Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელევიზია მოკლე სიცოცხლით - რა ხდება TV24-ში?


TV24 ეთერში 10 ივნისს გავიდა, თუმცა მისი გამოჩენა მედიაბაზარზე ხანმოკლე აღმოჩნდა
TV24 ეთერში 10 ივნისს გავიდა, თუმცა მისი გამოჩენა მედიაბაზარზე ხანმოკლე აღმოჩნდა

ეთერში გასვლიდან ერთ თვეში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ TV24-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი დაიხურა, მათ ნაწილს ხელფასი არ აუღია და სასამართლოში დავისთვის ემზადება.

„დირექტორის 2024 წლის 15 ივლისის N 01 ბრძანების საფუძველზე, ტელევიზიაში დაიწყო და მიმდინარეობს ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებები“, - TV24-ის მფლობელისა და დირექტორის, შოთა შალელაშვილის ცოლის, ირა ფიჩხაძის ხელმოწერილი ეს შეტყობინება 15 ივლისს ტელევიზიის ყველა თანამშრომელს გაეგზავნა.

აქედან ორ დღეში მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ ხელმოსაწერად გამზადებული წერილებიც მიიღეს.

„პირველ პირში, ჩემს ნაცვლად დაწერილი ტექსტი იყო, რომ თითქოს მე ვტოვებდი სამსახურს ჩემი ნებით და თანახმა ვიყავი ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ 15 დღის ანაზღაურება მიმეღო“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან TV24-ის ჟურნალისტი თამთა ჯანაძე, რომელსაც ივნისის ხელფასი არ აუღია. მან ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა და პირველი მაისიდან TV24-ის ახალი ამბების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.

თამთა ჯანაძე, ჟურნალისტი
თამთა ჯანაძე, ჟურნალისტი

TV24-ში 75-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. არხზე სხვადასხვა ტელევიზიიდან, მათ შორის „იმედიდან“, პირველი არხიდან, „ფორმულიდან“ სხვადასხვა დროს წასული ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური გუნდი შეიკრიბნენ. ისინი ახლა უსამსახუროდ დარჩნენ.

„შევცდი, სასურველი შესაძლებლად წარმოვიდგინე და ჩავთვალე, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ტელევიზიის შექმნის შანსი არსებობდა. მსგავსი გულუბრყვილობა ამ გამოცდილების მქონე ჟურნალისტს არ უნდა დამმართნოდა”, - ამბობს თამთა ჯანაძე. მან TV24-ის კიდევ 33 თანამშრომელთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით 23 ივლისს მიმართა და მედიატორის გამოყოფა მოთხოვა. თანამშრომლები დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევაზე ედავებიან.

TV24-მა მაუწყებლობა 2024 წლის 10 ივნისს დაიწყო, თანამშრომლებთან ხელშეკრულებები ერთი თვით ადრე, პირველი მაისიდან გაფორმდა.

"მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ნანა ლეჟავა, TV24-ის ყოფილი დირექტორი, რომელმაც თანამდებობა პროტესტის ნიშნად 6 ივლისს დატოვა.

დირექტორობა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, მილიარდერი ბიზნესმენის ცოლმა და ტელევიზიის 100%-იანი წილის მფლობელმა ირა ფიჩხაძემ გადაიბარა. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო. ტელევიზიის ამ გადაწყვეტილებას ხელს, როგორც მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს.

ირა ფიჩხაძემ რადიო-ტელეკომპანია TV24 ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 ათას დოლარად იანვრის ბოლოს იყიდა. ახალმა მფლობელმა ტელევიზიას სახელი აღარ შეუცვალა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასები პირველსავე თვეს 5 დღის დაგვიანებით ჩაირიცხა, იმ დღეს, როცა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავიდა.

„6 ივნისს ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა, ვერ ვიცანი ნომერი და არ ვუპასუხე, იგივე ნომრიდან ზარი შევიდა საინფორმაციო სამსახურის უფროს იმედა დარსალიასთანაც, რომელსაც საუბრისას ნელ-ნელა სახე ეცვლებოდა, შოთა შალელაშვილი ურეკავდა.

სატელეფონო საუბრიდან მალევე, შალელაშვილი იმედას შეხვდა, საიდანაც [საინფორმციო სამსახურის უფროსი] აღშფოთებული დაბრუნდა, მოისმინა, რომ ეთერში სპეციალურად არ გავდიოდით, რადგან ხელფასები არ ირიცხებოდა, ეთერში გასვლის დღეს, დილით ხელფასები ჩაირიცხა“, - ჰყვება ნანა ლეჟავა.

ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია TV24-ის საინფორმაციო გამოშვების წაყვანისას
ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია TV24-ის საინფორმაციო გამოშვების წაყვანისას

ხელფასმა ივნისშიც დაიგვიანა. ტელევიზიის ტექნიკურმა ჯგუფმა მაუწყებლობის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში, 10 ივლისს, მთავარი საინფორმაციო გამოშვება პროტესტის ნიშნად ეთერში არ გაუშვა. 19:54-ზე არხის ეთერში გაჩნდა წარწერა: „საცდელი მაუწყებლობის ეტაპი დასრულდა, მალე დაგიბრუნდებით“. მაუწყებლობა არ განახლებულა დღესაც. არხზე ახლა ფილმები გადის ისევ „საცდელი მაუწყებლობის“ წარწერის ქვეშ.

„ამ დრომდე საბანკო ამონაწერის მიხედვით, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილს (ჩემი ჩათვლით) ივნისის თვის ხელფასი არ ჩარიცხვიათ. თანამშრომლების მეორე ნაწილს როგორც მაისის, ისე ივნისის ანაზღაურება ჩაერიცხათ. დღემდე გამოცანად რჩება „სტაფის“ გადარჩევის პრინციპი. ეს მიდგომა დისკრიმინაციულია“, - ამბობს თამთა ჯანაძე და აზუსტებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილ განცხადებას ხელს ის თანამშრომლებიც აწერენ, რომლებმაც ხელფასი დაგვიანებით, თუმცა მაინც აიღეს.

ბრალდებებს უარყოფს შოთა შალელაშვილი და რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ სახელფასო დავალიანებები გასტუმრებულია.

„ვინც გეუბნებათ, რომ ხელფასი არ აუღიათ, დაინტერესებული პირები არიან, არსებობს დოკუმენტაცია, რომ ყველა, ვისაც ეკუთვნოდა და არ იყო „მკვდარი სული“, ჩაერიცხათ. ვინც სამსახურში არ მისულა და ისე უნდა ხელფასი, მათ საკითხს ბუღალტერი გადახედავს“, - ამბობს შალელაშვილი და ტელევიზიის ყოფილ დირექტორს „უფლებამოსილების გადამეტებაში“ ადანაშაულებს.

შოთა შალელაშვილი, ბიზნესმენი
შოთა შალელაშვილი, ბიზნესმენი

„როცა 50 თანამშრომელია შეთანხმებული და 90-ის ხელფასებს წარმოგიდგენენ, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება ან არასწორი დათვლა, ეს ხალხი რომ აიყვანეს, ხომ იცოდნენ, რომ არ იყო ამდენი თანხა ბიუჯეტში, საიდან მოიყვანეს ეს ხალხი?“.

„სასამართლოს მიმართონ“

ნანა ლეჟავა ამტკიცებს, რომ თაღლითობის მსხვერპლია. მასა და ტელევიზიის დამფუძნებლებს შორის პირველი უთანხმოება ეთერში გასვლიდან ორ კვირაში წარმოიშვა. შოთა შალელაშვილის ოჯახის ინტერესებს კომპანიაში შალელაშვილის პოლიტიკური პარტიის წევრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სანდრო თოფურია წარმოადგენდა. ნანა ლეჟავას თქმით, შალელაშვილის ოჯახს სანდრო თოფურიას მეშვეობით ელაპარაკებოდა.

„ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო - რაც დაგჭირდება - იქნება. გაიწერა სტრუქტურა - პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა - და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია და ყველაზე სანდო კაცი, როგორც მივხვდი“, - ამბობს ნანა ლეჟავა და ამატებს, რომ არცერთი თანამშრომელი ტელევიზიაში სანდრო თოფურიასთან შეთანხმების გარეშე არ აუყვანია. გადაწყვეტილებებსაც მას უთანხმებდა, თუმცა 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა:

„ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.

მუდმივად მიწევდა ახსნა, მაგალითად, რაში მჭირდება ორი ვიზაჟისტი! სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი. ვინც ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი (ყველა მასალას იღებს) რას აკეთებს? და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო“.

მას შემდეგ, რაც ურთიერთობა ჩიხში შევიდა, მიიღო გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის მფლობელი შოთა შალელაშვილი საქმის კურსში ჩაეყენებინა. ლეჟავას თქმით, შალელაშვილს 4 ივლისს შეხვდა, თუმცა მისგან მოისმინა, რომ თანამშრომლებისთვის საშემოსავლოს გადახდას არ აპირებს და "ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ". შეხვედრას ესწრებოდა სანდრო თოფურიაც. ჟურნალისტი და მფლობელი კიდევ ერთხელ 2 დღის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს, ნანა ლეჟავამ პირველ რიგში იკითხა, იხდიდა თუ არა საშემოსავლოს.

„პასუხი? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები - ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინო!

ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან (სანდრო თოფურია) ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი, მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს", - ამბობს ნანა ლეჟავა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, ბიუჯეტის გარეშე ტელევიზიის ხელმძღვანელობის გაუთვალისწინებელი ხარჯები ვავსოთ”, - ამბობს შალელაშვილი და ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა ნანა ლეჟავამ იცოდა, რომ „დაბალბიუჯეტიანი ტელევიზია უნდოდათ“ და თანამშრომლები 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით უნდა აეყვანათ.

TV24-ის თანამშრომლები მთავარი გამოშვებისთვის ემზადებიან, ფოტო გადაღებულია 2024 წლის 24 ივნისს
TV24-ის თანამშრომლები მთავარი გამოშვებისთვის ემზადებიან, ფოტო გადაღებულია 2024 წლის 24 ივნისს

„ფეხი იმხელაზე უნდა გაშალო, რამხელაზეც ადიელა გაგწვდება. რა იყო ამ ხალხში ისეთი [რომ] ვარსკვლავებს წყვეტდნენ? ყველაფერი რომ მიეღოთ? რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ თუ ხელფასები ვინმეს წავართვით, სასამართლოს მიმართონ”, - ამბობს შალელაშვილი.

პოლიტიკა და მედია: რად უნდოდა ტელევიზია?

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე მედიაჩეკერთან 12 ივლისით დათარიღებულ ინტერვიუში ამბობს, რომ შალელაშვილმა ტელევიზია პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენა და ასახელებს პარტიებს, რომლებთანაც, მისი ინფორმაციით, შალელაშვილს შეხვედრები ჰქონდა.

„შალელაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებს ეუბნებოდა, ნახეთ, როგორი დაბალანსებული, მიუკერძოებელი ტელევიზია გვაქვს და როგორი მედიაკულტურით გვინდა, შემოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეშიო...

როცა შალელაშვილი დარწმუნდა, რომ ტელევიზიას პოლიტიკურად ვერ გამოიყენებდა, გადაწყვიტა, რომ გაჩერების რეჟიმზე გადაეყვანა”, - ამბობს ირაკლი აბსანძე.

ტელევიზიის თანამშრომლებს მენეჯმენტი გაფართოებასაც დაჰპირდა, რომ შემოდგომიდან ახალ ოფისში დიდ დიღომში გადავიდოდნენ, თუმცა ეს პირობაც დაირღვა.

„პოლიტიკოსებისთვის ისიც კი ნათქვამი აქვს, რომ შევისყიდე და ეს იქნება ჩვენი ცენტრალური ოფისიო. თანდათან ჩნდებიან ადამიანები, ვისაც ამ სტუდიის მოწყობას უკვეთავდა და შემდეგ გაქრა. ძალიან კარგად ჩანს სურათი, რომ ყველაფერი, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, იყო უბრალოდ ხმაურის შესაქმნელად. იმისთვის, რომ როცა მივიდოდა ვინმესთან სალაპარაკოდ, მას დახვედროდა ქალაქში მოარული ამბები, რომ შალელაშვილი დიდ ტელევიზიას აკეთებს, არემონტებს შენობას, აჰყავს სტაფი”, - ამბობს აბსანძე.

ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრი იყო. ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 4 მიწის ნაკვეთს, სამ ბინას, მათ შორის ისრაელსა და მოსკოვში, ხუთ ავტომანქანას, ფერწერულ ტილოებსა და ძვირფას მაჯის საათებს. დეკლარაციის შევსების პერიოდში, მის საბანკო დეპოზიტზე, რომელიც ისრაელის ბანკში აქვს გახსნილი, 1 293 030 დოლარი ინახებოდა, ხოლო ბანკ „ქართუს“ ანგარიშზე 5 000 000 დოლარი ჰქონდა.

პოლიტიკოსმა შოთა შალელაშვილმა საქართველოს პარლამენტი 2019 წელს დატოვა და მიზეზად ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. სამი წლის შემდეგ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რეალური მიზეზი სხვა იყო. „ქართულ ოცნებაში“ „უმრავლესობას უმცირესობა“ მართვს და კრიტიკულ შენიშვნებს არ იღებენო.

2023 წლის მაისში შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია „თაობები საქართველოსთვის“ შექმნა და გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. რადიო თავისუფლებასთან 25 ივნისის ინტერვიუში ამბობდა, რომ წინასაარჩევნო მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთო. ამ განცხადებიდან ერთ თვეში კი ამბობს, რომ „ვაჭრობა ჯერ არ დაწყებულა“.

„მე პოლიტიკურად სავაჭროდ მჭირდებოდა? - არჩევნებამდე 3 თვეა და ჯერ ვაჭრობა არ დაწყებულა. აწი უნდა დამეწყო და ჩამიშალეს? ე.ი. ჩამიშალეს, ბოროტები ყოფილან, არ მავაჭრეს ბოლომდე, მე რამდენიმე მილიონი დავხარჯე, რომ ნანა ლეჟავას ელანძღა შოთა შალელაშვილი. მარტო აპარატურასა და ხელფასებში 600 000 ლარი მაქვს გაცემული“, - ამბობს შალელაშვილი.

2024 წლის 9 ივლისს TV24-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის, უკვე აქვს აქტიური მოლაპარაკებები პოლიტიკოსებთან, მათ შორის შოთა შალელაშვილთან და ახალი გაერთიანების პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში იგეგმება.

შალელაშვილმა მისი ოჯახის ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია უარყო: „არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეთ”, - თქვა ბიზნესმენმა პოლიტიკოსმა.

„ტელევიზიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდოდათ და არ გამოვაყენებინეთ“, - ამბობს ნანა ლეჟავა. ისიც იმ ჯგუფშია, ვინც ჯანდაცვის სამინისტროში წერილი შეიტანა და სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

„გითხრათ, რად უნდოდათ ტელევიზია? წონას იმატებდნენ - აი, ობიექტური ტვ გვაქვს, ფული გვაქვს - ასე დადიოდნენ კარდაკარ, დანამდვიილებით ვიცი მათი შეხვედრები “ახალთან”, როგორ სთავაზობდნენ თავს, თუმცა ორივე ნიკასგან უარი მიიღეს! ხოდა, ბატონო შოთა, ხელფასები ჩაურიცხეთ ხალხს! მათ შორის მეც!“, - ამბობს ნანა ლეჟავა.

21 ივლისიდან ფეისბუკზე მისი და სანდრო თოფურიას კომუნიკაციის ამსახველი აუდიო- და ფოტომასალების გამოქვეყნებაც დაიწყო. ერთ-ერთ პოსტში ნანა ლეჟავა სანდრო თოფურიას სავარაუდო თაღლითობაზე წერს და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ვინმე ალექსანდრე ფომინი ჰყვება 2019 წელს მომხდარ ამბავს, როგორ მოატყუა თოფურიამ და ფომინის კუთვნილი ფული უკან არ დაუბრუნა. ამ დროს თოფურია უკრანიაში იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და შემდეგ ელჩის მრჩეველი.

თოფურია რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს 11 ივლისს ისიც ფეისბუკზე გამოეხმაურა.

„სრული ტყუილი, აბსოლიტურად ყველა ბრალდებაში, რომელიც გაისმის ჩემს მიმართ! მინდა განმვარტო, რაც ჩემი და ქალბატონ ნანას ურთიერთობა შევიდა ჩიხში, გადავედი მასთან კომუნიკაციის ისეთ ფორმაზე როგორიცაა ელექტრონული მიმოწერა, შესაბამისად არსებობს ჩემი პოზიციის დამადასტურებელი ფაქტები და არა ეს მითხრა ის მითხრა. საჭიროების შემთხვევაში, რათქმაუნდა კომპეტენტურ ორგანოებს წარვუდგენ დამადასტურებელ ფაქტებს“, - დაწერა თოფურიამ.

გარი შალონი

შოთა შალელაშვილის შვილი, იგივე გარი შალონი, არის აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი ჰაკერული თავდასხმის ორგანიზატორი. მან ჯგუფთან, მათ შორის რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინთან და აშშ-ის მოქალაქე ჯოშუა სამუელ აარონთან ერთად, უკანონოდ მოიპოვა ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების 100 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. დაზარალებულებს მიადგათ მილიონობით ამერიკული დოლარის ზიანი. დანაშაული ჩადენილია 2012–2015 წლებში.

გარი შალონი, რომლის ქონებასაც საერთაშორისო მედია 2 მილიარდ დოლარად აფასებდა, FBI-მ 2015 წელს დააკავა. გამოძიების ვერსიით, მოპარულ ფულს გარი შალონი ონლაინკაზინოებითა და ბიტკოინებით ათეთრებდა. თუმცა, ის საპროცესო გარიგებაზე წავიდა და საპატიმრო დატოვა. შალონი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმატორი გახდა.

2024 წლის 27 ივნისს „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ გარი შალონის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო, რომ მან FBI-სთან თანამშრომლობის პარალელურად შეძლო და ჩამოაყალიბა „ახალი კრიმინალური ონლაინიმპერია“, რომელიც ძირითადად მოქმედებდა შვედეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და დიდ ბრიტანეთში.

„ბლუმბერგის“ გამომძიებელი ჟურნალისტების ვერსიით, გარი შალონი ქოლცენტრებს უკრაინაში, ბულგარეთსა და საქართველოში თაღლითური საქმიანობისთვის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას აძლევდა და აფინანსებდა კიდეც.

რეორგანიზაცია მიდის თუ დაიხურა?

TV24-ის ჟურნალისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ იმ სამი კვირის განმავლობაში, როცა საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადიოდა, სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ჩარეულა, თუმცა შალელაშვილი ტელევიზიაში რამდენჯერმე ნახეს. თავად რეორგანიზაციის დაწყების მიზეზად ეთერის ჩაშლას ასახელებს, „კოლექტივმა მოვალეობა არ შეასრულაო“.

„ეს თანამშრომლები არც ჩვენი ოჯახიდან და არც სანდრო თოფურიას არ უთხოვია წამოეყვანა სამსახურებიდან, ნანამ წამოიყვანა და მას მაგიდა არ უნდა აეყირავებინა. ჩვენ რა შუაში ვართ? დირექტორს უნდა გაეთვალა შესაძლებლობები და ისე ემოქმედა“, - ამბობს შალელაშვილი.

შოთა შალელაშვილის თქმით, დამფუძნებლები „კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს“ ეძებენ და თუ ახალ გუნდს შეკრავენ, საინფორმაციო გამოშვება ეთერში ისევ გავა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG