Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარამხანა, ფსბ-თან მეგობრობა, კორუფცია და მკვლელობები. კადიროვის ოჯახი და ვერტიკალი


რამზან კადიროვი მეუღლე მედნისთან და შვილებთან ერთად. საარქივო ფოტო. წყარო: ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალური ტელეგრამის არხი
რამზან კადიროვი მეუღლე მედნისთან და შვილებთან ერთად. საარქივო ფოტო. წყარო: ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალური ტელეგრამის არხი

მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ გახდა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ერთპიროვნული მმართველი და რა დანაშაულები ჩაიდინა მან მმართველობის 20 წლის განმავლობაში.

საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა „პროექტმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 2,5-საათიანი ფილმი და ვრცელი სტატია (ფილმის ტექსტური ვერსია), რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი კადიროვების კლანის როგორც აღზევება, ასევე დანაშაულებრივი საქმიანობა - ოპონენტებისა და თანამოაზრეების მკვლელობები, ფულის კეთების სქემები და ბევრი სხვა რამ, მათ შორის - კადიროვის ჰარამხანისა და მისი ცოლებისა თუ არასრულწლოვანი ხარჭების ამბავი.

„პროექტის“ გამოძიება დეტალურად გაარჩიეს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის kavkaz.realii-ს რედაქტორებმა და პოლიტიკის ჩეჩენმა ექსპერტებმა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება გახდა უცნაური, შეიძლება ითქვას, შუასაუკუნეობრივი ცერემონიის მოწმე. ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის მრავალმა ქალიშვილმა თუ ვაჟმა, ძმისშვილმა თუ სიძემ ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს მაღალი თანამდებობები. ისინი ახლა ხელმძღვანელობენ ჩეჩნეთის მთავრობის სამინისტროებსა და სამსახურებს, დღემდე იღებენ მაღალ ჯილდოებსა და პოლიტიკური ყურადღების სხვა ნიშნებს.

მოკლედ, ყველაფერი გამოიყურება ისე, როგორც ძველად, მეფეების კარზე: მმართველის შთამომავლები იღებენ ტიტულებს არა დამსახურების, არამედ სისხლისა და წარმომავლობის გამო.

„პროექტის“ ვერსიით, ერთ-ერთი პირველი, ვინც კადიროვს ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარა, იყო ჩეჩენი კრიმინალური ავტორიტეტი მოვლადი (რუსლან) ატლანგერიევი, რომელიც ასევე ცნობილია მეტსახელებით „ლორდი“, „იტალიელი“ და „ლენინი“.

უშიშროების გავლენიან ჩინოვნიკებთან კავშირების მქონე ატლანგერიევმა, თითქოსდა, შუამავლის როლი შეასრულა 2003 წელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატის შერჩევაში.

90-იანი წლების ბოლოდან ჩეჩნეთში მოქმედებდნენ სპეცსამსახურები, რომლებიც მონდომებით მუშაობდნენ გავლენიან ადგილობრივ პირებთან. როგორც „პროექტის“ ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, ერთ ნაწილთან მუშაობდა ფსბ, მეორესთან - შსს, მესამესთან - გრუ (რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო) და ყველას ჰყავდა თავისი რჩეული, თუმცა იყვნენ რჩეულთა შორის რჩეულებიც.

ერთ-ერთი მათგანი მოვლადი ატლანგერიევია, რომელსაც ჩეჩნეთში ყველა იცნობდა რუსლანის სახელით. ქურდი, განგსტერი - ადამიანი, რომლის სახელი დაკავშირებულია როგორც მრავალ მკვლელობასთან, ასევე კადიროვების ხელისუფლებაში მოყვანასთან. ის იმდენად ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ მისი ფოტოც კი ცოტა ვინმეს თუ აქვს ნანახი. ხოჯ-ახმედ ნუხაევთან ერთად ატლანგერიევმა შექმნა ლაზანის დაჯგუფება - ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდა, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოქმედებდა მოსკოვის ტერიტორიაზე. ატლანგერიევი იმითაცაა ცნობილი, რომ ის პირველი ჩეჩენი კანონიერი ქურდია.

უფროსი კადიროვის აღზევება და დაცემა

ფილმის ავტორთა თქმით, 1999 წელს, ჰასავიურტის ზავის დასრულებამდე ორი წლით ადრე, რუსეთის სპეცსამსახურებმა აქტიურად დაიწყეს ჩეჩნეთის პრორუსული მეთაურის კანდიდატურის შერჩევა. სწორედ ამ პროცესში ითამაშა გადამწყვეტი როლი ატლანგერიევმა. მის ორ ბინაში, მაჰაჩყალასა და მოსკოვში, მიმდინარეობდა კონსულტაციები შესაძლო კანდიდატებთან, რადგან, კრემლის აზრით, ჩეჩნეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა პრორუსი ბელადი.

