ცხინვალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა (მარჯვნიდან მეორე) და ოჯახის ახლობლები, უყურებენ კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის, „სპუტნიკ ოსეტიას“ მიერ გავრცელებულ კადრებს ცხინვალიდან, რომელშიც ჩანს, როგორ ესაუბრებიან რუსი ჟურნალისტები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილს. ჟურნალისტები ინტერესდებიან განხორციელდა თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან ფიზიკური ძალადობა, რასაც კამერების წინ მაია ოთინაშვილი უარყოფს. რამდენიმე დღის წინ, მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა საუბრობდა ცხინვალის იზოლატორში, მის შვილზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. ოჯახს დაკავებულის ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებს. მოგვიანებით, ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ მაია ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მაია ოთინაშვილი და მისი ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მაია ოთინაშვილი თავისი სახლის ეზოდან გაიტაცეს.