საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს. მან სწორედ ამით და ქართველი ხალხის ინტერესებით ახსნა მიზეზები, რატომ არ უერთდება საქართველო საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინასთან ომის დაწყების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში.
"ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას. მინდა რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი, რომელზეც მოგახსენეთ, ომის შემდეგ ყოველ წელს დაჟინებით მუშაობდა, მაგრამ ვერ მიაღწიეს.
2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია ჯამში 2 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტი შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი - ეს ყველაფერი გახსოვთ, რომ დაკეტილი იყო. გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს, საკუთარ, ქართველ კაცს, რომელიც არის ღვინის სამშობლო და აკვანი, ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ.
ამის შემდეგ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1 მლნ ქართველი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვები შეადგენს დაახლოებით 500 მილიონს. ანუ ჯამურად ბოლო წლებში 3 მილიარდი გადმორიცხა.
ჯამურად რომ მოვთვალოთ, ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ამ ბოლო 8 წელიწადში. ამიტომ მე კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკონომიკას. დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ გადმორიცხავს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემია. პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების", - თქვა პრემიერმა.
მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.