Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩასაფრებები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

შაბათს დილით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტყიდან 50 წლის აკაკი დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. ჯერ ღრომის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. აკაკი დოთიაშვილმა სოფლის საქონელი დილის 9 საათზე საძოვარზე შვილთან და კიდევ ერთ მწყემსთან ერთად გარეკა. იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ტრადიციულად აძოვებენ ხოლმე, მაგრამ მოულოდნელად ბუჩქებიდან შეიარაღებული პირები გამოვარდნენ და მწყემსი ტყის მიმართულებით წაიყვანეს. დაკავებულის მეუღლე ფატი დოთიაშვილი ამბობს, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

ჩასაფრებები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან
please wait

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00
გადმოწერა

"საზღვრის დარღვევისთვის" დაკავებულები

  • წელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 82 მოქალაქე დააკავეს.
  • ჯარიმების გადახდით ცხინვალის ბიუჯეტში 6 ათას ლარზე მეტია შესული.
  • დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი კი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობის ზრდის ცვლილებაზე უკვე მუშაობს.

მამის დაკავება საკუთარი თვალით ნახა გიორგი დოთიაშვილმა, მაგრამ მიხმარება ვერ შეძლო, რადგან სოფლის ტყესთან შეიარაღებული პირები იყვნენ ჩასაფრებულები. მისი თქმით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენ, სადაც საქონელს ტრადიციულად აძოვებენ ხოლმე. გიორგი დოთიაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში იყვნენ შემოსულები.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი დაკავებული საუბრობს იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები და იქიდან წაიყვანეს საქართველოს მოქალაქეები. ამის შესახებ თვითმხილველებიც საუბრობენ. მაია ოთინაშვილი საკუთარი ნაკვეთიდან პირდაპირ მავთულხლართებზე გადაათრიეს და ამ ყველაფერს ხედავდა მისი მეუღლე. ოთინაშვილის დაკავებიდან 10 დღე გავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ვადა რამდენჯერმე შეცვალა. პირველად ითქვა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შემდეგ ათდღიანი და ბოლოს ერთთვიანი. ოჯახმა ამ დრომდე არ იცის 37 წლის ქალი რამდენ ხანს გაატარებს ცხინვალის ციხეში. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ დღეს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ოთინაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოთინაშვილს დე ფაქტო ხელისუფლება ბრალად ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და ამ საზღვარზე მოქალაქეების წინ და უკან გადაყვანას ედავება. ოთინაშვილი ცხინვალში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უკვე მოინახულა და ოჯახიდან წერილიც ჩაიტანა. მაია ოთინაშვილის კადრები გაავრცელა ოსურმა და რუსულმა მედიამ, სადაც დაკავებული აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა სახლში დაბრუნება უნდა. გატაცებულის დედას გალინა ქელეხსაევას არ სჯერა, რომ შვილი კარგადაა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს. მისი ინფორმაციით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მაია ოთინაშვილს ორ დღეში კიდევ ერთხელ მოინახულებს.

წელს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 82 მოქალაქე დააკავეს. შარშან 126. მარტო წელს, ჯარიმების გადახდით ცხინვალის ბიუჯეტში 6 ათას ლარზე მეტია შესული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი კიდევ ერთ სტატისტიკას აქვეყნებს. მისი ინფორმაციით სექტემბერში 53 მოქალაქე დააკავეს. 29 - საზღვარი დაარღვია, 24 კი - სასაზღვრო რეჟიმი. აქედან, მხოლოდ 5 იყო საქართველოს მოქალაქე. ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი კი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობის ზრდის ცვლილებაზე უკვე მუშაობს. ჯერ არ სახელდება 2 000 რუბლი რამდენით გაიზრდება. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ მათი უსაფრთხოება უფრო გართულდება, რადგან ჩასაფრებები და ადამიანთან გატაცება უფრო მეტად გახშირდება.

XS
SM
MD
LG