ სიკეთეს „თავს ესხმიან“.
უკვე 20 ივლისს, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმაც შეუტიეს.
„ერთის მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც პროფესიული ღირსების და სოლიდარობის ნიშნად ასევე უარი თქვეს აღნიშნული ვიზიტით გამგზავრებაზე“, - წერენ ერთობლივ განცხადებაში ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი.
19 ივლისს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ, სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად, არც აშშ-ს დაუმალავს წუხილი გვარამიას საქმის „დროულობასა და ბრალდებებზე“. „ეს არ არის ის, რაც ჩვენ საიდუმლოდ გავაკეთეთ, ეს იყო საკმაოდ საჯარო, ნორმალური რაღაც. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - განმარტა ელჩმა.
არეულობა, ომში ჩართვა, „ბაკურიანის ცნობილი შეხვედრა“
მართალია, "ქართული ოცნება" ელჩის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებებით არ გამოდის, მაგრამ მისი პოზიციები, ექსპერტების შეფასებით, ნათლად იკითხება "კონფრონტაციული ტონით" დასმულ შეკითხვებსა თუ ირიბ განცხადებებში და ასევე, მრავლისმთქმელია ხელისუფლების რეაქციები აფილირებული პირებისა თუ მხარდამჭერი ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერებსა და მათ შორის - ირაკლი კობახიძეს, საპირისპირო არაფერი უთქვამთ მაშინ, როცა Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება, როგორც საქართველოს ომში ჩართვის სცენარის ნაწილი, ცალკეულმა პირებმა თუ ჯგუფებმა პირდაპირ აშშ-ს დააბრალეს.
ასევე ნახეთ ფული, ომი და პოლიტიკა - ვის და რატომ ბრალდება ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება? ასევე ნახეთ კობახიძე ივანიშვილის ბანკთან დავაზე: ადგილი აქვს "კოორდინირებულ ქმედებებს", მიზანი შესაძლოა, ომში ჩართვა იყოსექსპერტებისთვის აშკარაა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ნააზრევს გადმოსცემენ „ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული სამი დეპუტატი და ასევე მათ გზაზე დამდგარი არაერთი საკრებულოს წევრები, რომლებმაც ასევე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეუტიეს.
მიზეზი იყო ის, რომ ელჩმა ოცნებიდან წასული დეპუტატ ყაველაშვილის წერილს „ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით“ სავსე უწოდა და თქვა, რომ „ტყუილია, რომ თითქოს აშშ-ს ან ვინმეს ომისკენ მიჰყავს საქართველო“.
- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ ელჩმა დაარღვია დიპლომატიური სტანდარტი და პარლამენტისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როცა მიხეილ ყაველაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან კელი დეგნანის წინააღმდეგ განსაკუთრებით მიხეილ ყაველაშვილო აქტიურობს და მან ინტენსიურად დაიწყო ბრალდებების შემცველი განცხადებებისა და შეკითხვების დასმა.
თავის ცნობილ წერილში დეპუტატი აღნიშნავს, რომ ელჩი დუმდა - სხვადასხვა იმგვარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ომში ჩართვის რისკებს ზრდიდა და პერიოდულად რევოლუციისა და საქართველოს ომში ჩართვის რისკების წამახალისებელ პროცესებსაც ღიად უჭერდა მხარს. კელი დეგნანს უხსენეს „ბაკურიანის ცნობილი შეხვედრაც“, რომელსაც „ოცნება“ წარმოაჩენს რევოლუციური სცენარის ნაწილად, რომელიც, მათი განმარტებით, საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდება.
ასევე ყაველაშვილს ეკუთვნის მრავლისმთქმელი შეკითხვა - „ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?“ და „ხომ არ მოსთხოვეს მას [ივანიშვილს] რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა“.
- ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ელჩისგან პასუხს ირაკლი კობახიძეც ელოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, არ იცის, რატომ დასვა ეს შეკითხვა ყაველაშვილმა. მანამდე „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ შესაძლოა გარკვეული ძალები, ტრანზაქციების დაბლოკვით, ზეწოლას ახდენდნენ ივანიშვილზე, რომ ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ჩართოს საქართველო ომში.
კელი დეგნანმა 21 ივლისს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია და როცა კი შეხვედრია, „არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, რაც მარტივია, მე დიპლომატი ვარ და, შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე“.
დასავლელ პარტნიორებზე და, კერძოდ, ელჩებზე განხორციელებული შეტევის ფართო ფრონტი კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს უჩენს განცდას, რომ საქართველო რუსეთისკენ იხრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თანაავტორობით სამი სახელმძღვანელო აქვს შექმნილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავად კობახიძე „პრორუსი“ არ ჰგონია, მაგრამ მისი და „ოცნების“ სხვა ლიდერების განცხადებები ყოველ ჯერზე აშფოთებს.
„სტრატეგიულ პატნიორებთან, როგორიც არის აშშ-თან, ევროკავშირთან თუ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთან, ლექსიკა და ტონი უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა... ძალიან ვარ გაღიზიანებული სიტუაციით, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, რომელიც გვავალდებულებს ჩვენ, რომ წავიდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ...
მაგრამ შერჩეული კურსი, ტონი და ურთიერთობის შინაარსი დასავლელ პარტნიორებთან, რაც მათ ["ქართული ოცნების" ლიდერებს] აქვთ არჩეული, ძალიან დიდ ეჭვებს ჰბადებს... ისე ჩანს, რომ გადაიხარა მათი მოქმედებების ვექტორი რუსეთისკენ... არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ყოველი ახალი გამოსვლით [განცხადებით] თითქოს უნდათ, რომ დამაჯერონ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ავთანდილ დემეტრაშვილი.
ასევე ნახეთ "ყველა ზომა" ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის - რა შემთხვევაში ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?ავთანდილ დემეტრაშვილს წარმოდგენაც კი არ უნდა, „რა ჭაობში“ აღმოჩნდება საქართველო, თუკი აშშ და ევროკავშირი მის დაფინანსებას შეწყვეტენ.
პასუხი ბრიუსელიდან
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩ კარლ ჰარცელს და იქვე აღნიშნავს, რომ განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მიუთითებს ცოდნის ნაკლებობაზე - თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი. სტანომ განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.
ასევე ნახეთ სტანო: რეფორმები საშინაო დავალებაა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს ასევე ნახეთ დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელის მისამართით გაკეთებული კომენტარებით
ეს განცხადება მოჰყვა, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს - საქართველოში ევროკავშირის ჯერ ისევ მოქმედი ელჩის, კარლ ჰარცელის წინააღმდეგ.
- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კრიტიკისგან თავს იკავებდნენ ელჩის ვადის ამოწურვამდე და იმის გამოც, რომ „ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში“. თუმცა ამიერიდან თავის შეკავება აღარ არის საჭირო და „თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“.
- პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი თქვა, რომ ელჩს უკეთესად უნდა ემუშავა, მათ შორის - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხითაც.
ელჩის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები სწორედ იმ დროს გაკეთდა, როცა საქართველოს, მნიშვნელოვანი მისიით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. ევროკავშირის სტრუქტურასთან - ევროპარლამენტთან „ქართულ ოცნებას“ ცალკე პრეტენზიები აქვს და 9 ივნისს, ევროპელი დეპუტატების მიერ მიღებულ რეზოლუციას „შეურაცხმყოფლად“ მიიჩნევს.
ასევე, ევროპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფს „ოცნება“ განიხილავს საქართველოში რევოლუციური სცენარისა და შემდეგ უკვე - ომში ჩართვის სცენარის ხელშემწყობად.
ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, საქართველო ომის შემთხვევაში გარანტირებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს„ოცნების“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები, რომლებმაც პარტია დატოვეს, ხშირად ლაპარაკობენ კავშირზე საქართველოს ომში ჩათრევის მიზანსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის.
- 6 ივლისს, „პირველი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება დეკემბერში ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“.
- „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების თქმით: „კანდიდატის [სტატუსის მინიჭების] თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს“ და „ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო“.
ამ ყველაფრის ფონზე, "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები უცვლელია და ყველაფერი გაკეთდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასევე ნახეთ მადლობას გიხდით წარმატებული საქმიანობისთვის - NGO-ების ერთობლივი წერილი კარლ ჰარცელსსაერთაშორისო პარტნიორებთან მზარდი დაპირისპირებისა და ელჩების მიმართ „ფრონტის გახსნის“ ფონზე ისტორიკოსი ბექა კობახიძე „დასავლეთისგან მაქსიმალური დისტანცირების“ მიზანმიმართულ გეგმასა და მკაფიო მესიჯს ხედავს - რომ თბილისი „აღარ მიიღებს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორებისგან და აღარ მოუსმენს მათ ელჩებს“.
„...რომ დასავლეთმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს ლაპარაკი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და მიიღოს საქართველო აზერბაიჯანის ან ცენტრალური აზიის მსგავს ქვეყნად, რომელთანაც მსგავსი ამბიციები ევროკავშირსა და აშშ-ს არ აკავშირებს და რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ასე - „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, არსებობდნენ საელჩოები, წარმომადგენლობები, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ჩუმად ისევე, როგორც მზარდი ავტორიტარიზმის ქვეყნებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბექა კობახიძე.
ის ამბობს, რომ „დასავლეთს ჯერ არ დაუწყია კონფრონტაცია საქართველოს ხელისუფლებასთან“, მაგრამ „ყველაფერი აქეთკენ მიჰყავს საქართველოს ხელისუფლებას“.