შეხვედრების სამი მონაწილე უყვება „პროექტის“ ჟურნალისტებს, რომ მასპინძელი იყო რუსლან ატლანგერიევი, შეხვედრებში ფსბ-დან მონაწილეობდა სამსახურის დირექტორის მოადგილე გერმან უგრუმოვი, ხოლო კრემლიდან - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი. პროცესს ხელმძღვანელობდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და მისი მაშინდელი მდივანი იგორ სეჩინი.

განიხილებოდა რამდენიმე გავლენიანი კლანი (ბადაევები, იამადაევები...). უარის მიღების შემდეგ, არჩევანი შეჩერდა ახმატ კადიროვზე, რომელიც პიარის თვალსაზრისითაც მიმზიდველი იყო, რადგან მას, როგორც ჩეჩნეთის მუფთის, ჯერ კიდევ დუდაევის დროს ჰქონდა გამოცხადებული წმინდა ომი რუსეთის წინააღმდეგ. მისი გადაბირებით, დასრულდებოდა ჯიჰადი.

კადიროვმა თანხმობა განაცხადა. ის ჩაიყვანეს მოსკოვში, ატლანგერიევის ბინაში, საიდანაც გაემგზავრა პუტინთან შეხვედრაზე.

ფილმის ავტორების თქმით, იმ დღეს პუტინმა კადიროვსა და მის ოჯახს ჩეჩნეთთან ერთად, სალოცავი ფარდაგიც აჩუქა.

ახმატ კადიროვი და რამზან კადიროვი, 2004 წლის მარტი
ახმატ კადიროვი და რამზან კადიროვი, 2004 წლის მარტი

„კრემლმა ჩეჩნეთის მომავალი ასე გადაწყვიტა: ერთ-ერთი სეპარატისტი ლიდერი მიიყვანეს ფსბ-ს მიერ გადაბირებული პროფესიონალი განგსტერის ბინაში, სადაც მას გადასცეს სალოცავი ფარდაგი ჩეჩენ ხალხზე ძალაუფლების ნიშნად", - ამბობენ გამოძიების ავტორები.

მათი წყაროს თქმით, კრემლი კანდიდატებს თანამშრომლობის სანაცვლოდ ასევე სთავაზობდა ერთ-ერთი დიდი ქალაქის (მაგალითად, ნოვოროსიისკის) „დაკრიშვას“, 5 მლნ დოლარს ნაღდი ფულით და მდიდრულ სახლს სოჭში. თუმცა, საბოლოო ჯამში, კადიროვს მისცეს იმაზე მეტი, ვიდრე ერთი დიდი ქალაქი იყო.

ფორმალურად ჩეჩნეთს მაშინ მართავდა პუტინი, კადიროვი კი ჩეჩნეთის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს.

2000 წლისთვის ახმატ კადიროვს, ისევე როგორც მის შვილ რამზანს, არანაირი განათლება არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით საშუალო სკოლას, რელიგიურ სასწავლებელსა და კომბაინერის კურსებს. ერთ წელიწადში მას „გაუკეთეს“ უმაღლესი ეკონომიკური განათლების დიპლომი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2003 წლის არჩევნებში ახმატ კადიროვს ყველა კონკურენტი ჩამოაშორეს.

ცნობილ ჩეჩენ ბიზნესმენს მალიკ საიდულაევს ჰქონდა გამარჯვების კარგი შანსი, მაგრამ, როგორც თვითონ ბიზნესმენი იხსენებს „პროექტის“ მიერ გადაღებულ ფილმში, ის დაიბარეს კრემლის XIV კორპუსის 419-ე კაბინეტში, სადაც ამხანაგმა სურკოვმა სთხოვა, მოეხსნა კანდიდატურა, რადგან „ახლა ამის დრო არ იყო“.

საბოლოოდ სადულაევი არჩევნებიდან მოიხსნა საარჩევნო კომისიის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამო. ახმატ კადიროვმა არჩევნებში 80%-იანი შედეგით გაიმარჯვა.

2003 წელს რამზან კადიროვი მამამისის დაცვის უფროსი, სინამდვილეში კი ფსბ-ს დამხმარე რაზმის მეთაური იყო, რომელიც ეხმარებოდა მოსკოვს სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერების გამოვლენა-ლიკვიდაციაში.

„რამზანმა დააწესა ჯილდო 3-5 ათასი დოლარის ოდენობით, ვინც მას ორი რამეს მიუტანდა - ბოევიკის მოკვეთილ თავს და მის პასპორტს. სხვა მტკიცებულება არ იყო საჭირო. ხალხმა უბრალოდ დაიწყო თავიანთი მტრების ხოცვა, თავების მოკვეთა და მათი ბოევიკებად გასაღება“, - ჰყვება ფილმში რამზანის ყოფილი ნაცნობი, რომელმაც წლების წინ დატოვა ჩეჩნეთი.

ახმატ კადიროვი მოკლეს 2004 წლის 9 მაისს, აღლუმის დროს, გროზნოს სტადიონზე, ტრიბუნების ქვეშ დამონტაჟებული საარტილერიო ჭურვის აფეთქებით. იმ დღეს რამზან კადიროვი, რომელიც მამამისის დაცვის უფროსი იყო, სტადიონზე არ ყოფილა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დროს ის მოსკოვში იყო. უცნობია, რას აკეთებდა იქ და რატომ არ იყო მამის გვერდით. იმავე დღეს რამზან კადიროვი მიიყვანეს კრემლში პუტინთან. ბევრს ახსოვს ეს კადრი: ლურჯ სპორტულებში გამოწყობილ რამზანს პუტინი უსამძიმრებს.

როგორც „პროექტის“ რესპონდენტი ამბობს, 2004 წლის 9 მაისს რამზანმა მამამისის დაცვა ჩააბარა თავის მარჯვენა ხელს მეტსახელად „მამაკს“ (მუჰამედ ისრაპიოვს), რომელსაც მოგვიანებით, 2009 წელს მოკლავს და, როგორც ჩეჩენი ბლოგერები წერდნენ, ზოოპარკის ბინადარ ლომებს შეაჭმევს. მალევე მის ძმასაც გაუსწორდება და თავს მოკვეთს.

როდესაც პუტინმა კრემლში მიიღო რამზან კადიროვი, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ახმატ კადიროვის უფროსი ვაჟი, რამზანზე უფროსი ზელიმხანი. ფეოდალური წესების თანახმად, ძალაუფლება სწორედ მის ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

„ჩემზე რომ იყოს, მე შევამოწმებდი, რამე კავშირი ხომ არ აქვს რამზანს თავისი ძმის გარდაცვალებასთან“, - ეუბნება „პროექტის“ ავტორებს ზელიმხანის ნაცნობი. საინტერესოა, რომ ძმის გარდაცვალების დღესაც რამზანი არ იმყოფებოდა ჩეჩნეთში. იმ დღესაც ის პუტინს ხვდებოდა მოსკოვში.

2004 წელს რამზან კადიროვი 27 წლის იყო, ფორმალურად (30 წლამდე) არ შეეძლო რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობის დაკავება.

ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი. 2004 წლის 9 მაისი
ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი. 2004 წლის 9 მაისი

„მას დასჭირდა რამდენიმე წელი და ბევრი სისხლი ყველა კონკურენტის ჩამოსაშორებლად და ძალაუფლების განსამტკიცებლად, - ამბობენ ჟურნალისტური გამოძიების ავტორები, - მისი კონკურენტები ან დაიხოცნენ, ან რესპუბლიკიდან გაიქცნენ ისე, რომ მასზე ეჭვი არავის მიუტანია.

რამზან კადიროვი აბსოლუტური იმუნიტეტით სარგებლობდა. იგივე მოვლადი ალტანგერიევი, რომლის ბინაშიც ცხოვრობდა ახმატ კადიროვი, 2008 წელს გაიტაცეს მოსკოვიდან და, როგორც ჩანს, ჩეჩნეთში მოკლეს. გამოძიებას არც ამჯერად მიუტანია ეჭვი კადიროვზე“.

თუმცა, kavkaz.realii-ს ჩეჩნეთში მცხოვრები წყარო ეუბნება, რომ იმის მტკიცება, თითქოს კრიმინალური ავტორიტეტისა და ფსბ-ს აგენტის დასმულია ახმატ კადიროვი, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. მისი თქმით, კრემლმა არჩევანი ბევრად ადრე გააკეთა.

თვითონ ახმატ კადიროვს აქვს ნათქვამი, რომ პირველად პუტინს შეხვდა დაღესტანში ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის ქვედანაყოფების შეჭრის დროს, ანუ 1999 წლის აგვისტო-სექტემბერში.

