დღეს პირველი დღეა, როცა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა აიკრძალა.
თბილისის ყველაზე დიდი, დიდუბის მეტროსადგურიდან, დღეს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებმა ბოლო მგზავრები მაინც წაიყვანეს. რამდენიმე მძღოლი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხვალიდან ყველაფერი გაჩერდება.
„მიკროავტობუსით იმიტომ მივდივარ, რომ სხვა გზა არ არის, ბორჯომისკენ ავტობუსი არ მიდის. ეს ერთადერთი გზაა იქამდე ჩასასვლელად“, - ამბობს ბორჯომისკენ მიმავალი ბოლო მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი.
„…შეიძლება ხვალ გზები ჩაიკეტოს“, - ამატებს ამავე მიკროავტობუსის მგზავრი ქალი მცირეწლოვანი შვილით. ბავშვს სახეზე პირბადე აქვს აფარებული, დიდებს შარფები უკეთიათ.
ავტოსადგურის ტერიტორიაზე ხმამაღლა აცხადებენ, რომ მიკროავტობუსის ბილეთების შეძენა შეიძლება საჩხერე-ჭიათურის, გორის და ზესტაფონი-ჭიათურის მიმართულებით.
„თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით, თბილისში 1 250 მიკროავტობუსი მოძრაობდა და დღეში საშუალოდ 350 ათასი მგზავრი გადაჰყავდა. დამატებით თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრები დღის განმავლობაში 205 მიკროავტობუსს გადაჰყავდა. დღეს ეს რაოდენობა 100-მდე შემცირდა.
თბილისისგან განსხვავებით, რეგიონული ქალაქების ნაწილი დღეს უკვე სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი ტრანსპორტის - მიკროავტობუსის გარეშე დარჩა. პენსიონერი დავით აბაშიძე, რომელიც ბათუმში დღეს დილით ჩავიდა, უკან ვეღარ ბრუნდება: „ახლა ვუცდი, კერძო მანქანა მოვიდეს და წამიყვანოს სახლში. გუშინ [მარშრუტკით] დავბრუნდი, დღეს მოვედი და აღარ არის“.
მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდის ავტოსადგომზე დილიდან შეიკრიბნენ. გაჩერების შემდეგ მათი მთავარი პრობლემა აღებული ფინანსური ვალდებულებები ხდება.
„გაგვაჩერეს, არ იმუშაოთო "მარშუტკებმა", ახლა ჩვენ ვითხოვთ, რომ სესხები გადაგვივადონ. თუ ქვეყანას უჭირს, ყველა უნდა გავჩერდეთ“, - ამბობს ავთანდილ თოფურია.
ქუთაისში რამდენიმე საქალაქთაშორისო სადგურია, საიდანაც მიკროავტობუსები ყოველდღიურად იმერეთის სოფლებისა და ქალაქების მიმართულებით გადის.
მართალია, პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვაზე, ხალხის ნაკადის შემცირება მოჰყვა, თუმცა რეისები მაინც სრულდება. დისპეტჩერების თქმით, გახანგრძლივდა მიკროავტობუსების გასვლის ინტერვალი.
ლაგოდოხელი ტაქსის მძღოლი ნუკრი ჩხარტიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ იქ პოლიციამ და მერიამ არა მარტო მიკროავტობუსების მძღოლები, არამედ ისინიც გააფრთხილა.
„შეჩერებულია მოძრაობა... დღეის მდგომარეობით ასეა, ხვალიდან რა იქნება, არ ვიცი, გრაფიკს შეადგენენ, ალბათ. თორემ თბილისელები არიან დარჩენილები, ჩამოსასვლელები...“ - ამბობს ლაგოდეხის ავტოსადგურის კონტროლიორი, გივი ქადაგიშვილი.
ლაგოდეხში მეზობელი სოფლიდან მედიკამენტების საყიდლად ჯულიეტა შაინიძე მეზობელმა თავისი მანქანით ჩაიყვანა: „ვიცი, რომ მგზავრობა არ შეიძლება, წამლებზე ვარ წამოსული…“
სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა, დახურული კაზინოები, რესტორნები, ტურისტული ობიექტები, შეზღუდული თავყრილობები - ახალციხეში, მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მუნიციპალიტეტის მერებსა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს საგანგებო ზომებზე ესაუბრა.
ახალციხე-ასპინძა-ხიზაბავრის სამარშრუტოს მძღოლი კახა ლეკიშვილი ამბობს, რომ მეხუთე დღეა, მხოლოდ ორი-სამი მგზავრის გამო ასრულებს რეისს. მგზავრთა ეს რაოდენობა კი საწვავის ხარჯსაც ვერ უფარავს: „თუ ასე გაგრძელდა, მე თვითონ მომიწევს გაჩერება, ჩემი ხარჯით სადამდე ვივლი?!“ - ამბობს კახა ლეკიშვილი.