საქართველოს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას და ამბობს, რომ მიესალმება „მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას“.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.
ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.
ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის......“,- წერს ორაზროვნად თეა წულუკიანი და მოსამართლის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს.
საქმე ეხება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია აშშ-ის საელჩოსთან მოსამართლის კომუნიკაციაზე.
ლაშა ჩხიკვაძე წერს, რომ საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა "არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული" იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.