აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას უთხრა, რომ ის შოკირებული იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული კომენტარების მოსმენით. მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია სხვა ადამიანი, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მეტი აქვს გაკეთებული.
"ნამდვილად შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელის მისამართით ამ კომენტარების მოსმენისას. ეს ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელად წარმოსადგენია ვინმე, ვისაც მეტი გაუკეთებია აქ მუშაობის განმავლობაში, საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რის გაკეთებასაც ის ასე მონდმებით ცდილობდა საქართველოს დასახმარებლად. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე და აღიაროს ელჩი ჰარცელის მიერ საქართველოში ყოფნის პერიოდში შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან მშვენიერი გზავნილი დაუტოვა საქართველოს ხალხს და ისაუბრა, თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა. ვფიქრობ, ეს არის საქართველოში ელჩ ჰარცელის საუკეთესო მემკვიდრეობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
20 ივლისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ „მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.
ამავე დღეს პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.
21 ივლისს, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწემ პიტერ სტანომ ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩს კარლ ჰარცელს და აცხადებს, რომ საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი.