პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან იმ ბრალდებების უარყოფას ელოდა, რომლის შესახებ საელჩოს მისამართით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ელჩის მხრიდან უარყოფა არ მოუსმენია, რაც მისი სიტყვებით ძალზედ შემაშფოთებელია.
„თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის ჯანსაღი მოვლენა, სასამართლო არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, ამ ინსტიტუტს წარმოადგენენ მოსამართლეები და შესაბამისად, ისინი როცა თავს იცავენ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, ველოდებოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა: „მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
15 ივლისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.