Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს უკრაინა რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს


უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო საყვედურობს. საქართველო ჩინეთთან პარტნიორობას აღრმავებს.
უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო საყვედურობს. საქართველო ჩინეთთან პარტნიორობას აღრმავებს.

მაშინ, როდესაც საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს და ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს არჩევს, უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

„სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, ინსტრუმენტია პუტინის ხელში“, - აცხადებს სინგაპურში ყოფნისას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთისა და ჩინეთის „ულიმიტო პარტნიორობით“ შეშფოთებულთა რიგს, - შეერთებულ შტატებს, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, მათ პარტნიორებს აზიაში, - ახლა უკვე უკრაინაც შეემატა.

საქართველოს მიერ რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღება, სხვა ანტიდასავლური ნაბიჯები და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ანაკლიის პორტის გარშემო ქვეყანას ავტორიტარულ ბანაკში ათავსებს.

ამ სტატიაში აგიხსნით,

  • რა მოხდა ამ შაბათ-კვირას სინგაპურში;
  • რა პოზიცია ჰქონდა/აქვს ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომში;
  • როგორ მოქმედებს ეს და სხვა მოვლენები საქართველოზე.

„შანგრი-ლას დიალოგი“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ბრალს სდებს, ერთი მხრივ, რუსეთის დიპლომატიურ მხარდაჭერაში, მეორე მხრივ კი, უკრაინასთან ომში იარაღის მიწოდებაში.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს საკითხები სინგაპურში, „შანგრი-ლას დიალოგის“ მიმდინარეობისას წამოჭრა, - მას შემდეგ, რაც მოულოდნელად ეწვია სინგაპურს, სადაც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების თავდაცვის კონფერენცია ტარდებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში. 2024 წლის 2 ივნისი
ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში. 2024 წლის 2 ივნისი

„შანგრი-ლას დიალოგი“, - ყოველწლიური სამიტი, სადაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყრიან თავს უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, - 31 მაისიდან 3 ივნისამდე გაგრძელდა.

სინგაპურში შანგრი-ლას დიალოგში რუსეთი 2022 წლიდან აღარ მონაწილეობს.

ზელენსკის იქ ჩასვლის მიზანი რეგიონის სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვება იყო.

გარდა იმისა, რომ რეგიონულ ლიდერებს შეხვდა, ზელენსკიმ ყველას მოუწოდა, დაესწრონ ივნისში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს შვეიცარიაში.

მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში

ზელენსკისთვის სინგაპურში ვიზიტი ერთგვარი „მოსამზადებელი“ ღონისძიება იყო შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტისათვის.

შვეიცარიის სამიტის მიზანი, თავის მხრივ, არის დიპლომატიური ფრონტის შექმნა, რომელიც აიძულებს რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას გაეროს ქარტიაზე დაყრდნობით.

შვეიცარიის სამიტზე დასწრებას, ზელენსკის თქმითვე, 106 ქვეყანა გეგმავს.

შეერთებული შტატები მაღალი რანგის დელეგაციას გზავნის და თან სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, დაესწრონ სამიტს.

სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი, - BBC-ის ცნობით, შვეიცარიას მოსკოვში ფორმალური მიწვევაც კი არ გაუგზავნია, რადგან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მანამდე უარი თქვა მონაწილეობაზე.

რუსეთის არყოფნის გამო დასწრებას არც ჩინეთი აპირებს, - აცხადებს, რომ დიალოგში კონფლიქტის ორივე მხარე უნდა მონაწილეობდეს.

უკრაინისა და შვეიცარიის პრეზიდენტები შვეიცარიაში, 2024 წლის 15 იანვარი
უკრაინისა და შვეიცარიის პრეზიდენტები შვეიცარიაში, 2024 წლის 15 იანვარი

მხარდაჭერა დიპლომატიურ ფრონტზე

რუსეთი „ყველაფერს აკეთებს“, რომ ჩაშალოს სამიტი და ამისთვის „რეგიონში ჩინეთის გავლენის“ იყენებსო, განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2 ივნისს.

თავდაპირველად განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ჩაშალოს სამიტი - ცალკეულ ქვეყნებზე ზეწოლას ცდილობს, არ დაესწრონო.

შემდეგ თქვა, რომ „ცალკეული ქვეყნები“ რუსეთს ამ საქმეში ეხმარებიან, - ისე, რომ კონკრეტული მაგალითი არ მოუხმია. შემდეგ კი დააზუსტა, რომ ეს ჩინეთი იყო: პეკინი „მუშაობს, რათა კონკრეტული ქვეყნები მშვიდობის სამიტს არ დაესწრონ“.

ბოლოს განაცხადა: „სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, ინსტრუმენტია პუტინის ხელში“.

ზელენსკის არ უთქვამს, რომელ ქვეყნებზე ცდილობდა ჩინეთი ზეწოლას.

ორიოდე კვირით ადრე, 24 მაისს, მან ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გადალახონ რუსეთის განრისხების შიში, მიიღონ მისი მიწვევა და დაესწრონ შვეიცარიის სამიტს.

ამ რეგიონში რუსეთსა და ჩინეთს ძლიერი გავლენები აქვთ.

რეგიონის არცერთ ქვეყანას, - არც ყირგიზეთს, არც ტაჯიკეთს, არც თურქმენეთს, არც უზბეკეთსა და არც ყაზახეთს, - შვეიცარიის სამიტში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფერენციას კონფლიქტის ორივე მხარე უნდა ესწრებოდეს და მას „ორივე მხარის აღიარება უნდა ჰქონდეს“.

სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი პეკინში. 2024 წლის 16 მაისი
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი პეკინში. 2024 წლის 16 მაისი

მხარდაჭერა ბრძოლის ველზე

უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთს რუსეთისთვის ბრძოლის ველზე მხარდაჭერაშიც დასდო ბრალი.

ზელენსკიმ თქვა, რომ სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ ჩინეთი ამ ომში განზე გადგებოდა და რუსეთს მხარს არ დაუჭერდა.

მაგრამ, ზელენსკის თქმით, „რუსეთს შეიარაღების ელემენტები“ ჩინეთიდან შესდის და ომის გახანგრძლივებაში ეხმარება.

„რუსეთისადმი ჩინეთის დახმარებით ომი უფრო დიდხანს გაგრძელდება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, - რომელიც აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ოფიციალურად აცხადებს. მათთვის ეს კარგი არ არის“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივნისს პრესკონფერენციაზე.

მან ჩინეთს მოუწოდა, „მყარი“ პოზიცია დაიჭიროს.

ჩინეთი ფორმალურ ნეიტრალურობას ინარჩუნებს, - ოფიციალურად არ აცხადებს, რომ ამ კონფლიქტში რუსეთის მხარესაა.

თუმცა მის პოზიციაზე სულ უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.

ჩინეთმა 2023 წლის თებერვალში წარადგინა სამშვიდობო გეგმა „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის“ შესახებ.

მეტწილად სიმბოლური 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს არ მოიცავს, ითვალისწინებს „საბრძოლო ბლოკების გაძლიერებასა და გაფართოებაზე უარის თქმას“.

ამერიკული დაზვერვის ცნობით, ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ტონგ იუნმა განაცხადა, რომ ჩინეთი არცერთ მხარეს არ აწვდის იარაღს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აპრილში განმარტა, რომ ჩინეთი უშუალოდ იარაღს კი არ აწვდის რუსეთს, არამედ აწვდის კრიტიკულ კომპონენტებს, რასაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს.

ლოიდ ოსტინი ხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. 2024 წლის 2 ივნისი. სინგაპური
ლოიდ ოსტინი ხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. 2024 წლის 2 ივნისი. სინგაპური

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმითვე, მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის ექსპორტს, - ისეთ ნივთებს, რაც სამოქალაქო დანიშნულების გარდა, სამხედრო მიზნითაც შეიძლება გამოდგეს.

გარდა იარაღის მიწოდებისა, ჩინეთი რუსეთს იმითაც ეხმარება, რომ მისგან დიდი რაოდენობით ყიდულობს გაზსა და ნავთობს. სწორედ ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები ამუშავებს რუსეთის ომის მანქანას. ეს კი, თავის მხრივ, დასავლური სანქციების ეფექტს ასუსტებს.

3 ივნისს ჩინეთმა ზელენსკის ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთს უკრაინა-რუსეთის ომზე „არასოდეს დაუსხამს ცეცხლზე ნავთი“.

საგარეო სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინასთან ურთიერთობას და მისი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. „ჩინეთის პოზიცია სამშვიდობო კონფერენციასთან დაკავშირებით ძალიან ღია და გამჭვირვალეა“, - ამბობს იგი და დასძენს: „ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მივიღოთ ყველა მხარის გაგება და მხარდაჭერა“.

ჩინეთისა და რუსეთის უთანხმოება

სინგაპურში ზელენსკიმ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის ინდონეზიის პრეზიდენტთან, აშშ-ის კონგრესმენებსა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან.

3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მცდელობები, ჩინეთთან მიაღწიოს გარიგებას „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენის ასაშენებლად, - გაზსადენისა, რომელმაც რუსეთი და ჩინეთი უნდა დააკავშიროს, - ჩიხში მოექცა.

მიზეზი ფასებსა და მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებული უთანხმოებაა.

გამოცემა Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთი „ციმბირის ძალა 2“-ის მეშვეობით მიწოდებულ გაზში მხოლოდ იმ ტარიფის გადასახდელად არის მზად, რომელიც ახლოსაა რუსეთში შიდა ბაზრის ფასებთან, - რის სტაბილურობას სახელმწიფო სუბსიდიები უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, პეკინი 50 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის მხოლოდ მცირე ნაწილის შესაძენადაა მზად.

გამოცემა ასკვნის, რომ მილსადენთან დაკავშირებით პეკინის მკაცრი პოზიცია ცხადყოფს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა პუტინს სი ძინპინზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საქართველო აღრმავებს ჩინეთთან პარტნიორობას

იმ დროს, როდესაც ომში ჩაბმული უკრაინა ჩინეთს აგრესორი რუსეთის მხარდაჭერის გამო საყვედურობს, საქართველო, - რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკურ კავშირებზე შორს მიდის და პოლიტიკურად უახლოვდება.

საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

შემდეგ კი მხარეებმა გააგრძელეს თანამშრომლობა და, ეკონომიკასთან ერთად, პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.

ირაკლი კობახიძე გაპრემიერებამდე, 2024 წლის იანვარში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

აპრილის შუა რიცხვებში კი საქართველოს ეწვია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია. დელეგაცია პრემიერს, მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს შეხვდა.

„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა.

შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.

„საქართველოს ხელისუფლება აშკარად აჩვენებს, რომ სურს, იყოს დიქტატურების ორბიტაზე - რუსეთთან და ჩინეთთან. ის ცხადად ამბობს, რომ ევროკავშირის გზა არ არის ის, რაც მას სურს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იაკუბ იანდამ, რუსეთისა და ჩინეთის საკითხების ექსპერტმა.

„ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები განუყოფელია“

ჩინეთი დიდი ხანია, დაინტერესებულია ცენტრალური აზიით და რეგიონში გავლენას აფართოებს, - რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. ახლა უფრო აქტიურად ჩნდება სამხრეთ კავკასიაშიც. მისი ინტერესები მხოლოდ ეკონომიკურია?

პეკინსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის დაპირისპირების დიდი წილი მიწოდების ჯაჭვის ლოგისტიკის კონტროლზე მოდის.
მარტინ ჰალა

„ჩინეთის პარტია-სახელმწიფოსათვის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები განუყოფელია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ასეთი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების შემთხვევაშიც, როგორიც ანაკლიის პორტია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი ცენტრის, Synopsis-ის დამფუძნებელი, დოქტორი მარტინ ჰალა. ის წლებია, ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიების ინვესტიციებს აკვირდება.

„პეკინსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის დაპირისპირების დიდი წილი მიწოდების ჯაჭვის ლოგისტიკის კონტროლზე მოდის. „შუა დერეფანმა“ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა, - როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალისხმევის ნაწილი, გააკონტროლოს სტრატეგიული საზღვაო მარშრუტები და დააკავშიროს ისინი სახმელეთო გზებთან“, - ამბობს მარტინ ჰალა.

ანალიტიკოსი შენიშნავს იმასაც, რომ შავი ზღვა პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინის აქტიურ საომარ ზონებთან; რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ნაწილში, ოჩამჩირეში, რუსეთი აშენებს სამხედრო ბაზას.

„ჩინეთი რუსეთს ომის წარმოებაში მრავალი არხით უჭერს მხარს. მომარაგების პოტენციურმა ჯაჭვმა [„შუა დერეფანმა“, რომელიც ანაკლიის პორტზე გაივლის], რომელსაც რეგიონში რუსეთის საზღვაო ბაზაზე ჩადინების შესაძლებლობა ექნება, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს კონფლიქტის სამხედრო ბალანსზე“, - ამბობს მარტინ ჰალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG