ბოლო თვების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ბოლო შემთხვევა თებერვლის ბოლოს მოხდა. სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი სახლთან ახლოს ასკილს აგროვებდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. გუნდიშვილსა და რუსეთის მესაზღვრეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. საქართველოს მოქალაქე არ აპირებდა სოფლის ტერიტორიაზე შემოსულ ჯარისკაცებს მორჩილად გაჰყოლოდა, ამიტომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გუნდიშვილი ცხინვალში გადაიყვანეს და ერთ დღეში გაათავისუფლეს. არადა, ეს მისი მეოთხე დაკავება იყო და იგი ხანგრძლივ პატიმრობას ელოდა. სავარაუდოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გუნდიშვილი ხუთიათასრუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჯარიმა ცხინვალში მცხოვრებმა მისმა მეგობარმა გადაიხადა. სახლში დაბრუნებულმა გუნდიშვილმა კი აღმოაჩინა, რომ ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. მისი თქმით, ეს დაზიანებები რუს ჯარისკაცებთან ჭიდაობის დროს მიიღო.
„იმ წუთში ვერაფერი ვიგრძენი, კი წავიქეცი მაგრამ არ მტკენია, ვბღლაძუნობდით, არ მივდევდი. მერე მაინც წამიყვანეს, მერე რუსების ბაზაზე გადამიყვანეს და დამკითხეს, მერე იქიდან ცხინვალში წამიყვანეს, ჯარიმა მეგობარმა ოსმა გადამიხადა, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვმუშაობდით ომამდე, ცოლი ქართველი ჰყავს და მერე გამომიშვეს. მეოთხეზე (დაკავება) უკვე ციხე იყო და რახან გადავრჩი, რაღა უნდა ვთქვა? არ მაწუხებს, მაგრამ ექიმთან მაინც წამიყვანეს, არაფერიაო საშიში - მითხრა, დაბეჟილია და გაგივლისო. სხეულზე სიშავე სამი-ოთხი დღის შემდეგ აღმოვაჩინე. ცხინვალში ცუდად არ მექცეოდნენ, ჩემთვის ვიჯექი იზოლატორში, იქ აღარაფერი დაუშავებიათ“.
ელდარ გუნდიშვილის მდგომარეობით არასამთავრობო ორგანიზაციის „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. მასთან ფსიქოლოგები ახლო მომავალში ჩავლენ. ექიმ-ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა კი გუნდიშვილი აძვში მოინახულა და პირადად გასინჯა. ვაჟა გაფრინდაშვილის იდეაა, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ - დაკავებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება, რადგან ხშირ შემთხვევაში ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ე.წ. ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ.
„როგორც თვითონ თქვა (გუნდიშვილმა), ხუთი ათასი რუბლი გადაუხადეს, ეს მისი დაკავების პირველი შემთხვევა არ იყო. ეს დაახლოებით სამასი ლარია და სოფლის მოსახლეობას ამის გადახდა უჭირს. მე სახელმწიფოს პოლიტიკას ვამართლებ, იმიტომ რომ არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის დაფინანსება მოხდეს. ეს არაპირდაპირ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მთავრობების აღიარება იქნება, ამიტომ საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით უნდა ხდებოდეს ამ დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. ჩემი აზრით, ე.წ საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ არიან მიტოვებულები. ჩემი მომავალი საზოგადოებრივი აქტივობა ის იქნება, რომ ამ მოსახლეობას ჰუმანიტარული, სამედიცინო და სხვა მიმართულების დახმარება გავუწიო“.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში ყოფნისას საქართველოს ორი ნაცემი მოქალაქე ნახა და მათ შეძლებისდაგვარად ყურადღებას აქცევდა. გასული წლის ნოემბერში ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი და გრემისხეველი დავით მიშელაშვილი ნაცემები მიიყვანეს. მათ დაკავებისას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში, მართალია, არაადამიანური პირობებია, მაგრამ იქ მიყვანილ მოქალაქეებს უკვე აღარ სცემენ. დაზიანებებს მოქალაქეები ძირითადად დაკავებისას და გატაცებისას იღებენ. ასე იყო მაია ოთინაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც სოფელ ხურვალეთიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართებზე გადაათრიეს.
ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი 2-წლიან სასჯელს იხდის. ის გასული წლის ნოემბერში ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მარიხუანის შენახვასაც ედავებიან. მის შესახებ ინფორმაცია არც მეზობელ სოფელ მერეთში მცხოვრებ დას აქვს. ნაირა გუდაძემ არ იცის, მისი ძმა ცხინვალის ციხეში რა პირობებში იმყოფება და ახორციელებენ თუ არა მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ბესტაევის სახლი მავთულხლართებით არის გაყოფილი და სახლში ყოველი მისვლისას მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდა. ნოემბერში ის მეხუთედ დააკავეს. ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ აქტიურად უნდა მოითხოვოს გენადი ბესტაევის გათავისუფლება.
„სამწუხაროდ, არ ხდება აფიშირება იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს ორი წელი აქვს მისჯილი და ის იმყოფება ცხინვალის ციხეში. აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის ჩვენმა საზოგადოებამ და მთავრობამ აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ საქართველოს ეს მოქალაქეც იქნეს გათავისუფლებული“.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი გასული წლის აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია, მხოლოდ ტექნიკური შეხვედრების ფორმატში ხვდებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები ერთმანეთს, მაგრამ ამ შეხვედრებზე მხოლოდ წნელისი-ჩორჩანას ტყის მასივში არსებული საგუშაგოების საკითხი იხილებოდა, ახლა ტექნიკური შეხვედრებიც შეჩერებულია და შეუძლებელია ინციდენტების პრევენციისა და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ რაიმე მოლაპარაკების გამართვა.