Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად წაიღებს გაზს თურქმენეთი?


თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

იმის მაგივრად, რომ ექსპორტისთვის ახალი გზები მოეძებნა, ბუნებრივი აირით მდიდარი თურქმენეთი ისევ რუსულ ენერგეტიკულ ორბიტაზე ბრუნდება, - აცხადებენ ექსპერტები.

თურქმენეთის შემოსავლის სამი მეოთხედი საწვავზე მოდის. რუსეთი უკვე აღარ არის თურქმენეთის გაზის მთავარი შემსყიდველი, ის ჩინეთმა ათზე მეტი წლის წინ ჩაანაცვლა. ახლა ჩინეთს თურქმენეთიდან რუსეთზე ორჯერ მეტი გაზი გააქვს.

აშხაბადთან საქმიანი ურთიერთობები პეკინს ტრადიციულად მოსდგამს, მაგრამ იმავე აშხაბადის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება პოლიტიკურად მოტივირებულია, მით უფრო ახლა, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპამ რუსულ გაზზე უარი თქვა და კრემლი ახალი ალიანსების შექმნას ცდილობს.

„თუ მთლიან სურათს შევხედავთ, თურქმენეთი ბუნებრივი აირის ერთადერთი არარუსული საბადოა. მას აქვს პოტენციალი, ევროკავშირის ენერგეტიკული გარდატეხის პროცესი უფრო ეფექტიანი და იაფი გახადოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანეტე ბორმა, Chatham House-ის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში.

მილერის დრო

რუსეთმა 2016 წელს ნულიდან დაიწყო. უკვე 2021 წელს თურქმენეთიდან ექსპორტად წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაჰქონდა. პიკი - 40 მილიარდი კუბური მეტრი - 2000-იანი წლების შუაში იყო. ამ რაოდენობის თურქმენულ გაზს მოიხმარდა რუსეთი, რომ ევროპისთვის მომგებიანი ექსპორტი გამოენთავისუფლებინა. ანუ თურქმენეთის გაზს თავად იყენებდა, სხვა გაზი კი ევროპაში გაჰქონდა.

15 თებერვალს „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი აშხაბადში პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუხამედოვს და თურქმენეთის ახლად მონათლულ „ერის წინამძღოლს“ გურბანგულ ბერდიმუხამედოვს შეხვდა.

ოფიციალურ განცხადებებში არაფერი ეწერა იმაზე, რომ შეხვედრისას გაზის მოცულობის გაზრდაზეც ისაუბრებდნენ. რუსულმა ენერგოგიგანტმა მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნა, რომ მოლაპარაკება „საგაზო სექტორში ურთიერთობებზე“ იქნებოდა.

მილერის ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი თურქმენეთს უყურებს არა როგორც დაბრკოლებას, არამედ როგორც აქტივს. „გაზპრომი“ აპირებს თავისი გავლენის აღდგენას ბუნებრივი აირის საერთაშორისო ბაზარზე, მას შემდეგ, რაც მილერმა აღიარა, რომ 2022 „მძიმე წელი“ იყო.

გაზსადენის გახსნის ცერემონიალი შატლიკში, 2010 წელი
გაზსადენის გახსნის ცერემონიალი შატლიკში, 2010 წელი

ტელეგრამარხი, რომელიც, რადიო თავისუფლების თურქმენული ბიუროს ინფორმაციით, კრემლთან არის დაახლოებული, წერს, რომ მილერს თურქმენეთისადმი ერთი მთავარი გზავნილი ჰქონდა: რუსეთი ყველანაირად შეეცდება შეაფერხოს ტრანსკასპიური მილსადენი, რომელიც თურქმენეთს აზერბაიჯანთან დააკავშირებს. ამ პროექტით შესაძლებელი გახდებოდა აზერბაიჯანული გაზი ევროპისთვის გამოთავისუფლებულიყო.

„სანაცვლოდ თურქმენეთს შესთავაზეს მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც ირანის გავლით გაზს თურქეთს მიაწვდის“, - წერს არხი, სახელად „მზერა აღმოსავლეთისკენ“. ამ სქემის მიხედვით, „თურქმენეთი სრულფასოვანი წევრი გახდება ნავთობექსპორტიორ ქვეყნათა ორგანიზაციის ანალოგისა, რომელიც რუსეთმა და ირანმა შექმნეს და რომელსაც, სავარაუდოდ, კატარიც მიუერთდება“.

თავად „გაზპრომმა“ რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა.

ბოლო 25 წელია თურქმენეთის მიზანია, კასპიიის ზღვის გავლით გაზის დიდი რაოდენობა გადაზიდოს.

ეს პროექტი ყოველთვის პრობლემური იყო, მაშინაც კი, როდესაც ინვესტორები აშკარა ინტერესს გამოხატავდნენ. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმების დადება კასპიის ზღვასთან დაკავშირებით, ხუთივე მოსაზღვრე სახელმწიფოს მონაწილეობით, ასევე ორმხრივი შეთანხმებისა თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზიების დასარეგულირებლად. და მაშინაც, ირანი და რუსეთი ამ იდეით არ აღფრთოვანებულან. სურდათ ამ პროექტისთვის ხელი ეკოლოგიური მოსაზრებების გამო შეეშალათ.

ტრანსკასპიური მილსადენი რომ ამუშავებულიყო, ის ევროპას ამ ზამთარს ნამდვილად გამოადგებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ენერგობაზრის ტენდენციები მისთვის სასიკეთოა, ამბობს ლორან რუსეცკასი, S&P Global Commority Insights-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

„ნამდვილად არ სურთ პასუხისმგებლობა აიღონ, ან მილსადენების მსხვილი პროექტები დააფინანსონ. არცთუ შორეულ მომავალს თუ შევხედავთ, ევროპას გაზის საჭიროება არ ექნება. ვინ მოინდომებს მილსადენების მშენებლობას და მათში ფულის გადახდას იმ ბაზრისთვის, რომლისგანაც 2050 წლისთვის აღარაფერი დარჩება“, - განაცხადა მან.

დეკემბერში სერდარ ბერდიმუხამედოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა. ერდოანმა მას ორი ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენის მშენებლობაში დახმარება შესთავაზა.

ანეტ ბორის თქმით, თურქმენეთმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ალტერნატიული, ნაკლები ზომის მილსადენების მშენებლობით. მათი გაკეთება შედარებით იოლია, მაგრამ გაზსაც ნაკლებს ატარებს.

„თურქმენეთს ურჩევნია, ევროპა მასთან ფულით და გრძელვადიანი კონტრაქტით მივიდეს, 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ოდენობაზე, მაგრამ ეს არ მოხდება“, - თქვა ბორმა და ისიც აღნიშნა, რომ ანკარა დაღალა კიდეც აშხაბადის ამგვარმა პოზიციამ.

საბოლოო ჯამში, თურქმენეთს არა აქვს საშუალება დასავლეთით ექსპორტი განავითაროს. ამიტომ გაყიდვების დაბალანსებას რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით ცდილობს. ის არის მეთაური კონსორციუმისა თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი. ამ გაზსადენით ბუნებრივი აირი პაკისტანისა და ავღანეთის გავლით ინდოეთში ჩავა. ეს მილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტია, რომელსაც ცნობილი ინვესტორი არ ჰყავს. ამ პროექტით რუსეთიც დაინტერესდა, თუმცა, გამოკვეთილი ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავა.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში, ზამირ კაბულოვმა იანვარში განაცხადა, რომ ამ პროექტის უსაფრთხოებაზე უკვე შეიძლება აღარ იდარდონ. ეს იმის გამოძახილი უნდა იყოს, რომ „თალიბანმა“ ავღანეთში სრული კონტროლი დაამყარა.

კაბულოვმა განაცხადა, რომ ამ პროექტში მოსკოვის ნებისმიერი სახით მონაწილეობა „კომერციულ მიდგომაზე“ იქნება დამოკიდებული.

ლორან რუსეცკასმა რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიუროსთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტის რეალიზების შანსი, მისი შეფასებით, „ნულიდან ძალიან დაბალ ციფრამდე ავიდა“, მაგრამ იმ მიზეზების გამო არა, რომელსაც კაბულოვი ახსენებს.

„ვფიქრობ, ინდოეთისა და პაკისტანისთვის შარშანდელი წელი შოკისმომგვრელი იყო, თუკი გავითვალისწინებთ როგორ გაძვირდა იქ თხევადი ბუნებრივი აირი, - თქვა მან, - როდესაც ფასებმა მკვეთრად მოიმატა, მაშინ მოხარულები იქნებოდნენ, მილსადენი თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთი ჰქონოდათ“.

მიუხედავად ამისა, რუსეცკასი მიიჩნევს, რომ ისევ რჩება პროექტის ფუნდამენტული პრობლემები, მათ შორის, ავღანეთის გავლით ტრანზიტი და თურქმენეთის სახელმწიფო გაზის საწარმოს „თურქმენგაზის“ დათქმები ტექნიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოსკოვის მხრიდან ინვესტიციას, „რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელსაც ახლა მილიარდობით დოლარი აქვს გაზსადენის ასაშენებლად“, - განაცხადა მან.

ერთადერთი სატყუარა, რომელიც, როგორც ცნობილია, რუსეთმა თურქმენეთს შესთავაზა, მესამე ქვეყანაში, ირანის გავლით გაზის ექსპორტია და ასევე, უკვე არსებული ინფრასტრუქტურა - რაც აშხაბადის რეგიონალურ ენერგოპროფილს არსობრივად არ ცვლის.

ჯონ რობერტსმა, ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტმა ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციაში Methinks, რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიუროს უთხრა, რომ ამ ხერხით თურქმენეთს შეუძლია თურქეთში წელიწადში მაქსიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაუშვას. ამ შემთხვევაშიც კი გაუგებარი რჩება, თურქეთი ამ იდეას მოიწონებს თუ არა. ანკარა იმასაც ითვალისწინებს, რა წინაღობები შეხვდება პროექტს ევროკავშირისგან.

ამასთან, რუსეთს აშხაბადზე ზეწოლაც შეუძლია. თურქმენეთმა სერიოზულად იზარალა, როდესაც მან იმპორტი შეამცირა. თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა ენერგომატარებლებზე ფასები მთელ მსოფლიოში დაეცა.

„თურქმენგაზის“ 2015 წლის თებერვლის განცხადებაში, კომპანიამ რუსეთს „არასაიმედო პარტნიორი“ უწოდა. განცხადება მაშინ გამოქვეყნდა, როცა თურქმენეთში გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და ეროვნული ვალუტის კურსი დავარდა. ეს განცხადება სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიუროსთან საუბარში ანეტ ბორი აღნიშნავს, რომ თურქმენეთი გონივრულად მოიქცეოდა, რუსეთს რომ არ უჯერებდეს.

„რუსეთი ცდილობს, გაზის ბაზარი კარდინარულად შეცვალოს. დასავლეთისგან იზოლაციამ ის ირანზე კიდევ უფრო მეტად გახადა დამოკიდებული. ეს თურქმენეთზეც აისახება“, - განაცხადა მან. „მოსკოვი იმედოვნებს, რომ მომავალში ირანს ყაზახეთისა და თურქმენეთის მეშვეობით დაუკავშირდება. ირანის მეშვეობით კი დაუკავშირდება პაკისტანსა და ინდოეთს. მაგრამ პაკისტანში არსებული მარშრუტი დიდ მოცულობაზე არ არის გათვლილი. იქაური ინფრასტრუქტურა ძალიან შეზღუდულია და კიდევ უამრავი ტექნიკური პრობლემაა, რომლებიც ამ ჯერაც ბუნდოვან იდეებს უკავშირდება“.

XS
SM
MD
LG