Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი საქართველოზე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით. უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

"ჩვენი შეფასებით ეს არის ტყუილი, ვინაიდან არც მტკიცებულება წარმოდგენილა, რომ რაიმე ასეთი რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ მოველით განმარტებებს უკრაინის შესაბამისი სტრუქტურებიდან.

ასეთ მდგომარეობაში ასეთი დეზინფორმაციული განცხადებების გაკეთება არ არგებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და სამწუხაროა, რომ ამ მომენტში ხდება ასეთი ინფორმაციების გავრცელება", - თქვა პაპუაშვილმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG