Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა


„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აშშ „პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს“, ვისთან დაიჭირონ საქმე, თუმცა დასძენს, რომ ჩინეთის კომპანიებთან საქმის დაჭერისას საჭიროა, „გაირკვეს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე“.

„ჩინეთი დიდი ხანია, მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნატოს თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. მისი თქმითვე, შავი ზღვა ალიანსისთვის „სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად რჩება“.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიახლეს დამატებითი გავლენა აქვს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

ეს არ არის კარგი ამბავი არც ევროკავშირისთვის, - მიუთითებენ ექსპერტები, - რადგან ანაკლიის პორტში ასეთი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, „შუა დერეფნის“ პროექტში, - რომელიც ევროპასა და ჩინეთს ალტერნატიული გზით აკავშირებს, - პეკინის როლი დომინანტური ხდება.

„ახალი ეპოქა“ - ანაკლიის პორტი

2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.

ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში 2023 წლის ბოლოსთვის ორი კომპანია იყო დარჩენილი. მათ შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ:

  • ერთი „შვეიცარიულ-ლუქსემბურგული“ კონსორციუმი იყო
  • მეორე - „ჩინურ-სინგაპურული“ კონსორციუმი.

კონტრაქტის შესახებ არც ახლაა ბევრი რამ ცნობილი.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯერ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საბოლოოდ, წინადადება მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი

კონსორციუმში, რომელთანაც საქართველო მთავრობა ანაკლიის პორტზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს, შედიან:

  • CCCC - „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited - რეგისტრირებული ჩინეთში)
  • CHI - „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment - რეგისტრირებული სინგაპურში)

მართალია, CHI სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. ამას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს.

მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს:

  • CRBC - „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation(;
  • QPI - „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).

ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.

მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონკურსიდან ევროპული კონსორციუმის გასვლის მიზეზი ის იყო, რომ „კომპანიისთვის სახელმწიფოს მხრიდან 51%-იანი ჩართულობა მისაღები არ გახლდათ და მას პროექტიდან უფრო მეტი ამონაგების მიღების მოლოდინი ჰქონდა“.

რადიო თავისუფლებამ სცადა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ T.I.L Holding S.A-თან (Terminal Investment Limited Holding S.A.) დაკავშირება კითხვით, რა მიზეზით არ წარადგინეს ტენდერში საბოლოო წინადადება. კომპანიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.

ანაკლია
ანაკლია

რა ვიცით კომპანიებზე - მოკლედ

კონსორციუმის ერთ-ერთი შემადგენელი ფირმა, CCCC, ჩინეთის ამბიციური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, - და, ამავე დროს, შეერთებულ შტატებს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დესტრუქციული ქმედებების გამო.

მეორე კომპანია, CHE, დაკავშირებულია შრი-ლანკის სკანდალებით ცნობილ ჰამბანტოტას პორტთან, - პროექტთან, რომელიც ჩინეთის „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითად განიხილება.

ქვეკონტრაქტორებიდან ერთ-ერთი, CRBC, უკვე წლებია მუშაობს საქართველოში და ასობით მილიონი ლარის შეკვეთები აქვს განხორციელებული.

მეორე ქვეკონტრაქტორია QPI, რომელიც ჩინეთის ხუთ უმსხვილეს პორტს მართავს და 86 ნავმისადგომს ამუშავებს.

CCCC: „ბაზრის გიგანტი“

საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი აცხადებს, რომ CCCC „ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანიაა მსოფლიოში“.

მართლაც, CCCC-ის თანახმად, იგი, შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთ კონტინეტზე, 157 ქვეყანაში, ასობით აქტიურ პროექტშია ჩართული.

„მაგრამ კომპანია, მზარდ გავლენასთან ერთად, საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს“, - წერს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, - რომელიც საქართველოში ჩინეთის აქტივობებს სწავლობს, - 31 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ეკონომიკის სამინისტრო, მედიაში გავრცელებულ მსგავს ცნობებზე პასუხად აცხადებს, რომ „კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება“.

2020 წლიდან შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს CCCC, რამდენიმე შვილობილ კომპანიასთან ერთად, შეყვანილი ჰყავს „დამატებით განსაზღვრული პირების“ (Non-SDN, entity list) სიაში.

მართალია, ეს აქტივების სრულ ბლოკირებას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ CCCC-სთან და მის შვილობილ ფირმებთან გარკვეული ტრანზაქციები; ასევე, ეკრძალებათ მათთან ვაჭრობა სპეციალური ლიცენზიის გარეშე. ამას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს.

გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო.

მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებდა, რომ CCCC, შვილობილებთან ერთად, ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო წყლებში „ხელოვნური კუნძულების მშენებლობასა და სამხედრო ფორპოსტების ფართომასშტაბიან მშენებლობასა და შეიარაღებაში“.

2019 წლის 11 ივნისს მაიკ პომპეომ საქართველოს „ვითომ მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და საქართველო ანაკლიის პორტში მათს „მტაცებლურ“ ინტერესებზე გააფრთხილა
2019 წლის 11 ივნისს მაიკ პომპეომ საქართველოს „ვითომ მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და საქართველო ანაკლიის პორტში მათს „მტაცებლურ“ ინტერესებზე გააფრთხილა

სამხრეთ ჩინეთის ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი და ტაივანი, - რომელიც შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, - პრეტენზიებს გამოთქვამენ კუნძულებთან დაკავშირებით.

აშშ-სთან დაპირისპირებამდე წლებით ადრე, იგივე კომპანია მსოფლიო ბანკს ჰყავდა დისკვალიფიცირებული კორუფციის გამო.

უფრო ზუსტად, მსოფლიო ბანკს 2011 წლიდან 2017 წლამდე CCCC-ისა და მისი შვილობილი კომპანიებისათვის აკრძალული ჰქონდა, მონაწილეობა მიეღოთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ სამშენებლო პროექტებში.

მიზეზი ასეთი იყო: CCCC, მსოფლიო ბანკის თანახმად, არის კიდევ ერთი სახელმწიფო კომპანიის, „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ (CRBC-ის) „სამართალმემკვიდრე“, ამ უკანასკნელს კი 2009 წლიდან 8 წლით ჰქონდა იგივე აკრძალვა დაწესებული.

ამ გადაწყვეტილების უშუალო მიზეზი, მსოფლიო ბანკის თანახმად, ფილიპინების ერთ-ერთ საგზაო პროექტში თაღლითური პრაქტიკის გამოვლენა იყო.

CRBC-ი, თავის მხრივ, ანაკლიის ახალი კონსორციუმის ქვეკონტრაქტორია. ის ამჟამად უკვე ახორციელებს პროექტებს საქართველოში.

CRBC-ის კვალი საქართველოში

ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი, CRBC-ი, 2018 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

„სამოქალაქო იდეის“ 2021 წლის კვლევის თანახმად, 2018-20 წლებში საქართველომ 900 მლნ და 7 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გააფორმა ჯერ უბისა-შორაპნის 13 კმ-იანი მონაკვეთის ასაშენებლად, შემდეგ კი ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის შესაკეთებლად.

2020 წელს უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე დასაქმებულთა დაშავების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე კომპანიას ყაზახეთში, კენიაში, უკრაინაში, ხორვატიასა და სხვა ქვეყნებში ელიტურ კორუფციაში სდებდნენ ბრალს.

ჰამბანტოტას პორტი

კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ფორმალურად სინგაპურშია დარეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის შვილობილია, არის CHI - China Harbor Investment-ი.

CHI-ი, თავის მხრივ, China Harbor Engineering Corp.-თან (CHEC-თან) არის დაკავშირებული. ორივე მათგანის „მშობელი“ კომპანია კვლავ CCCC-ია.

CHEC-საც არაერთი სკანდალი უკავშირდება მსოფლიოში.

მაგალითად, კომპანია ბანგლადეშის მთავრობას ჰყავს შავ სიაში შეყვანილი ერთ-ერთი თანამდებობის პირის მოქრთამვის ბრალდების გამო.

CHEC-ი უკავშირდება ჩინეთის „ვალის ხაფანგის“ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას, ამ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითს, - შრი-ლანკის სკანდალებით ცნობილ ჰამბანტოტას პორტს.

შრი-ლანკა. საპორტო ქალაქი კოლომბო
შრი-ლანკა. საპორტო ქალაქი კოლომბო

მკვლევრების თანახმად, ჰამბანტოტის პროექტი იმდროინდელმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების, - რომლებიც აღნიშნული რეგიონიდან იყვნენ, - პირადი კორუფციული ინტერესების გამო დაიწყეს, თუმცა ქვეყანამ ვალის მომსახურება ვერ შეძლო. საბოლოოდ, სესხის რესტრუქტურიზაციის პირობებში, 2017 წელს შრი-ლანკამ პორტი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებს 99 წლით გადაუფორმა.

„სესხის ხაფანგი“ სწორედ ამ პრაქტიკას ეწოდება, - როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისდამი სხვა სახელმწიფოების ვალს. მედიასა და ანალიტიკურ ლიტერატურაში ამ მოვლენას „ხაფანგს“ უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, ჩინეთი სესხებს ამა თუ იმ ქვეყნის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის მიზნით იყენებს, რათა მათზე ზემოქმედებისთვის ბერკეტები გაიჩინოს.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ძალიან ხშირად ის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის ვალში არიან ჩაფლული, მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტების პირობებში, ნებით შედიან ამ ურთიერთობებში.

„ჩინეთის ვასალი“?

სესხების შესაძლო გამოყოფას ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ითვალისწინებს.

2023 წლის 31 ივლისს დადებული შეთანხმებით ჩინეთი დებს პირობას, რომ „შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს“.

„საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო ჩინურ ეკონომიკურ სატელიტად აქციოს, - გაიზიაროს ბედი, რაც კამბოჯამ თუ პაკისტანმა იწვნია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იაკუბ იანდა, რუსეთისა და ჩინეთის საკითხების ექსპერტი.

2024 წლის 8 მაისს საქართველომ „დედოლარიზაციის“ - ეკონომიკაში დოლარის როლის შესუსტების - შესახებ გააფორმა მემორანდუმი კამბოჯასთან. ეს ქვეყანა, „ჩინეთის ინდექსის“ თანახმად, - რომელიც აჩვენებს მსოფლიოში ქვეყნების დამოკიდებულების დონეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე, - ამ სიაში მეორე ადგილზეა.

„პრაქტიკულად, საქართველო ეგება ხაფანგში, საიდანაც ვერსად გაიქცევა - მეტი ჩინური ინვესტიცია ნიშნავს მეტ ჩინურ საწარმოს საქართველოში, ნიშნავს ჩინეთის ჯაშუშური შესაძლებლობების გაზრდასა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელში ჩაგდებას“, - გვეუბნება იაკუბ იანდა.

შუა დერეფანი

„ანაკლია შუა დერეფნის გვირგვინია“, უთხრა რადიო თავისუფლებას რომანა ვლაჰუტინმა, გერმანიის მარშალის ფონდის (GMFUS) მიწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. ის კავშირგაბმულობის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელია.

თუ უშვებ, რომ ჩინეთი ასეთ საკვანძო პუნქტს ააშენებს, ამით უშვებ, რომ მან აკონტროლოს გლობალური ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტი“, - ამბობს იგი.

ანაკლიის პორტის ინვესტორის გარკვევას წინ უძღოდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 2023 წლის ივლისში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რაც შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

მომდევნო თვეებში მხარეებმა გააგრძელეს არათუ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.

შემოდგომაზე საქართველომ ჩინეთიდან ტურისტების მიღება უვიზოდ დაიწყო, 31 მაისიდან კი - ორ დღეში ინვესტორის გარკვევიდან - საქართველოს მოქალაქეებმაც დაიწყეს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა.

საქართველოსა და ჩინეთის მმართველმა პარტიებმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ერთმანეთთან სტუმრობასაც მოუხშირეს.

ირაკლი კობახიძე გაპრემიერებამდე, 2024 წლის იანვარში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა; პრემიერად პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირში, ბრიუსელში გამართა, შინ დაბრუნებული კი ჩინეთის ელჩს შეხვდა.

მოგვიანებით, 15 აპრილს, - იმ დროს, როდესაც პარლამენტი „აგენტების კანონს“ განიხილავდა და თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობდა, - საქართველოს ეწვია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია.

დელეგაცია პრემიერს, მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მხარეები „მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს“ და აღნიშნეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით … ურთიერთობებში ახალი ეპოქა იწყება“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცეკას დელეგაციას შეხვდა

„დიქტატორების ორბიტაზე“

ექსპერტების თქმით, ანაკლიის პორტის პროექტში ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ჩართვას საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკაზე აქვს გავლენა.

„გადაწყვეტილება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ აგენტების კანონის საბოლოოდ მიღებიდან ერთ დღეში, შემთხვევითი არ უნდა იყოს“, - ეუბნება თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი 2015-16 წლებში, რადიო თავისუფლებას.

„ყველასთვის ცნობილი საიდუმლო იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა, პროექტი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას განეხორციელებინა, მაგრამ … დრო, როდესაც ეს გამოაცხადეს, გარკვეულ სიგნალს გზავნის“, - ამბობს ყოფილი მინისტრი, რომელიც ახლა „სამოქალაქო იდეის“ დირექტორია.

„საქართველოს ხელისუფლება აშკარად აჩვენებს, რომ სურს, იყოს დიქტატურების ორბიტაზე - რუსეთთან და ჩინეთთან. ის ცხადად ამბობს, რომ ევროკავშირის გზა არ არის ის, რაც მას სურს“, - ამბობს იაკუბ იანდა და დასძენს: „ევროკავშირის ბევრი ლიდერი უკვე ნათლად ხედავს ამას“.

იაკუბ იანდა, რომელიც ჩეხეთში დაფუძნებული „ევროპული ფასეულობების“ ანალიტიკური ცენტრის დირექტორია, ეჭვობს, რომ თუკი საქართველომ ასე გააგრძელა, „ევროკავშირის დაფინანსება და ყველა სხვა პოზიტიური შესაძლებლობა ევროკავშირის მხრიდან დაიხურება“.

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, - რაც „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიებს ეყრდნობა, - დასავლეთთან ანტაგონიზმად აღიქმება.

2024 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც დაფინანსების 20%-ს მაინც დასავლეთიდან იღებს. დაძლეულია პრეზიდენტის ვეტოც.

ერთადერთი საგარეო აქტორი, რომელიც „ოცნებას“ ამ ნაბიჯებისთვის აქებს, მოსკოვია.

თუკი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ ჭრილში განიხილავდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს ჩინეთსა და აშშ-სთან, ახლა აშშ-სთან ურთიერთობები ისტორიულად დაიძაბა.

ანტიდასავლურ ღერძთან - ჩინეთი-რუსეთი-ირანთან - ასოცირების ნიშნად აღიქვეს ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოულოდნელი სტუმრობა თეირანში, სადაც იგი ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

ანალიტიკოსი იაკუბ იანდა ამბობს: „თუ ეს პროცესი ასე განვითარდა, ევროპა და აშშ უარს იტყვიან საქართველოზე და ჩათვლიან დაკარგულ, გეოპოლიტიკურად წარუმატებელ სახელმწიფოდ, რომელსაც დასავლური მომავალი არ აქვს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG