Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანის განცხადებით, უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული „კრიმინალების ნაკრძალად"


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა უკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარების საკითხს.

„მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა, ძვირფასო კოლეგავ, მინდა, გჯეროდეთ და გარწმუნებთ, საქართველოს საზღვრები კონტროლდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეს საზღვრები კონტროლდება სწორედ იმისთვის, რომ ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების მასალა თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს ჩვენს საზღვრებზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი. ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ, სამწუხაროდ, უკრაინა, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს. ითანამშრომლონ არა ჩვენგან გაქცეულ რადიკალურ ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან საქართველოს ხალხი და მის მიერ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძალიან ერთგული მეგობარი", - განაცხადა წულუკიანმა.

ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღეს, 5 აპრილს, უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG