Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს


ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში 24 მარტს გამართული შეხვედრის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მსჯელობის შემდეგ, დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნა შემაჯამებელი დოკუმენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ.

მასში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სამოქალაქო მოსახლეობაში მასობრივად იწვევს მსხვერპლს. რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის საავადმყოფოებს, სკოლებს და თავშესაფრებს. ევროპული საბჭოს განცხადებით, ეს სამხედრო დანაშაული დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, დამნაშავეებს კი პასუხი მოეთხოვებათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ევროპული საბჭო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები და ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპული საბჭო უკრაინას და მის ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ არჩევანს.

ევროკავშირი კოორდინირებულად გააგრძელებს უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

ევროპული საბჭოს თანახმად, ევროკავშირმა აამოქმედა მნიშვნელოვანი სანქციები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს რუსეთსა და ბელარუსზე. ევროკავშირი კვლავაც მზად არის დახუროს ხვრელები და სწრაფად გადავიდეს შემდგომ, კოორდინირებულ მკაცრ სანქციებზე, რათა ეფექტურად შეუშალოს ხელი რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელებას. ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, შეუერთდნენ ამ სანქციებს და აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა.

ევროპული საბჭოს დოკუმენტში საუბარია უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე ჰუმანიტარულ, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში, როგორც ახლა, ასევე რუსეთის შეტევის დასრულების შემდეგ ქვეყნის აღსადგენად. ამ მიზნით, ევროპული საბჭო ქმნის სოლიდარობის ფონდს და მასში მონაწილეობისთვის იწვევს ყველა საერთაშორისო პარტნიორს.

დოკუმენტი სრულდება იმით, რომ ევროპული საბჭო ადასტურებს მოლდოვის და მისი ხალხის მხარდაჭერისადმი ერთგულებას.

  • მოლდოვამ და საქართველომ 3 მარტს წარადგინეს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. მანამდე, 28 თებერვალს ეს უკრაინამ გააკეთა.
  • საქართველოს მთავრობა "ქვეყნის და ხალხის ინტერესების" მოტივით უარს ამბობს შეუერთდეს უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ 24 თებერვლის შემდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციებს.

XS
SM
MD
LG