Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მორიგი ამერიკული იარაღის მოლოდინში


გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო უკრაინისათვის თანამედროვე ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“, მიწოდება.
გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო უკრაინისათვის თანამედროვე ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“, მიწოდება.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ხუთწლიანი სასტიკი ომის განმავლობაში აშშ-მა ასობით მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის არმიის შესაიარაღებლად ღამის ხედვის მოწყობილობით, ჯავშანჟილეტებით, სატრანსპორტო საშუალებებით, ტანკსაწინააღმდეგო რადარებითა და სხვა აღჭურვილობით.

აშშ-ის ადმინისტრაციაში მიმდინარე მრავალწლიანი შიდა დებატების შემდეგ, გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო უკრაინისათვის თანამედროვე ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“, მიწოდება, რასაც, როგორც ზოგიერთი შიშობდა, მოსკოვის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ამერიკელი კანონმდებლები ამზადებენ ნიადაგს ახალი ფსონისთვის იმ საკანონმდებლო აქტის სახით, რომელიც ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს გადასცეს კიევს ხმელეთი-ჰაერის კლასის რაკეტები.

MANPADS-ი შეზღუდული გამოყენების პერსპექტივით

ამერიკელი კანონმდებლების ძალისხმევა მიმართულია საკანონმდებლო შესწორებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ეხება და აუქმებს ფორმულირებას, რომელიც კრძალავს ამერიკული კლასიფიკაციით MANPADS-ის კატეგორიის, ანუ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, გაყიდვას.

წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკკოლის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, ალბათ იოლად მიიღებენ, არ ითვალისწინებს იარაღის ერთბაშად მიწოდებას.

პროცედურულად, საბოლოო გადაწყვეტამდე საკანონმდებლო აქტს მხარი უნდა დაუჭიროს აშშ-ის არაერთმა ოფიციალურმა სტრუქტურამ, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ.

რაც შეეხება შესაძლო გამოყენებას, ამჟამად ხმელეთი-ჰაერის კლასის რაკეტებისათვის უკრაინაში შეზღუდული რაოდენობის სამიზნეები თუ არსებობს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს არ აქვს საბრძოლო თვითმფრინავები, რუსეთის მიერ საკუთარი თვითმფრინავების გაგზავნა კი უკრაინაში გააქარწყლებდა მოსკოვის მტკიცებას, რომ იგი არ ერევა საომარ კონფლიქტში.

და მაინც, ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული შესწორება მკაფიო სიგნალია კრემლისათვის, თუ ვის მხარეზეა კონგრესი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, - ამბობს სტივენ პფაიფერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის „ჯაველინების“ გადაცემის შემდეგ რაკეტების გადაცემას ვაშინგტონის მორიგ ლოგიკურ ნაბიჯს უწოდებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს, ვიდრე „ჯაველინების“ მიწოდება იყო“, - ამბობს პფაიფერი, ამჟამად სტენფორდის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტის ფრიმან სპოგლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. „ჩვენ არ ვლაპარაკობთ უკრაინის არმიისათვის არც F-35 კლასის გამანადგურებლებისა და არც M-1 ტიპის ტანკების გადაცემაზე".

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს უკრაინისათვის სარაკეტო კომპლექსების გადაცემის თაობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ომი და მშვიდობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ცნობილია, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ნაბიჯი კონგრესის იმ ფართო ძალისხმევის შემადგენელი ნაწილია, რაც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაზრდას ითვალისწინებს. ორი ცალკეული საკანონმდებლო აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატშია შესული, მოუწოდებს მთავრობას 300 მილიონ დოლარამდე გაზარდოს ყოველწლიური სამხედრო დახმარება უკრაინისათვის, რაც შარშანდელზე საგრძნობლად მეტია.

ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკრაინას გადასცენ ასევე გემსაწინააღმდეგო რაკეტები და სანაპირო დაცვის შეიარაღება შარშან ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის პასუხად. 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში რუსეთის სანაპირო დაცვის ძალებმა ხელთ იგდეს სამი უკრაინული სამხედრო გემი და ტყვედ აიყვანეს 24 მეზღვაური.

ამას გარდა, კვლავ გრძელდება შეტაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის შემდეგ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან სამხედრო კონფლიქტში 13 ათასი კაცი დაიღუპა.

ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად დონბასში ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და რვა დაიჭრა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუ ვაშინგტონი მართლა მიაწვდის ხმელეთი-ჰაერის კლასის რაკეტებს უკრაინას. გასარკვევია, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი ჩიხში შესულ სამშვიდობო პროცესზე, კერძოდ, „ნორმანდიულ ფორმატში“ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ე.წ. მინსკის სამშვიდობო საკონტაქტო ჯგუფის მუშაობაზე.

მით უფრო, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მხარს უჭერს ურთიერთობების გაგრძელებას ორივე ფორმატში, ხოლო გასულ კვირაში სამმხრივი ჯგუფის მონაწილეები - რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს წარმომადგენლები -პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

კონსტანტინე კოსაჩოვმა, კრემლთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გააკრიტიკა აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის განკუთვნილი დაფინანსების გაზრდა, რითაც, რუსი პოლიტიკოსის აზრით, ვაშინგტონი აღვივებს უკრაინის შიდა კონფლიქტს. „ყოველი მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება კიევისათვის - ეს არის ახალი მსხვერპლი და ახალი თვეები და, შესაძლოა, წლებიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ იმ ომში, რომელშიც თავისი წილი პასუხისმგებლობა აშშ-საც მიუძღვის“, - დაწერა 11 ივნისს ფეისბუკში კოსაჩოვმა.

როგორც ზემოთ ითქვა, MANPADS-ის კატეგორიის, ანუ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, თუ მათი მიწოდება გადაწყდება კიევისათვის, საბრძოლო მოქმედებებში ერთბაშად ვერ ჩაერთვება, რადგან დონბასელ სეპარატისტებს არ გააჩნიათ საკუთარი სამხედრო ავიაცია. თუმცა, როგორც მიშელ პფაიფერმა აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან, კონფლიქტში აქტიურად გამოიყენება უპილოტო ავიაცია.

თავის დროზე, როდესაც ვაშინგტონმა „ჯაველინების“ გადაცემა გადაწყვიტა, მოსკოვი რისხვით გამოეხმაურა ამ ნაბიჯს, მაგრამ უკვე 2018 წლის აპრილში, როდესაც 210 ანტისატანკო რაკეტა და 37 გამშვები დანადგარი უკრაინაში ჩავიდა,რუსეთის მხრიდან თითო-ოროლა ოფიციალური კომენტარი გაკეთდა.

განვლილი წლის განმავლობაში უკრაინის არმიამ „ჯაველინები“ საჯაროდ გამოსცადა პოლიგონზე, მაგრამ ანტისატანკო შეიარაღება დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში გამოყენებული არ ყოფილა.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი, ირწმუნება, რომ „ჯაველინები“ ფრონტის ხაზიდან შორს, კარგად დაცულ ობიექტში ინახება.

მარტში ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სენატის თავდაცვის კომიტეტზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ჯაველინები“ ფრონტის ხაზზე რომ გამოჩენილიყო, მათი იქ ყოფნა ცნობილი იქნებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალებისთვისაც.

„როდესაც თავიანთი ძალების განლაგების ადგილს ირჩევენ, ისინი ამას მხედველობაში იღებდნენ“ , - განაცხადა გენერალმა კერტის სკაპაროტიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული შეიარაღებული სეპარატისტული ამბოხის შემდეგ უკრაინამ 2014 წლიდან მოყოლებული ვაშინგტონისაგან, მთლიანობაში, 3 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების მიმართულებით დახმარებას, ასევე დახმარებას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის განმტკიცების კუთხით.

XS
SM
MD
LG