რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეხვედრის სამუშაო დოკუმენტი, რომლის ფინალურ ვერსიაზეც ევროპელი ლიდერები ხვალ უნდა შეთანხმდნენ.
“რამდენ ხანსაც საჭიროა”
დოკუმენტში ევროპული საბჭო გმობს უკანასკნელ დღეებში კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. ასევე უკანონოს უწოდებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში სექტემბრის ბოლოს ჩატარებულ რეფერენდუმებს.
“ისევე, როგორც ყირიმისა და სევასტოპოლის შემთხვევაში, ევროკავშირი არასდროს აღიარებს ამ უკანონო ანექსიას. რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები გამიზნულად არღვევს გაეროს წესდებას და დაუფარავად უგულებელყოფს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. რუსეთს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე ქმედების განსახორციელებლად”, - წერია დოკუმენტში.
მისი ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ რუსეთის აგრესიას და ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ თუ ენერგეტიკულ პრობლემებს ეხება.
ევროკავშირის ლიდერებს სურთ, რომ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩამდენებმა და დამკვეთებმა პასუხი აგონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ისინი მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს, არ დაეხმარონ რუსეთს ევროპული სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
“ევროკავშირი იდგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა”. კიევი მიიღებს მეტ იარაღს, 3 მილიარდ ევროს, და ბრიუსელის დახმარებით, შეძლებს, სწრაფად აღადგინოს ომით განადგურებული ინფრასტრუქტურა.
რუსეთის იარაღი: საკვები და გაზი
უკრაინული მარცვლეულის, ისევე როგორც საკუთარი ნავთობისა თუ გაზის ექსპორტს რუსეთი იყენებს პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის, - ნათქვამია დოკუმენტში.
“რუსეთი, უკრაინასთან ომში საკვების იარაღად გადაქცევის გამო, მთლიანადაა პასუხისმგებელი საკვების უსაფრთხოების გლობალურ კრიზისზე. რუსეთის აგრესიამ შეაფერხა აგროკულტურული საქონლის წარმოება, მიწოდების ჯაჭვები და ვაჭრობა. ამან მსოფლიოში საკვებისა და სასუქების ფასები ჯერ არნახულ დონემდე ასწია”.
ევროკავშირი აპირებს, გაზი შეიძინოს “უფრო სანდო პარტნიორებისგან” და ეს გააკეთოს ერთიანი ძალისხმევით. ანუ ცალკეულ ქვეყნებს აღარ მოუწევთ, თავად იზრუნონ საკუთარ გაზმომარაგებაზე.
გარდა ამისა, ბრიუსელის გეგმაა, განავითაროს “ენერგეტიკული პლატფორმა” - მექანიზმი, რომელიც აპრილში შეიქმნა, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ბალკანეთის ქვეყნებს და ასოცირებული ტრიოს წევრებს, ანუ მათ შორის, საქართველოსაც, შეუძლიათ, შეუერთდნენ მას.
***
24 თებერვლიდან მოყოლებული, ანუ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ევროკავშირმა მოსკოვს სანქციების უკვე რვა პაკეტი დაუწესა.
მაგალითად, მმართველ წრეებს და ოლიგარქებს მილიარდობით დოლარის აქტივი გაუყინეს და აუკრძალეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. რუსულ კომპანიებს შეეეზღუდათ წვდომა ევროპულ ბაზარზე, მათთვის დაიკეტა ევროპული ცა და ევროპული პორტები. აიკრძალა ნახშირის და შემცირდა ნავთობის ექსპორტი.
მაგრამ ევროკავშირი ამ დრომდე ვერ ახერხებს, უარი თქვას რუსულ გაზზე, რისი წყალობითაც კრემლი ყოველთვიურად მილიარდობით ევროს იღებს. გამოცემა Financial Times-ის გამოთვლებით, ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთისგან, სულ ცოტა, 100 მილიარდი ევროს ენერგომატარებლები შეიძინა.