- რა სანქციები დააწესა დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაჩერებლად დღემდე, რომელ სანქციებს არ უერთდება საქართველო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების მიხედვით?
- რა სანქციებს შეუერთდა საქართველო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მიხედვით?
- რა განსხვავებაა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესრულებასა და მათთან შეერთებას შორის?
- რა საფუძველი აქვს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს სპეცსამსახურების წინააღმდეგ და რას პასუხობს საქართველო?
არ ვუერთდებით, ზოგს ვასრულებთ? - რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას
პირველი განცხადება სანქციებზე უარის თქმის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს გააკეთა და შემდეგაც, ბევრჯერ გაიმეორა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, სანქციების დაწესება "ქართველი ხალხის ინტერესებს" ეწინააღმდეგება, რუსეთთან ომის გამოცხადების ტოლფასია და ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯისკენ ქვეყანას "ომის პარტია" - ოპოზიციური ძალები უბიძგებენ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ამორალურ" პოზიციად შეაფასა და ქვეყნიდან ელჩი გაიწვია.
აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მრავალჯერ მიანიშნეს, რომ აკვირდებიან ვითარებას, რათა რუსეთმა არ გამოიყენოს ე.წ. შავი ხვრელები მათ მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
31 მარტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა - პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვეს, რომ საქართველო ასრულებს დასავლეთის ფინანსურ სანქციებს. პრემიერ-მინისტრს თავის განცხადებებში საფინანსო სანქციები არასოდეს უხსენებია.
„ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო საფინანსო სანქციაში და ეს რაღაც განსაკუთრებულია საქართველოს საფინანსო სექტორისთვის... ამავე დროს, ჩვენ [საქართველო] შევუერთდით ყველა საერთაშორისო რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხადასაჭერად იქნა მიღებული... ჩვენ [უკრაინასთან ერთად] გვაქვს რუსეთის აგრესიის ორსაუკუნვანი ისტორია და ჩვენ ვიცით, ეს რა არის“, - ასეთი პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში დასმულ შეკითხვას - რატომ იკავებს თავს „ქართული ოცნება“ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე?
პრეზიდენტი ცდილობდა წამყვანისთვის, კრისტიან ამანპურისთვის აეხსნა, რომ შექმნილი შთაბეჭდილება და შეფასებები, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს, „გადაჭარბებულია“ და კონტრასტს მისი და მთავრობის განცხადებებს შორის, შესაძლოა ქმნის „ლექსიკა, რომელსაც მთავრობა იყენებს“.
იმავე დღეს, 31 მარტს, საქართველოს მიერ საფინანსო სანქციების შესრულებას ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა მაშინ ჯერ კიდევ მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც აშშ-ის ელჩის პოსტზე აგრძელებს მუშაობას.
„სრულად ვართ შესაბამისობაში ფინანსურ სანქციებთან, რომელსაც აწესებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ საქართველო თავის ვალდებულებებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს“, - თქვა ზალკალიანმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ასევე ნახეთ ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ასევე ნახეთ კარასინის თქმით, სანქციების შესახებ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება"საქმიანობა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისად რომ დაიწყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ თებერვლის მიწურულს განაცხადა თავად ეროვნულმა ბანკმა.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ [რუსეთისთვის დაწესებული] სანქციების გვერდის ავლას“, - წერია ეროვნული ბანკის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დროში ემთხვევა „ვითიბი“ ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ფინანსური სანქციები
ფინანსური სანქციები რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვანძო პაკეტია.
- სანქციები დაუწესდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ასევე SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს მრავალი რუსული ბანკი.
- ყადაღა დაადეს რუსეთის ოქროსა და უცხოური ვალუტის რეზერვის თითქმის ნახევარს.
- აკრძალეს ევროსა და დოლარის ბანკნოტებზე ხელმისაწვდომობა.
- რუსეთისთვის შეიზღუდა ხელმისაწვდომობა მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რესურსებზე.
არასანქცირებული ბანკებიდან გადარიცხვები კვლავ არის შესაძლებელი, თუმცა რუსეთმა გარკვეული აკრძალვები საკუთარ მოქალაქეებს თავადაც დაუწესა.
იმის გამო, რომ რუსული VTB ბანკი სანქცირებულთა სიაშია, სანქციები გავრცელდა საქართველოში მოქმედ მის ფილიალზე - "ვითიბი ბანკი ჯორჯიაზეც" და დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები მასაც შეეზღუდა. საბოლოოდ,"ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ფიზიკური პირების, მეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება "ბაზისბანკის" ხელში გადავიდა; ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესმეანაბრეებისა და მსესხებლების მომსახურება - „ლიბერთი ბანკმა" გადაიბარა.
მას შემდეგ, რაც ხმაური გამოიწვია რუსეთის საგადახადო სისტემა "MIR"-ის საქართველოში შესაძლო გამოყენების რამდენიმე ფაქტმა, ეროვნულმა ბანკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ სისტემას „საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება“.
ხოლო თუკი რომელიმე ქართული კომპანია საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანიის მომსახურებით ისარგებლებს, ეროვნული ბანკის ცნობით, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონიც; ეს განიხილება „როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა“ და მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას, ის "დაუყოვნებლივ მოახდენს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას".
ასევე ნახეთ "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებიდან რუსული "Мир”-ი ამოიღორა ფინანსური ოპერაციებია შესაძლებელი ან შეზღუდული დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის?
ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ:
- "თუ გადმომრიცხავი/მიმღები პირი/ფინანსური ინსტიტუტი არ არის სანქცირებული, ოპერაციების წარმოება შეზღუდული არ არის".
- "ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ყველა ფინანსური ინსტიტუტი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ვალდებულია შეაფასოს, ხომ არ არის სანქციების გვერდის ავლის მცდელობა და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელოს ტრანზაქცია".
- შესაძლებელია "თანხის გადარიცხვის ოპერაციის განხორციელება, მათ შორის, ფულადი გზავნილის სისტემით".
- "შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის რეზიდენტის მიერ განხორციელდეს თანხის გადმორიცხვის ოპერაცია (მათ შორის, საქართველოში)".
- "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ტრანზაქციების მოცულობაზე დამატებითი ლიმიტი დაწესებული არ არის. თითოეული ფინანსური ინსტიტუტი მოქმედებს საკუთარი პოლიტიკა/პროცედურების და რისკის (risk appetite) გათვალისწინებით".
ეკონომისტები და საფინანსო სფეროს ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბანკები ბიზნესმენების (იმპორტიორების, ექსპორტიორების) სასაქონლო დოკუმენტაციას (ინვოისს, კონტრაქტს და სხვა) ზედმიწევნით სწავლობენ და დიდ სიფრთხილეს იჩენენ, ყოველი კონკრეტული ტრანზაქციისას. როგორც ერთ-ერთ ბანკში გვითხრეს, შექმნილ ვითარებაში, ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდება.
ასევე ბანკში გვითხრეს, რომ თანხა ირიცხება არა რუსულ რუბლში, არამედ უცხოურ ვალუტაში შესაბამისი ეკვივალენტით და 30 000-დოლარიანი შეზღუდვაა დაწესებული მხოლოდ ინტერნეტბანკინგით სარგებლობის შემთხვევაში.
„დოლარის გადარიცხვა ამერიკული ბანკის საშუალებით ხდება, ევროსი - გერმანული ბანკის. თუკი სანქცირებული გადარიცხვა ხდება, ავტომატურად სისტემა დაბლოკავს და ფული ვერ მივა ადრესატამდე და მაქსიმალურად ვართ დაზღვეული მსგავსი შემთხვევებისგან. რომ იტყვიან, გადარიცხვის პროცესი ათას ფილტრში ტარდება, ამ მხრივ მე კითხვები არ მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ მშვიდად ვარ“, - ეუბნება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე რადიო თავისუფლებას.
რადგან საქართველოს მაინც უწევს სანქციებით დადგენილი აკრძალვების გათვალისწინება და შესრულება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაუგებარი და გაუმართლებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სანქციებზე საჯაროდ ნათქვამი კატეგორიული უარი.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს ასევე ნახეთ კობახიძე: პრემიერის ფრაზას [უკრაინის დასჯაზე] ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემაპირდაპირი ფრენები და ცის დახურვა
კიდევ ერთი მიმართულება, სადაც, ექსპერტების აზრით, საქართველო ფაქტობრივად დიდწილად მიერთებულია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, ეს რუსეთთან ავიამიმოსვლაა, რადგან 2019 წლიდან, თავად რუსეთის ინიციატივით, აიკრძალა პირდაპირი ავიარეისები და მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ჩარტერული და არაპირდაპირი რეისებით ხდებოდა.
Georgian Airways-ი აცხადებს, რომ 2019 წლის ივლისიდან არ ახორციელებს პირდაპირ რეისებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ჩაუკეტეს ცა და აეროპორტები რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავებს და ასევე აკრძალეს რუსეთისთვის თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვა და გადაცემა.
რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი სანქციაა, რადგან, საერთაშორისო სტატისტიკით, რუსეთის კომერციული საავიაციო პარკი 75%-ით სწორედ დასავლეთზეა დამოკიდებული. რუსეთმა თავის მხრივ გადაწყვიტა, რომ სალიზინგო თვითმფრინავები არ დაუბრუნოს დასავლურ კომპანიებს და შიდა ფრენებისთვის მოიხმაროს; მაგრამ ტექნიკური განახლების შესაძლებლობის არარსებობა საეჭვოს ხდის ამ თვითმფრინავების უსაფრთხოებას.
საქართველოს არ აქვს დახურული რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის თავისი საჰაერო სივრცე.
ხელისუფლების ოპონენტები იზიარებენ მოსაზრებას, რომ რუსეთის სამოქალაქო რეისებისთვის ცის ჩაკეტვით შესაძლოა დაზარალდეს, მაგალითად, სომხეთის ინტერესები, მაგრამ - ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ რეგულარული ავიარეისების განახლებას, თუკი ასეთი საკითხი დღის წესრიგში დადგება.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობსრუსეთის პრემიერ-მინისტრმა 4 აპრილს გამოაცხადა, რომ პანდემიის გამო შეზღუდული პირდაპირი ავიამიმოსვლა 9 აპრილიდან განახლდება 52 მეგობარ ქვეყანასთან. საქართველო გამოქვეყნებულ ჩამონათვალში არ არის.
"ჯეოქეისის" მკვლევარმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ დრომდე მისთვის არ არის ცნობილი დამაჯერებელი ფაქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას დაადასტურებდა.
რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება-აღდგენას, ექსპერტის აზრით, „ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს საქართველომ“.
„ცხადია, რომ რუსეთი ჩვენს გამო არ გააკეთებს არაფერს და თუ რამეს გააკეთებს, ისევ საკუთარი ინტერესებით იმოქმედებს. ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის გამო რუსეთს არასოდეს მიუღია გადაწყვეტილებები. ახლა რუსეთის ინტერესებშია სანქციების გვერდის ავლისთვის ყველა გზის გამოყენება, ჩვენი ჩათვლით... კარგი, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ ხელშემწყობი არ უნდა გავხდეთ“, - გვეუბნება გიორგი აბაშიშვილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ ასევე 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილება ავიარეისების განახლება საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს განცხადება სკანდალური ბრალდების გამო მოექცა ყურადღების ქვეშ. იქ წერია, რომ "სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, ხოლო „საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მტკიცებულებებს ითხოვს.
ასევე ნახეთ სუსი უკრაინას სთხოვს კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებები გამოუგზავნოს ასევე ნახეთ ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ კონტრაბანდული იარაღის გადატანას - უკრაინის ვიცე-პრემიერი„შავი ხვრელები“
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის განცხადება უკავშირდება რუსეთში ორმაგი (სამხედრო/სამოქალაქო) დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც აშშ-ს, ევროკავშირსა და ბრიტანეთს აქვთ დაწესებული. ეს სანქცია ითვალისწინებს, სხვათა შორის, სამანქანო ნაწილების შეტანის აკრძალვას რუსეთში, რის გამოც რუსეთი ვერ მოახერხებს, მაგალითად, უკრაინასთან ომში დაზიანებული ტანკების შეკეთებას ან ახლის წარმოებას.
უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების სანქცირებული საქონელი შევა რუსეთში.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი საქართველოზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს ასევე ნახეთ წულუკიანის განცხადებით, უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული „კრიმინალების ნაკრძალად"„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ბრალდების უკან ოპოზიციის და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას ხედავენ. უმრავლესობაში ახსენეს უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ ახლახან დანიშნული გია ლორთქიფანიძეც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და რომელიც პასუხისგებაშია მიცემული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა5 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განმარტა, რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებული ბრალდება გაავრცელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ და არა იმ სამსახურმა, სადაც გია ლორთქიფანიძე მუშაობს. ამასთან, დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ უკრაინაში, სადაც ახლა „წარმოუდგენელი გენოციდი ხდება“, ვინმეს სცალია „საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის“.