„იჩქერიაში ესმოდათ, რომ კადიროვიც და ატლანგერიევიც დაკავშირებული იყვნენ ფსბ-სთან. განიხილებოდა ვერსია, რომ ახმატი გადაიბირეს 1980-იანი წლების დასაწყისში ბუხარის მედრესეში სწავლის დროს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას შუამავლად დასჭირვებოდა ისეთი ფიგურა, როგორიც ატლანგერიევია - სპეცსამსახურების ჩვეულებრივი პაიკი“, - განმარტავს kavkaz.realii-ს წყარო.

„პროექტის“ გამოძიების ნაწილი რამზანის უფროს ძმას, ზელიმხან კადიროვს ეთმობა. რამზანი მამის რჩეული იყო - ის ახმატ კადიროვს ყველა შეხვედრასა და ღონისძიებაზე მიჰყავდა, ხოლო უფროსი შვილი, ზელიმხანი უფრო მეტად უყვარდა დედას.

ზელიმხანი გარდაიცვალა 29 წლის ასაკში, 2004 წლის მაისში, მამის გარდაცვალებიდან სამი კვირის შემდეგ. ოფიციალური ვერსიით, "გულის მწვავე უკმარისობით", მაგრამ ჩეჩნურ საზოგადოებაში ბევრს სჯერა სხვა ვერსიებისა, მათ შორის - ზედოზირებისა და მკვლელობისა.

კიდევ ერთი ჩეჩენი სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, kavkaz.realii-სთან საუბარში ამბობს, რომ რამზანსა და ზელიმხანს შორის კონკურენცია თითიდან გამოწოვილი და გაზვიადებულია:

ზელიმხან და რამზან (მარჯვენა) კადიროვები
ზელიმხან და რამზან (მარჯვენა) კადიროვები

„ის, რომ რამზანი ყოველთვის მამასთან იყო, ფაქტია. თვითონ ახმატიც ამბობდა, რომ რამზანი მისი სულია. ჩეჩნური ოჯახისთვის პრინციპში ნორმალურია, როცა უმცროსი ვაჟი მამის ნებიერაა. ბევრმა საერთოდ არც კი იცოდა უფროსი ძმის არსებობა, მუდამ ჩრდილში იდგა, ამიტომ, მათი კონკურენციის ვერსია, სავარაუდოდ, უბრალო სპეკულაციაა“.

„პროექტმა“ ასევე გაიმეორა ჩეჩნებს შორის არსებული ვერსია რამზან კადიროვის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ტერაქტში, რომელმაც მამამისის სიცოცხლე შეიწირა. კავკაზ.რეალიის თანამოსაუბრემ არ გამორიცხა მოვლენების ასეთი განვითარება.

2004 წლის 9 მაისს გროზნოს სტადიონზე მომხდარი აფეთქების გამო დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა.

20 წლის წინ მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპნენ 52 წლის ახმატ კადიროვი, ჩეჩნეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჰუსეინ ისაევი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, თუმცა გამოძიება შეჩერდა 2007 წელს საველე მეთაურების, მათ შორის შამილ ბასაევის მკვლელობის შემდეგ.ტერაქტზე პასუხისმგებლობა სწორედ შამილ ბასაევს ჰქონდა თავის თავზე აღებული.

ბოევიკების შესახებ ოფიციალური და რამზან კადიროვის სავარაუდო ჩართულობის ვერსიების გარდა, ჩეჩნეთში ასევე ვრცელდებოდა სხვა ჭორებიც, მაგალითად, ბატალიონ „ვოსტოკის“ მეთაურის სულიმ იამადაევის ტერაქტის ორგანიზებაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

სულთანი

კადიროვის ჩეჩნეთი ფაქტობრივად გასულია რუსული სამართლებრივი სივრციდან.

ჩეჩნეთი უნიკალური რეგიონია, რომელსაც თავისი არმია ჰყავს, თავისი კანონმდებლობა (შარიათი) აქვს, რომელიც, დანარჩენი რუსეთისგან განსხვავებით, სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს.

კადიროვების კლანის მმართველობის პირველივე წლებიდან ჩეჩნეთი ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 1 მლრდ დოლარს. მნიშვნელოვანი თანხაა, თუმცა მთლიანობაში, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, ჯამური თანხა თითქმის სამჯერ მეტია.

ჩეჩნეთის მთელი ეკონომიკა კადიროვების ხელშია. ყველა სავაჭრო, სამრეწველო თუ სამშენებლო კომპანია მათზე მუშაობს.

„სავაჭრო ცენტრი „მინუტკა“ გროზნოში, სასტუმრო „ტიინალა“ დედაქალაქის გარეუბანში და გროზნოს ტაქსის კომპანია ოფიციალურად რეგისტრირებულია რამზანის 19 წლის ქალიშვილ ტაბარიკზე.

გროზნოს ყველაზე დიდი ბაზარი, „ბერკატი“, ეკუთვნის რამზანის პირველ მეუღლეს, მედნი კადიროვას.

კიდევ ერთი ბაზარი ქალაქ არგუნში რამზანის დედის, აიმანის საკუთრებაა.

სამედიცინო კლინიკა „აიმედი“ რეგისტრირებულია რამზანის ოთხმოცდაოთხი წლის სიდედრზე, ზალპა აიდამიროვაზე“.

შემოსავლის უწყვეტი წყაროა ახმატ კადიროვის ფონდი, რომელიც ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციაა რუსეთში.

როგორც გამოძიების ავტორები ამბობენ, კადიროვი მოსკოვს საბიუჯეტო დაფინანსებას სთხოვს, შემდეგ კი ამ თანხას არა მოქალაქეებს, არამედ საკუთარ კომპანიებს უნაწილებს.

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის პროექტის kavkaz.realii-ს რედაქტორები და მიწვეული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „პროექტის“ გამოძიების ეკონომიკური მხარე ნამუშევრის ყველაზე ღირებული ნაწილია, რადგან გაშიფრულია კადიროვის ეკონომიკის მოწყობის დეტალური სქემა.

გამოძიების ავტორებმა გამოაქვეყნეს იმ კომპანიების სია, რომლებსაც კადიროველები იყენებენ უკანონო ტრანზაქციებისა და თანხების განაღდებისთვის. ასეთ კომპანიებს შორისაა: „იზუმრუდი“, „ბენოფონი“ და „ორბიტა“ - ეს ორი, შემოსავლების თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი ჩეჩნური კომპანიაა. „პროექტის“ მონაცემებით, ეს კომპანიები რამზან კადიროვის „პირადი საფულეებია“.

2023 წელს მხოლოდ „ბენოფონმა“ მიიღო 64 მილიარდი რუბლი (733,5 მლნ დოლარი), რაც ჩეჩნეთის ბიუჯეტის ნახევარია. მიიღო თითქოსდა სკოლებისა და სხვა სოციალური ობიექტების რემონტისთვის.

ახმატ თაუერი - რომლის მშენებლობა 500 მლნ რუბლი დაჯდა.
ახმატ თაუერი - რომლის მშენებლობა 500 მლნ რუბლი დაჯდა.

სავარაუდოდ, შესყიდვის მსგავსი სქემა გამოიყენეს გროზნოს ცენტრში კომპლექსის მშენებლობის დროს. მაშინ „ნოვიე ვედომოსტიმ“ დაასახელა რამდენიმე ქვემოიჯარე კომპანია - „კაპსტროი“, „რასვეტი“ და „ბერიოზა“, რომლებმაც სახელმწიფო კონტრაქტებით მიიღეს, შესაბამისად, 360 მლნ (4,1 მლნ $) რუბლი, 200 მლნ (2,3 მლნ $) და 400 მლნ რუბლი (4,6 მლნ $). აუქციონის შემდეგ ეს კომპანიები დაიხურა.

„პროექტმა“ ასევე შეძლო „უცნობი მოქალაქეების“ მიერ სესხების გამოტანით ფულის გათეთრების ახალი სქემების გამოვლენა. „ახალგაზრდა სტარტაპერებს“ შორის, რომლებმაც უზარმაზარი თანხები მიიღეს, იყო, მაგალითად, 22 წლის კაცი, რომელიც 15 ათასი რუბლის ქურდობისთვის იჯდა ციხეში და, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო (და გაანაღდა) 2,2 მილიარდი რუბლის (26,6 მლნ $) სესხი.

კადიროვის ჰარამხანა

რაში სჭირდება კადიროვს ფული? - ამ კითხვის პასუხად „პროექტის“ ავტორები ამბობენ, რომ რამზანს უყვარს ლამაზი ცხოვრება, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამჯერად არ აპირებენ კადიროვის ძვირადღირებული ქონების ჩამოთვლას.

„უმჯობესია გიამბოთ ჩეჩნეთის სულთნის უმთავრეს ვნებაზე, ჰარამხანაზე, რომლის შენახვაც ძალიან ძვირი უჯდება“, - ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები:

„რამზან კადიროვი გაუმაძღარი მექალთანეა. რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს მრავალცოლიანობას, თუმცა კადიროვს ჰყავს რამდენიმე მუდმივი ცოლი და ბევრი ხარჭა. ხარჭა - არ არის ზუსტი ტერმინი. როგორც რამზანის ორი ნაცნობი განმარტავს, გოგოებთან ურთიერთობაში შესვლისას ჩეჩნეთის ლიდერმა ადგილობრივ მოლას უბრძანა " ისლამური ქორწინება“ გაეფორმებინა."

ასეთი ფორმალური გამოსავალი გოგოებსაც აწყობთ, რადგან თავს იზღვევენ სიძვის ბრალდებებისგან, თუმცა, გამოძიების ავტორები ამბობენ, ეს დიდად არ შველის. მათ მაინც უწევთ ცხოვრება კადიროვის ყოფილი ხარჭების სტიგმით.

სიმღერა "ჩემი ნანაკი", რომელიც 2012 წელს ჩაწერა ერთ დროს ცნობილმა ჩეჩენმა მომღერალმა, თამილა საგაიპოვამ, რუსეთში დიდად არ არის პოპულარული, მაგრამ ჩეჩნეთში ის დღემდე ახსოვთ მასში ნახსენები ქალების გამო.

მუსიკალური თვალსაზრისით, ეს არის ჩვეულებრივი „ლეზგინკა“ ელექტრონული არანჟირებით. ენა ჩეჩნურის, რუსულისა და ჟარგონის ნაზავია. ამ სიმღერის მეორე სტროფში ჩამოთვლილია კადიროვის ხარჭების სახელები. საკუთრივ „ნანაკიც" რამზან კადიროვის ოდნავ შეცვლილი, შინაურული სახელია. ანუ მომღერალი კადიროვს ძალიან ნაზად მიმართავს, თითქოს მისი ოჯახის წევრი იყოს. საქმე ისაა, რომ თავად თამილა საგაიპოვაც ჩეჩნეთის თავკაცის ჰარამხანაში იმყოფებოდა.

„პროექტმა“ ყველა იმ ქალის ვინაობა დაადგინა, რომელთა სახელები ჩამოთვლილია თამილა საგაიპოვას სიმღერაში.

მართალია გამოცემა არ ახსენებს ყველა მათგანს, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ ზოგიერთის ისტორია თვალსაჩინოს ხდის ჩეჩნეთის მმართველის არაადამიანურ სახეს.

რამზან კადიროვის ძირითად ცოლებად მიიჩნევიან: მედნი კადიროვა (პირველი და ოფიციალური), ფატიმა ხაზუევა, ანიმათ ახმადოვა და ზამირა (ინდირა) ჯაბრაილოვა. სულ რამზან კადიროვს 14 შვილი ჰყავს, მათ შორის ტყუპები, 2015 წელს დაბადებული ესეთი და შეიხ-ახმადი, რომლებიც ფატიმამ გააჩინა, თუმცა ოფიციალურად კადიროვის ყველა შვილის დედად მიიჩნევა უფროსი ცოლი.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რამზან კადიროვისა და ფატიმა ხაზუევას ურთიერთობა განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

ფატიმა ხაზუევამ 2006 წელს ჩეჩნეთის ისტორიაში გამართულ ერთადერთ სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

სინამდვილეში, კონკურსი ჩატარდა სპეციალურად კადიროვისთვის.

ღონისძიებას უცხო მაყურებელი არ დასწრებია, რაც აიხსნა მორალზე ზრუნვით, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ბევრად მარტივია: რამზან კადიროვმა სპეციალურად თავისი ქალებისთვის დადგა შოუ.

ამ დროს ფატიმა ხაზუევა 14 წლის იყო, ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა და ფეხმძიმედ იყო.

„რამზან კადიროვი უპირატესობას ანიჭებს ქალწულებს, სკოლის მოსწავლეებსა და პირველკურსელებს. საუბარია ათობით, შესაძლოა ასობით კონტაქტზე“, - ამბობს „პროექტის“ ერთ-ერთი წყარო, რომელიც რამზანის ნაცნობადაა დასახელებული. მისი თქმით, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა იწვევს გარდაუვალ სასჯელს. ასე დაემართა ჟანეტა მუკუევას, რომლის ამბავი „პროექტს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.

ჟანეტა მუკუევა რამზანის თანატოლი იყო. კადიროვი მას ბავშვობიდან იცნობდა და ალბათ შეყვარებულიც იყო მასზე. თუმცა ქალი ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდა სხვა ჩეჩენ მამაკაცზე. წლების შემდეგ, როცა ჟანეტა განქორწინებული იყო, ხოლო რამზანი ერთპიროვნულად მართავდა ჩეჩნეთს, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს...

2003 წლის 26 სექტემბერს ჟანეტა მოკლეს გუდერმესში. უცნობმა პირებმა მას ქუჩაში ესროლეს. გარდაცვალების მიზეზად დასახელდა ტყვიით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა თავისა და გულ-მკერდის არეში. კადიროვის ნაცნობი ორი ადამიანი მიიჩნევს, რომ რამზანმა თავად დასაჯა ქალი.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მოკლული ფეხმძიმედ იყო. როგორც ჟურნალისტური გამოძიების ავტორები ამბობენ, სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ ხუთმატ დადაევა და თამილა საგაიპოვა, რომლებსაც ფიზიკური სასჯელი და საჯარო სივრციდან გაქრობა აკმარეს.

რაც შეეხება მორჩილ ცოლებს. „პროექტის“ ფილმის მიხედვით, კადიროვი მათ ფულსა და სიმდიდრეში აბანავებს.

ერთ დროს ისინი ერთად ცხოვრობდნენ გროზნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ახალ კორპუსში. შემდეგ ბევრმა მათგანმა მიიღო ძვირადღირებული სახლი ჩეჩნეთის დედაქალაქის ყველაზე დაცულ რაიონში, კადიროვის რეზიდენციის უკან.

ჯალათი

ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებები წლებია აღარ მიმდინარეობს, თუმცა კადიროვის მმართველობის დროს, სავარაუდოდ, მისი მითითებით ან უშუალო მონაწილეობით, კვლავ იხოცებიან ადამიანები, თანაც არა მხოლოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.

„პროექტის“ ფილმის მიხედვით, კადიროვის სისხლიან საქმეებში გარეული არიან მისი უახლოესი გარემოცვის წევრები:

  • მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად "ლორდი", ჩეჩნეთის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი
  • ადამ დელიმხანოვი, მეტსახელად „კუჩერი“, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი და ჩეჩენი საველე მეთაურის, სალმან რადუევის ყოფილი მძღოლი
  • სულეიმან გერემეევი - რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წევრი

„პროექტის“ საგამოძიებო ფილმი ასაბუთებს ბორის ნემცოვის მკვლელობაში სულეიმან გერემეევის ძმისშვილების, რუსლან და არტურ გერემეევების მონაწილეობას. ნემცოვის ოჯახის ადვოკატები სწორედ რუსლან გერემეევს მიიჩნევენ მკვლელობის დამკვეთად.

პოლიტიკური მკვლელობები, რომლებშიც შესაძლოა კადიროვი მონაწილეობდა:

ანა პოლიტკოვსკაია.

„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, უფლებადამცველი, რომელმაც გამოაქვეყნა კრიტიკული სტატიები რამზან კადიროვის შესახებ.

მოკლეს 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში საკუთარი სახლის ლიფტში. მკვლელობაში ჩეჩენი სამართალდამცავები და ლაზანის დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ.

მოვლადი ბაისაროვი.

ახმატ კადიროვის ყოფილი მცველი, რაზმ „გორეცის“ მეთაური, ფსბ-ს პოლკოვნიკი.

მოკლეს 2006 წლის 18 ნოემბერს ლენინის პროსპექტზე რამზან კადიროვის ხელქვეითებმა, რომელთა შორის იყო ადამ დელიმხანოვი. როგორც ამბობენ, სწორედ მან გააკეთა საკონტროლო გასროლა. ოფიციალური ვერსიით, ბაისაროვმა წინააღმდეგობა გაუწია ჩეჩნეთის პოლიციას.

ნატალია ესტემიროვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ თანამშრომელი, რომელიც იცავდა კადიროვის რეჟიმის მსხვერპლებს.

ესტემიროვა გაიტაცეს 2009 წლის 15 ივლისს გროზნოში, საკუთარ სახლთან. ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული უფლებადამცველი ქალის გვამი იმავე დღეს, მეზობელ ინგუშეთში იპოვეს.

იური ბუდანოვი.

სატანკო პოლკის ყოფილი მეთაური, რომელიც ნასამართლევი იყო 2000 წელს ჩეჩენი გოგონას ელზა კუნგაევას გატაცებისა და მკვლელობისთვის.

ბუდანოვი 2011 წლის 10 ივნისს მოსკოვში მოკლა იუსუფ-ხაჯი თემირხანოვმა, რომელიც, გამოცემა როსბალტის ცნობით, ლაზანის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერის, ხოჯ-ახმედ ნუხაევის „კარგი ნაცნობი“ იყო.

უმარ ისრაილოვი.

რამზან კადიროვის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ევროპაში გაიქცა.

2009 წლის 13 იანვარს ის მოკლეს ვენაში (ავსტრია), მოტაცებისა და ჩეჩნეთში წაყვანის მცდელობისას.

ჩეჩენმა უფლებადამცველმა აბუბაკარ იანგულბაევმა kavkaz.realii-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „პროექტის“ გამოძიებაში სათანადოდ ვერ აისახა ის მასობრივი დანაშაულები და მკვლელობები, რომელთა საშუალებითაც კადიროვი დიქტატორი გახდა.

„კადიროვის კისერზეა ასობით ადამიანის განდევნა რეგიონიდან და მათი სახლების მიწასთან გასწორება. ის, რაც წავიკითხე, ახალი არ არის არც ჩემთვის და არც მათთვის, ვინც ჩეჩნეთითაა დაინტერესებული.

ის, რომ თავად რამზან კადიროვი მონაწილეობდა მამისა და ძმის მკვლელობაში, ჩეჩნეთში მოარული მთავარი ამბავია.

თუმცა ყველას ესმის, რომ, თუ მან ეს გააკეთა, არა უშუალოდ მონაწილეობით, არამედ ჩუმი თანხმობით“, - უთხრა იანგულბაევმა Kavkaz.Realii-ს რედაქტორებს.

ევროპაში დაფუძნებული იჩკერიული მოძრაობის „ერთობის“ თავმჯდომარე ჯამბულატ სულეიმანოვი, რომელიც 1990-იან წლებში ცხოვრობდა ჩეჩნეთში და მონაწილეობდა ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, დარწმუნებულია, რომ ჩეჩენი ხალხი უფრო მეტად არ დაზარალდებოდა, კადიროვის რეჟიმის ნაცვლად, ჩეჩნეთში მოსკოვის პირდაპირი სამხედრო მმართველობა რომ დამყარებულიყო:

„ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენეს ხალხის იდეურ-მორალურ მდგენელს. გააკეთეს ის, რაც ვერ შეძლო ვერც იოსებ სტალინმა და ვერც გენერალმა ალექსეი ერმოლოვმა. ამჟამად ჩამოშლილია წარმოდგენა ღირსებაზე, წესიერებაზე... ეს ყველაფერი განადგურებულია“.

კადიროვების ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრისას სულეიმანოვი ამბობს: უპრინციპობა და მზადყოფნა, დახოცონ ჩეჩნები - ეს არის მთავარი თვისებები, რომელთა გამოც ისინი კრემლისა და ფსბ-სთვის მისაღები არიან.

„შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენში გავრცელდა ჭორები, რომ კადიროვები ჩეჩნები არ არიან, ამიტომ ისინი არაფერს გრძნობენ, როცა ჩეჩენ ხალხს ჟლეტენ. დუდაევისა და მასხადოვის დროსაც ასევე იყვნენ სხვა ოპოზიციონერები, მაგრამ ვერავინ შეძლო ზღვრის გადალახვა და თავისიანების განადგურება. კადიროვებმა შეძლეს“, - ამბობს ჯამბულატ სულეიმანოვი.

კიდევ ერთი ჩეჩენი სამოქალაქო აქტივისტი, რომლის სახელს Kavkaz.realii უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე არ ასახელებს, დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინს კარგად ესმოდა, თუ რა სარგებელს ნახავდა რამზან კადიროვისთვის ძალაუფლების მიცემით:

„მისი ხელისუფლებაში მოსვლით ყველაზე მეტი სარგებელი ნახა არა იმდენად თვითონ კადიროვმა ან ჩეჩნეთმა, არამედ პუტინმა, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ კადიროვი, რესპუბლიკის მეთაურად დანიშვნის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებდა ბატონისთვის.

სწორედ პუტინმა გახლიჩა ჩეჩნური საზოგადოება, სწორედ მან შეაძულა ერთმანეთი კადიროველებსა და იჩქერიელებს. ეს ვერ მოახერხა ფსბ-მ, მაგრამ სინამდვილედ იქცა კადიროვის ხელში“.

ჩეჩნეთის ხელისუფლებას და კრემლის წარმომადგენლებს „პროექტის“ ფილმზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • ჩეჩნეთში ახმატ კადიროვის სახელს ატარებს 300-ზე მეტი ქუჩა, გროზნოს მთავარი მოედანი, დასვენების პარკები, სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკოლები, გიმნაზიები, საბავშვო ბაღები, მეჩეთი „ჩეჩნეთის გული“, როსგვარდიის პოლკი.
  • კადიროვ-უფროსის პატივსაცემად სოფელ ცენტაროის სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ახმატ-იურტი.
  • ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არის ახმატ კადიროვის სახელობის საფეხბურთო და საბრძოლო კლუბები, ასევე ფონდი, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან აშშ-ის ხაზინის სანქციების სიაშია შეტანილი.
  • საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს იკავებს რამზან კადიროვის ოჯახის 100-მდე წევრი: შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG