Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეგობრებო, საქართველო განიკურნა!" - RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი


მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი

რუსეთის პროპაგანდისტული, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„მეგობრებო, საქართველო განიკურნა!" - წერს სინონიანი ღარიბაშვილის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.

22 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რაც "ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". სანქციების დაწესებას ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

სანქცია ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას მოიცავს.

სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა მარგარიტა სიმონიანი. მისი სარედაქციო პოლიტიკა ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტების ქმედებების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას ემსახურება.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

XS
SM
MD
LG