Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ენმ-ის წევრებზე: უკრაინას არ წაადგება ხელისუფლებაში ეს ადამიანები იმ მძიმე ვითარებაში


მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აბსურდს უწოდებს უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქციის გატარების შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში არიან საქართველოს "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები, ალოგიკური ნაბიჯები ბუნებრივია.

"ეს ადამიანები ყველგან რევენ, სადაც კი შეუძლიათ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამაში აქვთ წვლილი, ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა დღესაც არიან...

რა თქმა უნდა, როგორც ორმხრივი ურთიერთობისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი სტაბილურობისთვის, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა. რაც სამწუხაროდ უკრაინას არ წაადგება იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც დღესაც არის", - თქვა კობახიძემ.

მან ამ კონტექსტში დაასახელა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.

„საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა ტვ „ფორმულის“ ეთერში და დაამატა: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?“

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG