ამასთან, სამიტზე ჩაუსვლელობის შესახებ ფაშინიანმა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეატყობინა და არა ამ გაერთიანების ფორმალურ ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტს.
„თუ ეს მართლა ასეა, მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. მსგავსი ღონისძიება კარგ საფუძველს წარმოადგენს აზრების გასაცვლელად და პოზიციათა შესაჯერებლად“, - განაცხადა ფაშინიანის გადაწყვეტილების კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მაგრამ ფაშინიანი „პოზიციათა შესაჯერებლად“ არც მანამდე ჩავიდა ბიშკეკში გამართულ დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე.
ბოლო ხანს სომხეთის ლიდერი პირადად მონაწილეობს დასავლეთის საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ლიდერების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში, ღიად აკრიტიკებს მის „ოფიციალურ მოკავშირეებს“ და აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის, „რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.
„ფაშინიანი ამით იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მზად არის გავიდეს მოსკოვის პოლიტიკური ქოლგიდან. მაგრამ ამას ფაშინიანის მხრიდან ჯერჯერობით მაინც საჩვენებელ გამოსვლას დავარქმევდი“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.
რა დროიდან აღარ ენდობა სომხეთი კუხოს?
სომხეთმა უარი თქვა კუხოს ფარგლებში მის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ორგანიზაციის ერევანში გამართულ სამიტზე უარი თქვა ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტებზე, რადგან, ერევნის თანახმად, მოკავშირეებმა სომხეთს არ გაუწიეს საკმარისი მხარდაჭერა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ სიტუაციაში, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ე.წ. გამყოფი ხაზების რაიონში რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავეს.
„ამ ტერიტორიას, სომხეთი ფორმალურად თავისად მიიჩნევს. აზერბაიჯანი კი იმ ფაქტით აპელირებს, რომ საზღვარი არ არის დელიმიტირებული და ფორმალურად ეს ეგრეთ წოდებული რუხი ზონაა. მაგრამ ამ წყენის მიუხედავად,კუხოსთან სომხეთის ურთიერთობის ისტორია ამით არ მთავრდება, ხიდებს არავინ წვავს. და საერთოდაც, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში ხიდები საერთოდ არ იწვება. ყველას ესმის, რომ განხეთქილების მიზეზი არ არის სისტემური და ის უკავშირდება მხოლოდ კონკრეტულ პრობლემას, ზანგეზურის დერეფანს, რომლის გაკონტროლება რუსეთს თავისი მესაზღვრეებით სურს“, - ამბობ ვადიმ დუბნოვი.
მთიანი ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ ხელმოწერილი, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის უსაფრთხოება რუსეთმა უნდა უზრუნველყოს.
მაგრამ სომხეთს არ სურს ამ დერეფნის კონტროლის უფლების რუსეთისთვის გადაცემა და აქვს საკუთარი ხედვები, რაზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თბილისში, 26 ოქტომბერს გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა.
ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს სომხეთის სამხრეთ ნაწილის გამოყენებით აზერბაიჯანის დამატებით დაკავშირებას თავის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან. ამ ოლქს, რომელიც სომხეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული, აზერბაიჯანი ხმელეთით ირანიდან და თურქეთიდან (საქართველოს გავლით) უკავშირდება.
სწორედ იმ დღეს, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივაზე საუბრობდა, ბიშკეკში გაიმართა დსთ-ის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, სადაც სომხეთს ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი წარმოადგენდა.
„სტრატეგიული შეცდომის“ საპირწონე
სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ, რუსეთზე დამოკიდებულებას. გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის თავის ამოცანას არ ასრულებს.
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.99%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის სფეროში. მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ სურვილის შემთხვევაშიც ვერ შეძლებდა სომხეთის უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა კერძოდ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთმა უკვე იგემა ასეთი სტრატეგიული შეცდომის „მწარე ნაყოფი“ და ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების სტრატეგიის „დივერსიფიკაციას“.
ფაშინიანმა მოგვიანებით იგივე განაცხადა 17 ოქტომბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ეთნიკურ წმენდად“ შეაფასა 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმა მთიან ყარაბაღზე და მისი შედეგები. აღნიშნა, რომ სომხეთს ოფიციალური მოკავშირეები არ დაეხმარნენ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში.
19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხური ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატუმი, რომელიც რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას ითვალისწინებდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიდა ოპოზიცია მთიანი ყარაბაღის დაკარგვისათვის პასუხისმგებლობას ნიკოლ ფაშინიანს აკისრებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი არ აპირებს გადადგომას და განაგრძობს საერთაშორისო ძალისხმევას დასავლეთიდან უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მისაღებად.
ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს მხარდაჭერა სთხოვა რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში.
მან თქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის, „რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.
მაგრამ რამდენად არის თავად სომხეთი მზად ევროკავშირთან უფრო მეტად დასაახლოებლად? რამდენად არის ეს ევროპული არჩევანი რუსული ორბიტის რეალური საპირწონე?
სომხეთი ევროკავშირთან ამჟამად ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში მონაწილეობს და ცდილობს შეასრულოს ამ შეთანხმებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულებები.
„ეს არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ მართლმსაჯულების სფეროში, რომელსაც ძალიან აფასებენ თავად ევროპელები, ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში, რომელიც ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის მუდმივი კომისიის წევრმა, დეპუტატმა არმან ეგოიანმა.
- ერევანსა და მოსკოვს შორის გაუცხოებამ პიკს მიაღწია ბოლო თვეებში. სომხეთმა არაერთი ნაბიჯით გამოხატა თავისი უკმაყოფილება: განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ; გაიყვანა თავისი წარმომადგენელი ОДКБ-დან; პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა და უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა.
- 5 ოქტომბერს გრანადაში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი.
- ოქტომბრის ბოლოს, მალტაში, უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრი ერმაკისა და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის შეხვედრა გაიმართა.
„ეს ნაბიჯები მოწმობს, რომ ფაშინიანი მზად არის გავიდეს მოსკოვის პოლიტიკური ქოლგიდან. მაგრამ ეს ჯერჯერობით მაინც არის საჩვენებელი გამოსვლა, რადგან ОДКБ-ც, დსთ-ც და ყველა ეს სამიტიც, სიმბოლური ღონისძიებების, გარკვეული სიმბოლოების ნაკრებია. განსაკუთრებით ОДКБ. ამიტომ ამ მხრივ მომავალში რაიმე სერიოზული მოძრაობა დასავლეთისკენ არ იქნება. რადგან ეს ყველაფერი გამოწვეულია მხოლოდ რუსეთზე გაბრაზებით და არ ცვლის სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ კურსს. "დასავლეთისკენ წასვლა" (კურსის დასავლეთისკენ აღება) ეს არის კომპლექსი გაცილებით უფრო სერიოზული, ღრმა და სისტემური ღონისძიებებისა, როგორიც თავის დროზე საქართველოში გატარდა“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი.