Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ნორმა ჯერჯერობით რეკომენდაციად დარჩა


წირვა და ზიარება რუსთავის ხარების ეკლესიაში. 2020 წლის 22 მარტი
წირვა და ზიარება რუსთავის ხარების ეკლესიაში. 2020 წლის 22 მარტი

დღეს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სამართალდამცველი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრი იუწყება, რომ ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, იმსჯელეს შეკრების უფლებამოსილების წესისა და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე. რასაკვირველია, ხაზი გაესვა სოციალური დისტანცირების უდიდეს მნიშვნელობასაც, თუმცა ზოგადი კომენტარების მიღმა, უცნობი დარჩა, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს სამართლებრივი რეაგირება მაშინ, როდესაც ბუნდოვანი და მანიპულაციების საგანია მთავარი - შეუძლია თუ არა 10-ზე მეტ ადამიანს შეკრება და რა შემთხვევაში ექნებათ რეაგირება ამაზე სამართალდამცველ ორგანოებს.

22 მარტს, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრიდან ორიოდ საათში, მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე მორწმუნეთა შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაუცველობის მიზნით გამოძახებულ შეტყობინებაზე მისულმა პატრულმა განაცხადა, რომ ადგილზე მათ დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

რა წერია პრეზიდენტის დეკრეტში ადამიანთა თავშეყრის აკრძალვის შესახებ?

საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტში არაფერია ნათქვამი 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, შეზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანის თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. დეკრეტის თანახმად, შეზღუდვები არ შეხებია რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, შესაბამისად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეკრეტის გამოცემის შემდეგ განმარტა მედიასთან, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის უფლების ნაწილი. მისივე განმარტებით, დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დეკრეტი გამოიცემა.

პრეზიდენტის დეკრეტი მთლიანობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებულ უფლებებს.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

  • ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.
  • ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მთავრობა პრეზიდენტის დეკრეტის შემდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, 10 ადამიანის თავშეყრის შემზღუდავი ნორმის ჩაწერა მარეგულირებელ დოკუმენტში, მთავრობის პრეროგატივაა და, შესაბამისად, მისი ასახვა მოსალოდნელია დადგენილებაში, რომლიც უახლოეს მომავალში გამოიცემა. ეს ნორმა, თავის მხრივ, სწორედ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის დეკრეტის გამოცემამდე ჩამოთვალა ის ვალდებულებები, რომლის შესრულება და მონიტორინგი მას საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაევალებოდა:

  • იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.
  • საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა.
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.
  • საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.
  • მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.
  • მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

ამ ჩამონათვალში, შეიძლება ითქვას, რომ 10 პირის თავშეყრის აკრძალვა პრაქტიკულად ის მთავარი სიახლე იყო, რომლის გათვალისწინებაც მოქალაქეებს მოუწევდათ. თუმცა, ნორმა არ მოქმედებს.ზოგადად კი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგებლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ძირითადად თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო უწევთ რეაგირება. 22 მარტს დილით, მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ იძულების წესით კარანტინში ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 მოქალაქე გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG