“ეს ომი რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს. ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს და ამ ყველაფერმა რუსეთი უკან, წარსულში გადაისროლა... ძალიან ბევრ რუსს ეს კარგად აქვს გაცნობიერებული, მაგრამ აქ ერთგვარი აგონიის ეფექტია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერ ლოურენს დავიდ ფრიდმანი, საპატიო მეტსახელით - “ბრიტანეთის სტრატეგიების დეკანი” - მსოფლიოში სტრატეგიის კვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სწავლული. ლონდონის კინგს კოლეჯის ომის სწავლებათა პროფესორის მრავალ ნაშრომთაგან რამდენიმე უშუალოდ ეხება უკრაინას. ვაჟა თავბერიძემ სერ ლოურენს ფრიდმანთან საუბარი სწორედ მისი ნაშრომების ციტირებით დაიწყო.
რუსები ვერაფრისკენ გაიშვერენ ხელს და იტყვიან - აი, რა ჩავიგდეთ ხელშიო. მხოლოდ მიწა - მიწა და ნანგრევები...
რადიო თავისუფლება: თქვენს წიგნებს, ნარკვევებს სტრატეგიაზე ლაიტმოტივად გასდევს ერთი შეგონება: რომ ომი თავნება რამეა - წინასწარდახაზულ გეგმებს, სცენარებს იშვიათად თუ მიჰყვება ხოლმე. და შემდეგ, ყველაფერს ის წყვეტს, თუ ვის რამდენად უჯდება დაშვებული შეცდომები. ალბათ, უკრაინის ომიც ამის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ - რას უქადის ის რუსეთს?
სერ ლოურენს ფრიდმანი: მე ვიტყოდი, რომ არათუ კლასიკურ, არამედ რადიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ - ისინი, ვინც სკეპტიციზმს ვიჩენდით, ვისაც არ გვეგონა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა - განათუ გამოვრიცხავდით, რუსეთთან მიმართებით ვერასდროს ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ჩვენი სკეპტიციზმი მეტწილად ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ყოვლად წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ უნდა მოეგო რუსეთს ეს ომი. უკრაინის სიდიდის, მისი მოსახლეობის სიმრავლის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობით არმია დასჭირდებოდა უკრაინის დაპყრობას, შემდეგ კი განკარგვასა და შენარჩუნებას - შეჭრა ხომ მხოლოდ დასაწყისია, ადგილზე დისლოცირებისთვის საჭირო იქნებოდა დიდი რაოდენობით ძალები, რომლებიც წლების მანძილზე გაუმკლავდებოდნენ პარტიზანებსა და წინააღმდეგობის მებრძოლებს და ა. შ. თავდაპირველი გეგმა წარმატებითაც კი რომ განეხორციელებინათ, მაინც ვერ შეძლებდნენ უკრაინის დაპყრობას, მაგრამ მათ ესეც კი ვერ მოახერხეს - დასაწყისსაც კი ვერ მოაბეს თავი. ეს კიდევ უფრო კარგი მაგალითია, ვიდრე ერაყი 2003 წელს, რადგან ერაყში, სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პრობლემა იყო ამ ოპერაციის მონაპოვრის შენარჩუნება. რუსეთი ამ შენარჩუნებამდეც კი ვერ მივიდა - იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში მომთავრებულიყო, მარიონეტი მთავრობით კიევში, როგორც ისინი გეგმავდნენ, ამის ნაცვლად ვხედავთ მომაკვდინებელ ომს, რომელიც დიახ, ანადგურებს უკრაინას, მაგრამ ასევე ათწლეულებით უკან დახია რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, 100 000-ზე მეტ მოკლულ ჯარისკაცზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შევხედოთ რუსების „პროგრესს“ სოლედარში - ამას შესაძლოა, ბახმუტიც მოჰყვეს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს არაფრისმომტანი წარმატებაა. თანაც, რაც დაიპყრეს, მიწასთან გაასწორეს, ასე რომ, ვერაფრისკენ გაიშვერენ ხელს და იტყვიან - აი, რა ჩავიგდეთ ხელშიო. მხოლოდ მიწა, მიწა და ნანგრევები... ასე რომ, ეს ჭეშმარიტად უჩვეულოდ უნაყოფო ომია.
ამ ომის დასასრულთან ერთად, დადგება განკითხვის საათიც.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ერაყს - მინდა გავიხსენო თქვენი მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი პასუხი კითხვაზე, თუ რა გაკვეთილი უნდა გამოეტანა ბრიტანეთს ერაყიდან. თქვენ უპასუხეთ: „ის, რომ მეორედ ეს აღარ ვქნათ“. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა რუსეთი და მისი მოსახლეობა ამ ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტების დანახვასთან?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, ბევრი რუსისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ეს ომი რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს. ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს და ამ ყველაფერმა რუსეთი უკან, წარსულში გადაისროლა. ასე რომ, ძალიან ბევრ რუსს ეს კარგად აქვს გაცნობიერებული, მაგრამ აქ ერთგვარი აგონიის ეფექტია. ეს არაა ატმოსფერო, სადაც ხალხს „მოღალატეობრივი ფიქრების“ გაჟღერება ეპატიება. ამიტომ, ვფიქრობ, რუსების უმეტესობა თავის თავსაც ვერ უტყდება და ცდილობს რეალობას თვალი აარიდოს... პუტინს კი ცალკე პრობლემა აქვს: რომ მოიწადინოს კიდეც, როგორ უნდა მოამთავროს ეს ომი დასახული მიზნების მიუღწევლად.
რადიო თავისუფლება: შეუძლია კი?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება, რადგან ამ ომის დასასრულთან ერთად, დადგება განკითხვის საათიც: დაითვლება, რა მოიპოვა პუტინმა იმასთან შედარებით, რისი გაღება და დახარჯვაც რუსეთს, რუს ხალხს მოუწია. და ვფიქრობ, სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობენ დღეს კრემლში - ბახმუტს გაშმაგებით უტევენ, რადგან იმედი აქვთ, რომ თუ მოახერხებენ მთელი დონეცკისა და მთელი ლუგანსკის დაკავება-შენარჩუნებას, მერე ამას ომში გამარჯვებად გაასაღებენ. პრობლემა ისაა, რომ უკრაინელები, კიდეც რომ მოუწიოთ ამ ტერიტორიების დაცლა და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება - არ დათანხმდებიან ამ ტერიტორიების რუსეთად აღიარებას. ანუ, ამ სტრატეგიით რუსები შორს ვერ წავლენ - საბოლოოდ ხელში მაინც არასტაბილური სიტუაცია გვრჩება. ამ პრობლემის რეალური გადაწყვეტა იმ მომავლის საკითხია, რომელშიც რუსეთს სხვა, ადეკვატური მთავრობა ეყოლება, უკრაინასთან მიმართებით სხვა პოლიტიკით. ომის მეცნიერების უმარტივესი თეზისია: ომების დაწყება ადვილია, დამთავრება კი რთული. სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მეჩვენება რეპარაციებისა და ომის დანაშაულებათა საკითხების გამო. ამ ომის ჭეშმარიტი დასასრულისთვის საჭიროა ან სხვა მთავრობა მოსკოვში, ან პუტინის „გვერდზე გაწევა“, რაც დღესდღეობით ერთმანეთს უდრის. ამ ეტაპზე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რაც არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. არავინ უწყის, თუ რა ხდება სინამდვილეში მოსკოვში, ფარდების მიღმა.
მეტ ტანკებს ვნახავთ, მაგრამ ეს არ იქნება „ტანკების დიადი ჯახი“ - ტანკები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მე არასდროს მჯეროდა ტანკების, როგორც მთავარი კოზირისა.
რადიო თავისუფლება: შეთანხმებით დასრულებული მოლაპარაკება უფრო რეალური სცენარია, ვიდრე რომელიმე მხარის ცალსახა, უდავო გამარჯვება?
სერ ლოურენს ფრიდმანი: მიჭირს დავინახო, როგორი იქნებოდა რუსების ერთპიროვნული გამარჯვება ამ ომში - ეს უკრაინელების დაჩოქებას ნიშნავს, მათ კი, როგორც ვნახეთ, ამის ძალა არ შესწევთ.
რადიო თავისუფლება: რუსეთის ერთპიროვნულ დამარცხებაზე რას იტყოდით? რეალურია?
სერ ლოურენსი: თუ უკრაინელები მოახერხებენ, რუსები საზღვრებს მიღმა გადარეკონ... ეს არაა ყოვლად წარმოუდგენელი სცენარი. ყირიმის დაკარგვა პუტინისთვის ჭეშმარიტად დიდი მარცხი იქნებოდა. არ მგონია, რომ თუ უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავლენ, რუსები მიწის თითოეული გოჯისთვის იბრძოლებენ - ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე, რუსებისთვის აზრს დაკარგავს ტერიტორიაზე ჩაბღაუჭების ტაქტიკა და ისინი უკან დაიხევენ, პოზიციების გასამაგრებლად და სულის მოსათქმელად. უკრაინელებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ, ვიდრე რუსებს. რუსები საერთოდ უშანსოდ არიან, თუ საქმე იმ თავდაპირველ მიზნებს ეხება, რომლებიც მათ ომის დასაწყისში ჰქონდათ. უკრაინელებისთვისაც ურთულესი იქნება გამარჯვება, ამიტომ მგონია, რომ უფრო სავარაუდოა, საბოლოოდ ხელთ შეგვრჩეს უფრო არეული ფინალი, ვიდრე სუფთა და დალაგებული რამ, რაც გარკვეულ დროს მაინც გაუძლებდა. არასწორია იმის მტკიცება, რომ რუსულმა მობილიზაციამ შედეგები არ გამოიღო - მათი თავდაცვითი ხაზები უფრო შეუვალი გახდა, იმიტომ რომ მხოლოდ რაოდენობამაც შეცვალა ვითარება. უფრო მეტად, ვიდრე, ვაღიარებ, მე ვვარაუდობდი. მეტი დრო მიეცათ აზრზე მოსასვლელად და იმის გასარკვევად, რას აკეთებენ და ზოგადად, საერთო ვითარება გაიუმჯობესეს. ამას ემატება ამინდიც, რომელმაც, პროგნოზების საპირისპიროდ, რაიმე გადამწყვეტი როლი ვერ ითამაშა. რუსები თვლიან, რომ ახლა ხალხი საკმარისად ჰყავთ, რაც ადრე პრობლემა იყო, მაგრამ აღჭურვილობის კუთხით ისევ მოიკოჭლებენ, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკა დაკარგეს ამ ომში. ასე რომ, მათი ტაქტიკა იქნება სწორხაზოვანი: უხეში ძალა და რიცხობრივი უპირატესობა - დანაკარგები კი იქ არავის ანაღვლებს. უკრაინელები უფრო მანევრებზე დებენ ფსონს, მაგრამ, როგორც ვნახეთ, მანევრირება იოლი საქმე არაა გამაგრებული თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ, თუ სუსტ წერტილს არ იპოვი მეტოქის თავდაცვის ხაზში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა ორივე მხარე თანახმაა, ცოტა ხანი დაიცადონ, ძალები მოიკრიბონ - უახლოესი რამდენი თვის შემდეგ შევატყობთ, ვის როგორ გამოუვიდა და ვინ რამდენ ხანს გაძლებს კიდევ.
ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ბრიყვული მოსაზრება ამ ომთან დაკავშირებით არის იმის მტკიცება, რომ ეს ომი ე.წ. მარიონეტული ომია - proxy war და რომ უკრაინელები რეალურად ამერიკელებისთვის იბრძვიან.
რადიო თავისუფლება: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაზე მინდა გკითხოთ - იმ გამბიტზე, რომელიც ახლახან ვიხილეთ. სათავეში მოექცა გერასიმოვი და ვრცელდება ხმები, რომ მან პუტინისგან საკმაოდ ხისტი ინსტრუქცია მიიღო: მარტამდე დაიპყროს და გააკონტროლოს მთელი დონბასი. ხომ არაა ეს არია ცნობილი ოპერიდან - „კიევის დაპყრობა სამ დღეში“?
სერ ლოურენს ფრიდმანი: მას ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. შეიძლება ბახმუტი აიღოს - ეს მძიმე ბრძოლაა უკრაინელებისთვის, ისინი გმირულად იბრძვიან, მაგრამ ეს ძვირად უჯდებათ. მათ უნდა განსაჯონ, რად უღირთ ბახმუტი - ღირს თუ არა ის იმ საუკეთესო შენაერთების დაკარგვად, რომლებიც მოგვიანებით, შეტევისას დასჭირდებათ.
ამ ეტაპზე, რუსული ჯარიდან უშუალოდ იერიშზე მხოლოდ ვაგნერელები მიდიან. ეს არაა საკმარისი პუტინისთვის - მას არ აკმაყოფილებს გაუმჯობესებული თავდაცვითი ხაზი, მას სურს ჯარი შეტევაზე გადავიდეს. უკრაინელი გენერალი რომ ვიყო, ალბათ ცდუნება მძლევდა და დაველოდებოდი, როდის გააკეთებდნენ პირველ სვლას რუსები, როდის გადმოვიდოდნენ იერიშზე, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო მარტივი იქნება მათი დამარცხება, ვიდრე საკუთარი შეტევის წამოწყება. არ ვიჩქარებდი - ომში იმ ეტაპზე ვართ, როდესაც თითოეული „დიდი სვლა“ უმნიშვნელოვანესია და შეცდომის დაშვების ფუფუნება აღარ გაქვს. ვიტყოდი, რომ უკრაინელების გადმოსახედიდან, იდეალურია სიტუაცია, სადაც შეტევაზე გადმოსული რუსები თავიანთ სუსტ წერტილებს გამოაჩენენ და შენ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ამ იერიშის შეჩერებას მოახერხებ, ამით ისარგებლებ. მსგავსი სცენარი ვიხილეთ 1918-ში - გერმანიის დიდი იერიში, რომელმაც საკუთარი თავი გამოფიტა და შემდეგ კი მოკავშირეებმა საქმე მოამთავრეს. ვფიქრობ, პუტინის მოუთმენლობა რუსულ სარდლობას თავსატეხად ექცევა. გერასიმოვიც სწორედ ამიტომ დასვეს იქ, სადაც დასვეს - მისი ვალია, თვალი ადევნოს და უზრუნველყოს, რომ პუტინის ნება განუხრელად შესრულდეს. პუტინის ნება კი, როგორც ჩანს, თავდასხმაზე გადასვლაა და ისინიც ამისთვის ემზადებიან.
რადიო თავისუფლება: რუსები ემზადებიან, ემზადებიან უკრაინელებიც - არის თუ არა ამისთვის მზად დასავლეთიც?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, პოლიტიკური მზადყოფნა არის - ჩვენ არ გვესმის: ოჰ, ზელენსკი, დაჯექი და მოელაპარაკე [პუტინს]! პუტინს რომ რაიმე კომპრომისი შემოეთავაზებინა, რაც ამ სიტუაციიდან გამოგვიყვანდა, ეჭვი არ შეგეპაროთ - ზელენსკიზე სერიოზული ზეწოლა იქნებოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდას მისჯდომოდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ პუტინი კომპრომისებს არ ეძებს. და ვფიქრობ, ეს უკვე გაიაზრეს სუნაკმა, ბაიდენმა და მაკრონმა... და შოლცმაც კი. ასე რომ, მე არ მგონია, რომ პრობლემა უკრაინისადმი ერთგულებაა, საქმე შესაძლებლობებია. და ამაზე ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. გულდასაწყვეტია, რომ დღემდე მეტი ძალისხმევა არ ჩაიდო [სამხედრო აღჭურვილობის] წარმოების დასაქოქად. კი, ხდება, მაგრამ დრო მიაქვს.
პუტინს ეშინია ამ ომის დამთავრების, ეშინია იმის, რაც ამას მოჰყვება.
რადიო თავისუფლება: ბრიტანეთი უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდის - სხვებიც მიბაძავენ?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, გერმანელებს ძალიან გაუჭირდებათ, პოლონელებს და ფინელებს გაუძალიანდნენ „ლეოპარდების“ გადაცემის საკითხში. ვფიქრობ, მეტ ტანკებს ვნახავთ, მაგრამ ეს არ იქნება „ტანკების დიადი ჯახი“ - ტანკები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მე არასდროს მჯეროდა ტანკების, როგორც მთავარი კოზირისა - ამისთვის ისინი ზედმეტად ხშირად ფეთქდებიან. კიდევ ბევრი რამ არის, რომლის გადაცემაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ კიევამდე არ ჩასულა. რაც უფრო მძიმეა ტექნიკა, მით უფრო დიდი ხანი სჭირდება იქ ჩასაღწევად და მიწოდების ხაზის ასაწყობად. ვფიქრობ, ორივე მხარე ერთმანეთს აკვირდება. უკრაინელები მზად არ არიან მასშტაბური კონტრიერიშისთვის. როდის იქნებიან მზად? შეიძლება რამდენიმე კვირაში, შესაძლოა თვეებიც დასჭირდეს. რუსები? ვერაფრით დავიჯერებ, რომ მზად არიან, მაგრამ რაოდენობა მათ მხარეზეა და შესაძლოა, გარისკონ, იმიტომ რომ პუტინი შედეგებს ითხოვს. მგონია, რომ შემდეგი დიდი საბრძოლო შეტაკება ბევრს იტყვის ამ ომის მომავალ ბედზე.
[პუტინმა] უკვე გააკეთა ერთი სისულელე, ასე რომ, ყოველთვის არის შანსი, რომ მეორე სისულელეც გააკეთოს.
რადიო თავისუფლება: პესიმიზმსა და ოპტიმიზმში რომ არ გადავიჭრათ - როგორ გამოიყურება დასავლეთის რეალისტური მიზნები ამ ომში? რის მიღწევას ცდილობს დასავლეთი?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, ომის მიზნებს უნდა წყვეტდეს ხალხი, ვინც უშუალოდ ომობს. ამიტომ ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ბრიყვული მოსაზრება ამ ომთან დაკავშირებით არის იმის მტკიცება, რომ ეს ომი ე.წ. მარიონეტული ომია - proxy war და რომ უკრაინელები რეალურად ამერიკელებისთვის იბრძვიან.
რადიო თავისუფლება: თანაც ბოლო უკრაინელამდე.
სერ ლოურენს ფრიდმანი: დიახ. ამას ხშირად თან ახლავს მეორე თეზისიც: რომ დასავლეთის მიზანია, რუსეთი დააქუცმაცოს, რაც ვფიქრობ, ასევე მოშორებულია რეალობას - დასავლეთში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაგიწყებთ იმის მტკიცებას, რომ რუსეთის დაშლა ევროპაში სტაბილურობას მოიტანდა. ის, რაც დასავლეთის მთავრობებს მართლაც სურთ, არის სერიოზული, საღად მოაზროვნე მთავრობა მოსკოვში, რომელსაც ლეგიტიმურობის გარკვეული დოზა მაინც ექნება, და რომელიც როგორც მეზობლებთან, ასევე დანარჩენ სამყაროსთან ადეკვატური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებს. მაგრამ ეს სამომავლო მიზანია და არა ამ ომის მიზანი. ასე რომ, დასავლეთის მიზნები ასახულია შემდეგ ფრაზაში - უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და ვფიქრობ, ეს არის, ახლა სადაც ვართ. მაგრამ შესაძლოა დადგეს მომენტი - ჯობს გულუბრყვილოები არ ვიყოთ და თავი არ მოვიტყუოთ - შესაძლოა დადგეს მომენტი, ვთქვათ, 6 თვეში, სადაც, თუ სიტუაცია იგივე იქნება, როგორც დღეს, შესაძლებლობების სიმწირემ შეიძლება გვიბიძგოს, ვთქვათ, თუნდაც კონფლიქტში პაუზის მცდელობებისკენ. ესაა ომების კიდევ ერთი კანონი - რომ მიზნები და შესაძლებლობები ერთმანეთს ერგებოდეს. თუ შესაძლებლობები აღარ გაქვს, მოგიწევს, შეეგუო მოცემულობას, თუნდაც მოკლე ვადით, რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს ეს... მე არ ვამბობ, რომ ამ მომენტთან ახლოს ვართ - არც იმას ვამტკიცებ, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგება, შეიძლება არც მივიდეთ აქამდე, და მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს.
დასავლეთი რომ ამ ომში ჩაბმულიყო, ნატოს ჯარები რომ დახმარებოდნენ უკრაინას, ომის დამთავრება ძალიან მარტივი იქნებოდა. მაგრამ უკიდურესად სახიფათოც...
რადიო თავისუფლება: როდესაც დასავლეთი ამბობს, რომ არ დაუშვებს, რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ამას ხშირად ახლავს მეორე ფრაზაც: რომ რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი უნდა იწვნიოს. მაინც რა არის და როგორ გამოიყურება ეს სტრატეგიული მარცხი?
სერ ლოურენს ფრიდმანი: ვფიქრობ, ისინი უკვე დგანან ამ სტრატეგიული მარცხის პირისპირ - ის მიზნები, რაც მათ ომის წინ დაისახეს, უკვე მიუღწეველია, ამ გადმოსახედიან ისინი უკვე დამარცხდნენ. ახლა აქვთ „მეორადი“ მიზნები: მაგალითად, სრულად დაიპყრონ დონბასი - ჯერჯერობით, ამასაც ვერ ახერხებენ. იცით, ამოსავალი წერტილი აქ რა არის? ის, აღიარებენ თუ არა ამას რუსები. პრობლემა ამ ომთან დაკავშირებით, პირველივე დღიდანვე, იყო ის, რომ ეს ომი რუსებმა უნდა დაამთავრონ. პუტინი რუსია, მაგრამ პუტინი უარზეა, პუტინს ეშინია ამ ომის დამთავრების, ეშინია იმის, რაც ამას მოჰყვება. და სანამ არ მიხვდებიან რუსეთში, რომ სტრატეგიულად წამგებიან თამაშში აღმოჩნდნენ, და როგორმე უნდა დაიძვრინონ თავი ამ ხათაბალიდან, ეს არ დასრულდება. აი, აქ ვართ დღეს. დასავლეთი რომ ამ ომში ჩაბმულიყო, ნატოს ჯარები რომ დახმარებოდნენ უკრაინას, ომის დამთავრება ძალიან მარტივი იქნებოდა. მაგრამ უკიდურესად სახიფათოც...
რადიო თავისუფლება: ალბათ, იმას გულისხმობთ, რისაც ასე ეშინია დასავლეთს - ამ ომის ბირთვულ სიბრტყეში გადასვლას. “პოლიტიკური რისკები, რაც უკრაინაზე ბირთვულ შეტევას თან ახლავს, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის სარგებელი, რასაც პუტინი ამით მიიღებდა. ეს მოიცავს შესაძლო თანმდევ მსხვერპლს უკრაინის ეთნიკურ რუს მოსახლეობაშიც და ბირთვული რადიაციის გავრცელებას რუსეთის ტერიტორიაზეც”, - ეს თქვენი სიტყვებია, მაგრამ თქვენ მსჯელობთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ პუტინი რაციონალურად შეაფასებს სიტუაციას და რაციონალურადვე მოიქცევა. რომ პუტინი რაციონალური ადამიანია. არის კი?
სერ ლოურენს ფრიდმანი: მან უკვე გააკეთა ერთი სისულელე, ასე რომ, ყოველთვის არის შანსი, რომ მეორე სისულელეც გააკეთოს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პუტინი ოსტატურად იყენებს ბირთვული შეტევის რისკს, რათა დასავლეთი შეაკავოს. ბირთვული რისკი რომ არა, დასავლეთი დღეს უკრაინელების მხარდამხარ იბრძოლებდა პუტინის წინააღმდეგ. თუ ეს რისკი რეალობად იქცევა, გამოდის, პუტინი თავის მთავარ ბერკეტს კარგავს. პუტინმა არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ ბირთვული იარაღი თამაშში ჩაერთვება იმ წამიდანვე, თუ ნატოც ჩაერთვება ამ კონფლიქტში, და განსაკუთრებით, თუ ნატოს ჯარები რუსეთის მიწაზე შეაბიჯებენ. და ეს მუშაობს - ეს ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორია. კიდევ ერთხელ: ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს უზარმაზარი რისკია რუსეთისათვის, საეჭვო სარგებლის სანაცვლოდ. რისკის ნაწილია, მაგალითად, ის, რომ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ რაკეტას, რომელსაც ჩამოაგდებს [ანტისარაკეტო სისტემა] ან არასწორად აფეთქდება, ან სხვა ამდაგვარი... ათასნაირი რისკია, იმიტომ რომ ათწლეულებია, არავის გამოუყენებია ეს შეიარაღება... და კიდევ: ჩვენ გვექნება საკმაოდ მკაფიო ნიშნები, რომ რაიმე შეიძლება მოხდეს - მაგრამ ამ მომენტში ამას ვერ ვხედავ.