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე: უკრაინის ბრალდება უნდა გადამოწმდეს, თუ არ დამტკიცდა, ბოდიში უნდა მოიხადონსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიმართლის დასადგენად და საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება როგორც ბრალდების დამტკიცება, ასევე ისიც, თუკი ბრალდების უსაფუძვლობა სათანადო დამაჯერებლობით არ დადგინდება.
ფხალაძე გვეუბნება, რომ ამ საკითხში აუცილებელია საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ჩართვა, შესაძლოა უცხოელი ექსპერტების მოწვევაც და ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.
ასევე ნახეთ საფრანგეთის ელჩი: იმედი გვაქვს, საქართველოში არ შეიქმნება "შავი ხვრელები" რუსეთის სანქციებისთვის
სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარების შესახებ ვარაუდები პირველად არ ვრცელდება.
მარტის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასერიოზულად აღიქვეს აშშ-ის მოქალაქის, პოლიტოლოგ და ჟურნალისტ იური შვეცის სიტყვები. КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მაშინ ლაპარაკობდა ე.წ. გადაფუთვის პრაქტიკაზე, როცა, მაგალითად, ერთი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია მეორე ქვეყნის ეტიკეტით იყიდება.
6 მარტს გამოქვეყნებულ მორიგ ვიდეობლოგში შვეცი ამბობდა, რომ, აშშ-ის ინფორმაციით, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა „საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს კრემლთან, მოსკოვთან და დათანხმდნენ დახმარებაზე - დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას“ და გაგრძელდება „მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით“ საქართველოსთან „მჭიდრო კონტაქტში ყოფნა“.
ნედ პრაისმაც ზოგადად, კონკრეტული მაგალითის გარეშე გაიმეორა, რომ საფასურის გადახდა მოუწევთ ქვეყნებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ეცდებიან მხარი დაუჭირონ კრემლს და მის საომარ მოქმედებებს უკრაინაში - ფინანსური ან სამხედრო თვალსაზრისით.
ვაჭრობა
ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვანწილად აქვთ შეზღუდული, მაგრამ არა სრულად.
საუბარი არ არის კვების პროდუქტების სრულ სპექტრზე, თუ არ ჩავთვლით - აშშ-ის მიერ ხიზილალისა და არყის იმპორტის აკრძალვას.
- ევროკავშირმა აკრძალა მეტალოპროდუქტების იმპორტი და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად შეთანხმდა, რომ რუსეთში აღარ გაიყიდება ავტომობილები, მათი სათადარიგო ნაწილები თუ ძვირფასი ტანსაცმელი.
- აშშ-ს აკრძალული აქვს რუსული ნავთობის შესყიდვა და ლიეტუვამ უარი თქვა რუსულ გაზზე, თუმცა - ამ მხრივ ჯერ ერთიანი პოზიცია არ არსებობს. 5 აპრილს ევროკავშირის მიერ გახმაურებული სანქციების ახალი ნაკადი დამატებით შეზღუდვებს აწესებს არაერთი მიმართულებით და მათ შორის - იზღუდება ქვანახშირის შესყიდვაც.
საქართველოში ხმაური მოჰყვა ხელისუფლების მზადყოფნას, რომ ეკონომიკური მოგების მიზნით, ნებართვის შემთხვევაში, უარი არ თქვას სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მაგალითად - რძისა და ყველის შეტანაზე რუსეთში. საბოლოოდ უარი თავად კომპანიებმა თქვეს, მაგრამ, ექსპერტების განმარტებით, რუსეთთან საკვები პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი თავისთავად არ ეწინააღმდეგება სანქციებს, არც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და მისი განხილვა მხოლოდ მორალურ განზომილებაში შეიძლება.
დაბოლოს - სანქცირებული პირები
ექსპერტებს წინასწარ უჭირთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო, თუკი საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს რომელიმე, რუსეთის იმ 1000-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებსაც დასავლეთმა ინდივიდუალური სანქციებიც დაუწესა და საზღვარგარეთ არსებული ქონებაც დაუყადაღა. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ოლიგარქები და კრემლის პროპაგანდისტი ანალიტიკოსები თუ ჟურნალისტები.
ასევე ნახეთ „მეგობრებო, საქართველო განიკურნა!" - RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიყოველ ჯერზე, როცა საქართველოს მოქალაქეები არასასურველ სტუმრებს - გავრილოვსა თუ პოზნერს მწვავე პროტესტით ხვდებოდნენ, ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტუმარს არ ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ახალ სანქციებში შესული პირების უმეტესობას უკრაინის ნაწილის ოკუპაციის და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხელშეწყობის გამო აქვს დაწესებული შეზღუდვები.