Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი მეუღლის ტელევიზიაა“ - რატომ გაიხსნა და ვის ეკუთვნის TV24


TV24 ეთერში 10 ივნისს გავიდა
TV24 ეთერში 10 ივნისს გავიდა

ორ კვირაზე მეტია ეთერშია ახალი ტელევიზია - TV24. კომპანია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა. რადიო თავისუფლება შეხვდა და ესაუბრა ახალი არხის ჟურნალისტებს, წამყვანებს, რედაქტორებსა და მფლობელს.

„ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში აშენებული ტელევიზია, რომელსაც აქვს ამბიცია აკეთოს ჟურნალისტიკა მაღალი სტანდარტით“, - ასე წარადგინეს პირველად TV24-ის გუნდი, არხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა: ნანა ლეჟავამ და იმედა დარსალიამ.

ტელევიზიამ „საცდელი მაუწყებლობა“ 10 ივნისს დაიწყო. ეთერში ჯერ მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გადის. საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი იმედა დარსალია ხელმძღანელობს. მასვე მიჰყავს მთავარი საინფორმაციო გამოშვება 24/8-ზე ნანა ლეჟავასთან ერთად, რომელიც არხის გენერალური დირექტორიცაა.

ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია მთავარი საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობისას
ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია მთავარი საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობისას

„როდესაც შემოთავაზება მივიღე, პირველი, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ გამეკეთებინა ტელევიზია, სადაც ინფორმაცია ობიექტური იქნებოდა, სადაც ცუდზე ამბობ ცუდს და კარგზე ამბობ კარგს, ანუ არ ხარ მხარე.

ჩემი გუნდის წევრებიც ასე ფიქრობენ. ეს მეხმარება გავაკეთოთ ისეთი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ჩვენს გემოვნებაში ჯდება“, - ამბობს TV24-ის დირექტორი ნანა ლეჟავა რადიო თავისუფლებასთან.

ტელევიზიას ახლა დროებითი მისამართი აქვს, იგივე შენობა, საიდანაც წლების განმავლობაში ტელეკომპანია "პირველი" მაუწყებლობდა.

TV24-ის დირექტორი, ნანა ლეჟავა ამბობს, რომ არხის დამფუძნებლები დიღომში ტელევიზიისთვის ახალ შენობას აშენებენ, რისი დასრულების შემდეგაც არხი უფრო სწრაფად დაიწყებს გაფართოებას და პოლიტიკურ გადაცემებს გასართობიც დაემატება.

ვისია ტელევიზია?

საჯარო რეესტრში მითითებულია, რომ ტელეკომპანია "24"-ის მესაკუთრე შპს „ნომი ინვესთმენთია“. ამ კომპანიის მფლობელი ირა ფიჩხაძეა. ის საჯარო პირების ქონების დეკლარაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ცოლია.

ირა ფიჩხაძემ რადიო-ტელეკომპანია TV24 ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 ათას დოლარად იანვრის ბოლოს შეიძინა. ახალმა მფლობელმა ტელევიზიას სახელი აღარ შეუცვალა.

სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები

„მფლობელის გრძელვადიანი გეგმები“, - მპასუხობს ნანა ლეჟავა კითხვაზე - რა გარანტია აქვს, რომ არჩევნებამდე 5 თვით ადრე შექმნილი ტელევიზია დროებითი პოლიტიკური პროექტი არაა.

„გარანტია რა უნდა მიმეღო, გარდა სიტყვიერისა? ჩვენ გაფართოების გეგმები გვაქვს და მე ვხედავ, რომ ეს გეგმები ნელ-ნელა ხორციელდება. ძალიან მალე იქნება ბევრი გადაცემა და ტოქშოუ, ჯერ მხოლოდ ერთი სტუდია გვაქვს.

როცა ხედავ, რომ ადამიანი შენი განვითარებისთის ნაბიჯებს დგამს, ეს უკვე გარანტიაა, რომ ტელევიზია არ არის არჩევნებისთვის შექმნილი და მე მინდა, რომ ამ გარანტიამ გაამართლოს ბოლომდე.

ჩვენ გვაქვს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, არავინ არ ჩარეულა და იმედი მაქვს, არ ჩაერევა”, - ამბობს ნანა ლეჟავა.

ასე გამოიყურება TV24-ის ნიუსრუმი.
ასე გამოიყურება TV24-ის ნიუსრუმი.
ახალ არხს პირველ ეტაპზე მხოლოდ ოთხი სამონტაჟო აქვს.
ახალ არხს პირველ ეტაპზე მხოლოდ ოთხი სამონტაჟო აქვს.

ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ კარიერა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში დაიწყო. მან არხი 2006 წელს დატოვა და 2007 წელს შეუერთდა პარტიას „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელსაც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და იმ დროს მთავარი ოპონენტი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური პარტია ყოფილმა ჟურნალისტმა რამდენიმე თვეში დატოვა და დააფუძნა სტუდია GNS, რომელიც საგამოძიებო რეპორტაჟებს ამზადებდა, რომელიც გადიოდა არხებზე: „კავკასია“ და „მაესტრო“.

2016 წლის ივნისში, ის ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. მაშინ „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ „წინასაარჩევნოდ განხორციელებული ეს საკადრო ცვლილება მათთვის მიუღებელი იყო“.

ნანა ლეჟავა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების, "ქრონიკის" წამყვანიც იყო. 2019 წელს ის ჟურნალისტმა ხატია ქვათაძემ შეცვალა.

ამის შემდეგ ნანა ლეჟავა მცირე პერიოდის განმავლობაში უძღვებოდა საავტორო პროექტს იმავე არხზე, თუმცა, შემდეგ ტელეკომპანია „იმედიდან“ წავიდა.

დიახ, მე მიმუშავია "იმედში" და როცა მე იქ ვმუშაობდი, ჩემი სარედაქციო პოლიტიკა იყო ის, რომ კი, ბატონო, სამთავრობოა, ყველა ქვეყანაში ასეა, იცი სადაც მუშაობ, მაგრამ ის წლები, რაც იქ ვმუშაობდი, ვცდილობდი სარედაქციო პოლიტიკა არ ყოფილიყო პარტიაზე დამოკიდებული, არასდროს მიღალატია ჟურნალისტური პრინციპებისთვის და არ გამიკეთებია ისეთი რამე, რაც შინაგანად დამანგრევდა და არ მინდოდა.

შეიძლება იმუშაო სამთავრობო ტელევიზიაში ისე, რომ აჩვენო ოპოზიცია, მოიყვანო სტუმრად, დაბალანსებული სიუჟეტები მოამზადო. არხზე საგანგებო მდგომარეობაც* იყო და არ ვთვლი, რომ ეს იყო ტრაგედია.

მე ახლაც მჯერა, რომ სწორს ვაკეთებდი. დრომ აჩვენა, რომ ცუდი საქმე არ გაგვიკეთებია, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი.

მე იქაც იგივე პრინციპით ვმუშაობდი, უნდა ყოფილიყო ბალანსი, ოპოზიციისა და მთავრობის ხმა, ამის კეთება მაშინ არ იყო რთული და, ალბათ იმიტომაც წამოვედი, რომ დავინახე ნიშნები, რომ აღარ იყო ამის შესაძლებლობა“, - ამბობს ნანა ლეჟავა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, საეთერო ბადეში გაიზარდა პოლიტიკური გადაცემების წილი, დაემატა ახალი საარჩევნო ტოქშოუები. არხის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს იმისთვის, რომ „არ დაბრუნდეს რეჟიმი“. მეორე ტურში ერთმანეთის ოპონენტები იყვნენ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

იმედა დარსალია ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში „მეცხრე არხში" ახალი ამბების სამსახურის უფროსი იყო. 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საკვირაო გადაცემის, „ახალი კვირის“ წამყვანი გახდა.

იმედა დარსალია, TV24-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი
იმედა დარსალია, TV24-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რომ „ახალი კვირა“ დახურა აუდიტორიისთვის 2022 წელს გახდა ცნობილი.

იმედა დარსალიამ და მისი გადაცემის ორმა ჟურნალისტმა - თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან პოლიტიკური ცენზურის შესახებ განაცხადეს და თქვეს მაუწყებელში რესპონდენტთა „შავი სიებია“-ო.

„ახალი კვირის“ დახურვის შემდეგ, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ჟურნალისტები დარღვევით გაათავისუფლეს და პირველ არხს მათი აღდგენა მოსთხოვა. ომბუდსმების მოთხოვნა არ შესრულდა. ორივე ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი, ახლა TV24-ის რეპორტიორია.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მის ოჯახს, ტელევიზიის წინასაარჩევნოდ გახსნისას, პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

„ამ ტელევიზიის გაკეთება მეუღლემ გადაწყვიტა და მე მას მხარი დავუჭირე, საქართველოში არ არის ობიექტური ტელევიზია, არის ან შავი, ან თეთრი. მე თვითონ გავაკეთებდი არხს, მაგრამ პოლიტიკური ბეგრაუნდის ადამიანს კანონიც უკრძალავს და არც სურვილი მაქვს. არც მე და არც ჩემი მეუღლე არცერთი ფორმით არ ჩავერევით ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში.

ჩემი მეუღლე ექიმია, მაგრამ ამას არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ტელევიზიის მოთხოვნილება გაუჩნდა იმიტომ, რომ საქართველოში ობიექტური ტელევიზია უნდა იყოს, წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეუღლეს“, - ამბობს შოთა შალელაშვილი.

შალელაშვილის პოლიტიკური გეგმები

შოთა შალელაშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი
შოთა შალელაშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი

ბიზნესმენი მე-9 მოწვევის პარლამენტის და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრი იყო. ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.

დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი, 1984-1985 წლებში ხელმძღვანელობდა მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს. 1991-1993 წლებში იყო მოსკოვის „პროგრეს-ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 4 მიწის ნაკვეთს, სამ ბინას, მათ შორის ისრაელსა და მოსკოვში, ხუთ ავტომანქანას, ფერწერულ ტილოებსა და ძვირფას მაჯის საათებს.

დეკლარაციის შევსების პერიოდში, მის საბანკო დეპოზიტზე, რომელიც ისრაელის ბანკში აქვს გახსნილი, 1 293 030 დოლარი ინახებოდა, ხოლო ბანკ „ქართუს“ ანგარიშზე 5 000 000 დოლარი ჰქონდა. ქველმოქმედებაში 1 000 000 ლარი დახარჯა.

შალელაშვილმა საქართველოს პარლამენტი 2019 წელს დატოვა და მიზეზად ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. სამი წლის შემდეგ BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ წამოსვლის რეალური მიზეზი „ქართულ ოცნებაში“ „უმრავლესობის უმცირესობით“ მართვა და კრიტიკული აზრის მიუღებლობა იყოო.

"მე, ჩემი რესურსის, ჩემი თავის რეალიზება ვერ შევძელი პარლამენტში. მიზეზი იყო, რომ ვერ ვიპოვე საერთო ენა ჩემს გუნდთან [საპარლამენტო უმრავლესობასთან] და იძულებული გავხდი, დამეტოვებინა საქართველოს პარლამენტი, არა ჩემი მიზეზით, ისევ საპარლამენტო უმრავლესობის გამო.

2017 წელს დავიწყე საუბარი, რომ უმრავლესობის უმცირესობა მართავდა უმრავლესობის უმრავლესობას, არ იყო ფუნქციები გადანაწილებული. ძირითადად, ამან მაიძულა, გადავსულიყავი ბიზნესში", - თქვა შალელაშვილმა.

2023 წლის მაისში შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია „თაობები საქართველოსთვის“ შექმნა და გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ წინასაარჩევნო მოლაპარაკებებში უკვე ჩაერთო, თუმცა საერთო ოპოზიციური სიის შემთხვევაში, ის ამ გაერთიანებაში არ იქნება.

„წელიწად-ნახევარია პარტია დავაარსე და აბა, რომელი ტელევიზია გვეძახის?! … ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ახალი ტელევიზიის გახსნით, ყველას მივცეთ ტრიბუნა, ამაზე უკეთესს ქვეყანას ვერაფერს გავუკეთებდით”, - ამბობს შალელაშვილი.

ასე გამოიყურება TV24-ის საეთერო
ასე გამოიყურება TV24-ის საეთერო

მიუხედავად მტკიცებისა, რომ TV24 გრძელვადიანი პროექტია, შოთა შალელაშვილი მაინც ასახელებს გარემოებებს, რომლებიც მას „აიძულებს“ არხი დახუროს:

„თუ შევხედავთ, რომ ჩვენი კოლექტივი არ შეასრულებს იმ დავალებას, რასაც ობიექტურობა და გამჭვირვალობა ჰქვია, ვეცდებით სხვანაირად მივუდგეთ და გადავახალისოთ სტაფი.

თუ საზოგადოება ისეთი ბნელია, რომ ობიექტურ ინფორმაციაზე არ არის მოთხოვნა, მაშინ რაღაც პერიოდის შემდეგ არხს დავხურავთ. ჩვენ ვერ ვიქნებით არასწორი ინფორმაციის მიმწოდებელი და ადამიანების ფიქრებზე არასწორ გავლენას ვერ მოვახდენთ, აზრებს ვერ გავუმრუდებთ, მე მჯერა ჩვენი საზოგადოების და იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“.

მაუწყებლობის დაწყებას ჯერ კიდევ აპრილიდან გეგმავდნენ, თუმცა „ერთ-ერთ ადგილობრივ ბანკში“ ანგარიშები დაუხურეს და, შესაბამისად, ტრანზაქციებს პრობლემა შეექმნა.

საგანგებო განცხადებაში, რომელიც არხის ფეისბუკგვერდზე 14 აპრილს გავრცელდა, ეწერა: „მას შემდეგ, რაც TV24-ის დამფუძნებელმა ტელეკომპანიის გახსნის შესახებ ღიად განაცხადა, ხელისუფლებამ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ქართულ მედიასივრცეში ახალი, დამოუკიდებელი აქტორის შემოსვლის წინააღმდეგ.

საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ხელოვნური ბარიერის შესაქმნელად და ზღუდავს ტელეკომპანიის ბალანსზე არსებულ ლეგიტიმურ ფინანსურ რესურსებზე წვდომას, ეს კი აფერხებს TV24-ის ეთერში გასვლის პროცესს“.

ფოტო ასახავს სამუშაო პროცესს ახალ ტელევიზიაში
ფოტო ასახავს სამუშაო პროცესს ახალ ტელევიზიაში

შოთა შალელაშვილის თქმით, ახლა პრობლემა მოგვარებულია. მათ ტელევიზიის ანგარიშები ბანკ „ქართუში“ გადაიტანეს: „გვემსახურებიან ბრწყინვალედ, რაც ჩემთვის გასაოცარი იყო, რამდენად უცნაურად არ უნდა ჟღერდეს“.

არხზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან, მათ შორის „იმედიდან“, პირველი არხიდან, „ფორმულიდან“ სხვადასხვა დროს წასული ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური გუნდი შეიკრიბა.

დღეში სამჯერ, 11-ზე, 2-ზე და 5-ზე გადის დღის საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ჟურნალისტ დავით დვალიშვილს მიჰყავს. დავით დვალიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ჟურნალისტი იყო და 2019-2020 წლებში კურიერის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებაც მიჰყავდა. 2021 წელს მან ტელევიზია დატოვა და ტელეკომპანია „პირველის“ გუნდს შეუერთდა. მოგვიანებით ამ ტელევიზიიდანაც წავიდა.

„TV24 წარმომიდგენია ტელევიზიად, რომელსაც არ სჯერა არც პროსახელისუფლო და არც ოპოზიციური ტელევიზიის, დაახლოებით არჩევნებს ჰგავს, 60-50% არის ის ამომრჩეველი, რომელიც არც ერთ და არც მეორე მხარეს არ ენდობა და არის ვაკუუმი, სადაც ალბათ ჩემი მეუღლის ტელევიზიის მაყურებლები იქნებიან“, - ამბობს შალელაშვილი.

არხის კიდევ ერთი სახეა ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა, რომელსაც 6-საათზე პოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს. ცხვიტავა სამხედრო მიმომხილველია, ის მუშაობდა ტელეკომპანია "იმედშიც". ბოლო წლებში თანამშრომლობს ნატოს საინფორმაციო ცენტრთან, კითხულობს ლექციებს ნატოსა და დეზინფორმაციაზე.

გიორგი ცხვიტავა, ჟურნალისტი
გიორგი ცხვიტავა, ჟურნალისტი

TV24-ის სარედაქციო ბირთვის წევრია ჟურნალისტი ირაკლი აბსანძეც. ის პირველ არხზე ყოველკვირეულ პოლიტიკურ-ტოქშოუს, „კვირის ინტერვიუს“ უძღვებოდა. აბსანძე არხმა გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებით გაათავისუფლა 2021 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა 5-6 ივლისის “ღირსების მარშის“ ჩაშლის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეწამყვანის გათავისუფლების მიზეზი ქცევის კოდექსის იმ პუნქტების დარღვევით ახსნა, რომელიც თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის იმედა დარსალიას თქმით, გუნდის შეკრებაზე დიდი დრო დახარჯეს, ეძებდნენ ჟურნალისტებს „სუფთა“ ბეგრაუნდით, რომელთაც „ვერაფერს წამოაძახებდნენ“.

ირაკლი აბსანძე, ჟურნალისტი
ირაკლი აბსანძე, ჟურნალისტი

„არხს არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, დამფინანსებლების მთავარი მოთხოვნაა ობიექტურები ვიყოთ. არცერთი პოლიტიკური მხარე არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს არხი. მაქსიმალურად ყველა გადაცემაში ვცდილობთ, დასავლური ღირებულებები იყოს მთავარი თემა.

დასავლური ღირებულებები და რუსული კანონი, აქ არის წითელი ხაზი, ამას არასდროს გადავალთ”, - ამბობს იმედა დარსალია.

TV24 ჯერ მხოლოდ სილქნეტსა და მაგთიზეა ხელმისაწვდომი. გენერალური დირექტორის თქმით, ძალიან მალე მულტიპლექს ოპერატორებიც გახდებიან, რაც მათ დაეხმარება გაზარდონ დაფარვის ზონა და რეგიონებში მცხოვრებლებთანაც მიიტანონ თავიანთი სათქმელი.

შესწორება: მასალის პირვანდელ ვერსიაში ეწერა, რომ ნანა ლეჟავას საგამოძიებო სტუდია GNS-ს, მეცხრე არხთან თანამშრომლობდა. ჟურნალისტის განმარტებით, მისი გამოძიებები ამ არხზე არასდროს გასულა.

XS
SM
MD
LG