Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ორი წელი, რომელიც ვისურვებდი, არასოდეს მომხდარიყო" - სტას ასეევი, უკრაინელი მწერალი ფრონტიდან


სტანისლავ ასეევი - უკრაინელი ჟურნალისტი, მწერალი და 109 ბრიგადის ჯარისკაცი.
სტანისლავ ასეევი - უკრაინელი ჟურნალისტი, მწერალი და 109 ბრიგადის ჯარისკაცი.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - როგორც კი წინააღმდეგობას შევწყვეტთ, რუსის სალდათი კიევის კარზე მოაკაკუნებს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტანისლავ ასეევი - უკრაინელი ჟურნალისტი, მწერალი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 109-ე ბრიგადის ჯარისკაცი. მისი დანაყოფი ახლა ბახმუტსა და ავდეევკას შორის იბრძვის.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე ის საუბრობს ომზე, რომელმაც უკრაინელები იმ უკრაინელებად აქცია, ვისაც ფრონტზე მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც კიევი ყირიმსაც დაიბრუნებს.

რადიო თავისუფლება: როგორი იყო ომის ორი წელი პირადად თქვენთვის?

სტას ასეევი: ეს იყო და არის მოგზაურობა - ომი და მისი დინამიკა იმის საშუალებას არ გაძლევს, ერთ ადგილზე გაჩერდე, იქნება ეს მენტალურად თუ ფიზიკურად. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო შოკი, ელდა და მიუღებლობა, მიჭირდა გააზრება და დაჯერება, რომ ეს მართლა ხდებოდა - გულახდილად ვიტყვი, რომ მეც ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვისაც ვერ წარმოედგინა, რომ პუტინი სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, ეს ყველაფერი რაღაც გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი მეგონა, პუტინის, როგორც გამოცდილი ჩეკისტისა და კაგებეს კადრის კარგად გათვლილი მანევრი...

შემდეგ იყო ბუჩა - ამ დროისთვის მე უკვე "ტერობორონის" წევრი ვიყავი - ჩემი თვალით ვნახე, რა ჩაიდინეს იქ რუსებმა. და იმის მიუხედავად, რომ მე უკვე მქონდა ტყვეობის გამოცდილება - დონეცკის ციხეში ჯდომისა - ვერაფერი შემამზადებდა იმისთვის, რაც ბუჩაში მოხდა: მასობრივი სიკვდილით დასჯა, მასობრივი წამებები...

რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, 2023 წლის ბოლოდან უკვე პროფესიონალ სამხედროდ ვმსახურობ უკრაინის ჯარში. ასე რომ, ეს იყო ერთობ დინამიკური ორი წელი, რომელიც, ვისურვებდი, არასდროს მომხდარიყო.

რადიო თავისუფლება: ფრონტზე წასვლის გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ?

ხალხი გვითავდება - მათ შორის, პროფესიონალური არმია. დღეს უკრაინის ჯარში უმრავლესობას სამოქალაქო პროფესიის მქონე პირები წარმოადგენენ

სტას ასეევი: არა. გააზრებულად. იქედან გამომდინარე, რომ ხალხი გვითავდება - მათ შორის, პროფესიონალური არმია. დღეს უკრაინის ჯარში უმრავლესობას სამოქალაქო პროფესიის მქონე პირები წარმოადგენენ, რომლებიც სწორედ ისევე აღმოჩნდნენ არმიაში, როგორც მე - საკუთარი ნებით, ქვეყნის დასაცავად. ეს აისახება ფრონტზე, აისახება დანაკარგებზე, რუსების წინსვლაზე...

რადიო თავისუფლება: უნდა გკითხოთ, რა სიტუაციაა ფრონტზე. ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანს.

სტას ასეევი: ეს სიმართლეა. თავის მოკატუნება არაფერს მოგვცემს - საკმარისია რუკას შეხედო, რუსების გადაადგილებას, ნახავ, რომ ტერიტორიებს ერთი მეორის მიყოლებით ვკარგავთ და დაასკვნი, რომ საქმე კარგად არ არის. ავდეევკის დაკარგვის შემდეგ რუსებმა კიდევ 5-6 კილომეტრით წაიწიეს წინ დასავლეთის (ავდეევკიდან) მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი მიზეზები.

ორი მთავარი მიზეზია, ერთი პოლიტიკური - პუტინს „არჩევნები“ მოადგა კარს, და ტახტზე კარგად მოსაკალათებლად ეფექტური, ხმაურიანი გამარჯვება ჭირდებოდა - და მან ეს ტრიუმფი მიიღო, ავდეევკის სახით. მეორე მიზეზია კრიტიკული სიტუაცია ჩვენთან, გვაქვს შეიარაღების უმწვავესი დეფიციტი - არ გვყოფნის ამუნიცია, ავიაცია არ გვყავს, არ გვყოფნის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები... რუსები ამ ყველაფერს ხედავენ, ხედავენ რომ დასავლეთიდან დახმარება შენელდა და ცდილობენ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ - რაც შეიძლება სწრაფად წაიწიონ წინ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიიტაცონ. აი, ასეთია სიტუაცია ფრონტზე.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. და თუ ასეც გაგრძელდა - თუ დასავლეთის მხრიდან დახმარება გაჭიანურდა, რამდენად სავალალო შედეგები მოყვება ამას?

სტას ასეევი: თუ შევხედავთ იმ ქალაქებს, რომლებიც დავკარგეთ - ბახმუტი, ავდეევკა - მათი დაბრუნება ათჯერ უფრო რთული იქნება, ვიდრე დაცვა-შენარჩუნება იქნებოდა, სათანადო შეიარაღება - არტილერია და ავიაცია - რომ გვქონოდა.

შეიარაღება რომ გვქონოდა, იქ კიდევ თვეების განმავლობაში, შეიძლება წელიწადიც კი გაგვეძლო - ეს იყო კარგად გამაგრებული ფორპოსტები. მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ავტომატის და ყუმბარმყტორცნის იმედზე რჩები, თავზე კი ავიაბომბები გაწვიმს, შეუძლებელია მათი შენარჩუნება. რუსები კი შეძლებენ - საარტილერიო რესურსიც საკმარისი აქვთ ამისთვის და საავიაციოც, ამას ემატება დრონების და სხვა შეიარაღებების თითქმის უსასრულო ნაკადი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან... ამ ტერიტორიების დაბრუნება ძალიან, ძალიან რთული იქნება.

დასავლეთს რომ ჩვენთვის საჭირო შეიარაღება მოეცა, ავდეევკის აღებას რუსები ვერასოდეს შეძლებდნენ.

რადიო თავისუფლება: ანუ, დასავლეთს რომ დროზე და საკმაო რაოდენობით შეიარაღება მოეწოდებინა, ავდეევკას არ დაკარგავდით. ასეა?

სტას ასეევი: ულაპარაკოდ ასეა. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო აღმოვჩნდით, რომ გვქონდა უმწვავესი დეფიციტი როგორც ამუნიციის, ასევე მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მხრივ.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რამდენიმე დღის წინ, ჩვენს პოზიციებთან ახლოს, ფრონტის ხაზთან, იმის ფონზე, რომ სიტუაცია კრიტიკული ხდებოდა, „პატრიოტი“ გადმოსწიეს. შედეგი მივიღეთ დაუყოვნებლივ, და ეს შედეგი იყო კოლოსალური: ერთი კვირის განმავლობაში 7 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ვერ წარმოიდგენთ, სიტყვებით გამიჭირდება აგიხსნათ, რამხელა ფსიქოლოგიური შვება იყო ეს ჩვენთვის, როდესაც რუსული ავიაციის ხმაური, ბომბების ხმა აღარ ისმოდა. სიჩუმე დადგა...

ფრონტის ხაზზე რომ 10 პატრიოტის დაყენების ფუფუნება გვქონდეს, შეგვეძლებოდა, მშვიდად დავლოდებოდით დასავლური ავიაციის მოსვლას თუნდაც 6 თვე. ასე რომ, დასავლეთს რომ ჩვენთვის საჭირო შეიარაღება მოეცა, იმ მილიონ ამუნიციასთან ერთად, რომელსაც ევროკავშირი დაგვპირდა, ავდეევკის აღებას რუსები ვერასოდეს შეძლებდნენ.

რადიო თავისუფლება: და როგორ ფიქრობთ, რატომ ითრევს ფეხს დასავლეთი?

სტას ასეევი: ამ კითხვას ვფიქრობ, კარგად უპასუხა პროფესორმა ტიმ სნაიდერმა მიუნხენის კონფერენციაზე. მან თქვა: იმის გამო, რომ უკრაინელები ასე ბრწყინვალედ იბრძვიან უთანასწორო ომში, მათ ნაკლებ შეიარაღებას აძლევენ, ვიდრე მაშინ მისცემდნენ, უკრაინა რომ აგებდესო. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ „ყოჩაღი უკრაინელები“ მაინც რაღაცას მოიფიქრებენ, როგორმე გაიტანენ თავს...

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ „ყოჩაღი უკრაინელები“ მაინც რაღაცას მოიფიქრებენ, როგორმე გაიტანენ თავს

უკრაინა რომ ბრძოლის ველზე აგებდეს, მაშინ ევროპა და ამერიკა აღმოჩნდებოდნენ იმ რეალობის წინაშე, რომელზეც დღეს მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობთ: როდესაც მათ თვითონ მოუწევთ ბრძოლაში ჩაერთონ.

უკრაინა მათ არ თხოვს ბრძოლაში ჩართვას, უკრაინა ამბობს: თქვენ [თქვენი] სისხლის დაღვრა არ გიწევთ, მხოლოდ ამუნიცია და მაღალტექნოლოგიური შეიარაღება მოგვეცით, დანარჩენს ჩვენ მოვუვლით. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ, ჩვენი გმირული ძალისხმევის ხარჯზე, ფრონტის ხაზი გვიჭირავს და პუტინი ჯერ ევროპის საზღვრამდე არ მისულა, დასავლეთში დაასკვნეს, რომ რამდენიმე თვე არაფერია, უკრაინელები გაძლებენ, სანამ დავეხმარებით. აი, ასეთი პარადოქსი გვაქვს. პირველ რიგში - და გადაუდებლად - გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ამუნიცია და ავიაცია.

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორია განწყობა ფრონტზე?

სტას ასეევი: დანაყოფს გააჩნია. მოხალისეებისგან შემდგარ დანაყოფებში მორალი ძალიან მაღალია. რაც შეეხება იმ დანაყოფებს, რომლებსაც მობილიზებული მოქალაქეებისგან აკომპლექტებენ, იქ, თავისთავად ცხადია, საბრძოლო განწყობა ისეთი მაღალი ვერ არის.

ჩვენი არმიის ფენომენი - მესამე მოიერიშე ბრიგადა - მთლიანად მოხალისეებითაა დაკომპლექტებული, იქ სხვებს არ იღებენ. სწორედ ამ ბრიგადის მეშვეობით შეძლეს ჩვენმა ძალებმა ორგანიზებულად უკან დაეხიათ ავდეევკიდან, ეს ბრიგადა იცავდა ზურგს უკან დახევისას.

რადიო თავისუფლება: და თუ დახმარება ისევ გაჭიანურდა, მაშინ? არ ვიცი, როგორ უნდა გკითხოთ ეს სხვანაირად, უფრო რბილად - თუ ასე გაგრძელდა, რამდენხანს გაძლებს უკრაინა?

სტას ასეევი: მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დასავლეთში შეიძლება ვინმეს ისევ შემორჩა ილუზიები, რომ ვლადიმირ პუტინი დაკმაყოფილდება იმ ტერიტორიებით, რომელსაც თვითონ „დაბრუნებულ“ ტერიტორიებად მიიჩნევს, ჩვენთან კი ყველა ხვდება, რომ ეს ილუზიაა და მეტი არაფერი და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან - და უფრო ადრე, ვიდრე გვიან - დასავლეთიც გაიაზრებს ამას.

თუ, ღმერთმა ნუ ქნას, რუსები დონეცკის ოლქის საზღვრამდე მოვლენ, 100 პროცენტია იმის ალბათობა, რომ ისინი შემდეგ დნეპროპეტროვსკის მიმართულებით შეეცდებიან წინ წაიწიონ. ასე რომ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - როგორც კი წინააღმდეგობას შევწყვეტთ, რუსის სალდათი კიევის კარზე მოაკაკუნებს. და თუ კიევი დაეცემა, მაშინ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომაც სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ რაიმე გამარჯვებამდე - როგორ გამოიყურება ეს გამარჯვება, რა უნდა გავაკეთოთ მის მისაღწევად და რა ფასი დაგვიჯდება - ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს.

მე ვთვლი, რომ ერთადერთი რეალურად მოწყვლადი წერტილი პუტინისთვის - ეს ყირიმია. თუ მოვახერხებთ და ყირიმს დავიბრუნებთ, ამას დომინოს ეფექტი მოჰყვება

მე ვთვლი, რომ ერთადერთი რეალურად მოწყვლადი წერტილი პუტინისთვის - ეს ყირიმია. პუტინი გადაიტანს დონეცკისა და ლუგანსკის დაკარგვასაც კი, მაგრამ თუ მოვახერხებთ და ყირიმს დავიბრუნებთ სამხედრო გზით, ამას დომინოს ეფექტი მოჰყვება - პუტინი ვერასოდეს აუხსნის ვერც საკუთარ გარემოცვას, ვერც რუსებს, თუ როგორ და რატომ დაკარგა ყირიმი - ის, რასაც რუსული პროპაგანდა უკვე წლებია რუსეთის და პუტინის მმართველობის მთავარ მონაპროვრად ასაღებს.

რადიო თავისუფლება: და რამდენად რეალურია ეს? ის, რომ ყირიმს დაიბრუნებთ, სამხედრო გზით, ბრძოლის ველზე?

სტას ასეევი: აბსოლუტურად რეალურია, თუ საჭირო მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას მოგვცემენ. საუბარია ავიაციაზე, პატრიოტების საკმარისი რაოდენობა ფრონტის ხაზის გასამაგრებლად და შორსმსროლელი რაკეტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყირიმის ხიდის განადგურება.

საქმე რაოდენობასა და ხარისხზეა - თუ გვექნება საკმარისი რაოდენობის, საჭირო ხარისხის შეიარაღება, ყირიმის დაბრუნებას შევძლებთ. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება შესაძლებლობას მოგვცემს რუსების რიცხობრივი უპირატესობა გავანეიტრალოთ, ასე რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოგვცემენ ასეთ შეიარაღებას, თუ არა.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, მინდა გკითხოთ არა მხოლოდ როგორც უკრაინელ ჯარისკაცს, არამედ უკრაინელ მწერალსაც - რას ნიშნავს დღეს, იყო უკრაინელი?

სტას ასეევი: ირონიულია, მაგრამ ჩვენ, უკრაინელებს ამ კითხვაზე პასუხი პუტინმა გვაპოვნინა - უკრაინელი დღეს არის ადამიანი, რომელიც იბრძვის - რითიც და როგორც შეუძლია, მაგრამ იბრძვის დამპყრობლის წინააღმდეგ.

ეს არის ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცი, ეს არის ვოლონტიორი, რომელიც დახმარებას აგროვებს ჯარისთვის, ეს არის ექიმი, რომელიც სადღაც, ვთქვათ, დნიპროში დაჭრილ ჯარისკაცებს ოპერაციას უკეთებს, ეს არის პოლიტიკოსი, დიპლომატი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს იცავს საგარეო ასპარეზზე და ცდილობს, უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარება მოიპოვოს...

მოკლედ ადამიანი, რომელიც ამ ომში უმოქმედოდ არაა, ცდილობს, საკუთარი გასაკეთებელი გააკეთოს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ყველა დანარჩენი კი... ისინი, ასე ვთქვათ, უბრალოდ მოსახლეობაა, რომელიც ისე მოხდა, რომ უკრაინულ მიწაზე ცხოვრობს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG