Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - ირაკლი ღარიბაშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით" ხნის.

"როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი, რომ მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას - მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა. მან ამ საკითხზე მედიასთან შესაბამისი კითხვის გარეშე, თავის ინიციატივით ისაუბრა.

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინაზე თავდასხმის გამო. სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროების წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება 24 თებერვალს, გვიან ღამით მიიღეს.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ფინანსური სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო სისტემის და სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის თავდაცვის სფეროს საწარმოთა 70%-ის წინააღმდეგ.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, 24 თებერვალს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმაც.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG