Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას მოსამართლე: აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მომთხოვა


ლაშა ჩხიკვაძე, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე
ლაშა ჩხიკვაძე, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე

"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის მიმღები მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა პირი მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს. წერილში, რომელსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2", ანუ ამ საქმით დაინტერესებული ერთ-ერთი მხარე ავრცელებს, საუბარია აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციაზე.

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ", - წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ წერილში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს. მან თქვა, რომ სასამართლო სხდომაზე იყო და საუბარს ვერ შეძლებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG