უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას, რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ, ასობით ათას ადამიანს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით“, - თქვა ირინა ვერეშჩუკმა.