Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი სამი წევრი აშშ-ის საელჩოს ბრალდებებს უყენებს


ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი
ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი

სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდებებს უერთდებიან.

„მნიშვნელობა არა აქვს ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ამისდა მიხედვით გარკვეული გრადაცია და რაღაც ხათრის თუ თავშეკავების გამოჩენა, ჩანასახშივე ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას“, - წერენ ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი ერთობლივ განცხადებაში.

საბჭოს ყოფილი წევრები სოლიდარობას უცხადებენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი მას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა და ელჩის სახელით, გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ აშშ-ში სასწავლო პროგრამით აღარ გაემგზავრებოდა.

„აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორეს მხრივ, კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ“, - აცხადებენ ხარებავა, ქადაგიძე და გზირიშვილი.

ისინი, ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ჩართული აშშ-ში ქართველი მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. მათივე თქმით, მოსამართლეებს პირდაპირ უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები, ხშირ შემთხვევაში, კევინ ბურკი. განცხადების თანახმად, საბჭო არც საქართველოში გამართული სამუშაო შეხვედრების ან ლექცია-სემინარების თემების, ექსპერტ თუ მონაწილე მოსამართლეთა სიის განსაზღვრაშია ჩართული.

„არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რასაც წლების განმავლობაში ა.შ.შ.-ს სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა“, - წერია განცხადებაში.

იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები მიიჩნევენ, რომ კანონით მკაცრად უნდა მოწესრიდგეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლეთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს.

„უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, - აცხადებენ ისინი.

ლაშა ჩხიკვაძემ „რუსთავი 2"-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა: „მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".

15 ივლისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG