„სააფთიაქო ნარკომანია“, განსაკუთრებით მისი ტაბლეტური ფორმები რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2017 წელს თავადვე განაცხადა.
პერიოდულად გვესმის აფთიაქების დაკეტვისა და ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში ბრალდებულთა დაკავების შესახებ. მაგალითად, გუშინ, 24 სექტემბერს, „საფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ ბრუნვასთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. გარდა ამისა, 6 მარტს პასუხისგებაში მისცეს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამცირებთ მიწოდებას და ვხურავთ აფთიაქებს, ეს ადამიანები კი მუდმივად ეძებენ პრეპარატებს და ჩნდება შავი ბაზარი, ახალი აფთიაქები, ახლა უკვე პირადადაც მიაქვთ ფსიქოტროპული წამლები.
ეჭვმიტანილთა პერმანენტული დაკავებების, აფთიაქების დაკეტვის მიუხედავად, „სააფთიაქო ნარკომანია“ მაინც არსებობს და მომხმარებლები კვლავაც ეძებენ სასურველ დოზას. უცნობია ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულთა რაოდენობაც, რადგან ამ დროისთვის არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა.
სად არის გამოსავალი?
ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე რადიო თავისფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ სანამ არსებობს მოთხოვნა, შავი ბაზარიც იქნება. იგი ძირეული ცვლილებების მომხრეა. „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფარგლებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზას მომხმარებლების რეაბილიტაციაში, შესაბამისი ბაზის შექმნასა და კვალიფიციური ნარკოლოგების მომზადებაში ხედავს:
„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამცირებთ მიწოდებას და ვხურავთ აფთიაქებს, ეს ადამიანები კი მუდმივად ეძებენ პრეპარატებს და ჩნდება შავი ბაზარი, ახალი აფთიაქები, ახლა უკვე პირადადაც მიაქვთ ფსიქოტროპული წამლები. საჭიროა ამ ადამიანებს გავუწიოთ დახმარება და შევამციროთ მომხმარებელთა რაოდენობა. მათ სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა, რაც ძვირია. მცირეა ცენტრების რაოდენობაც. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დასავლეთ საქართველოში, რადგან ძალიან დიდია ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულთა რიცხვი, იქ კი არც ერთი სტაციონარი არ არის.
ჩვენ ვლაპარაკობთ „სააფთიაქო ნარკომანიაზე“ და გვავიწყდება, რომ ამ თემის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ“.
ჩვენ ყოველ დღე ახალგაზრდებს ვკარგავთ. გავიხსენოთ თუნდაც ბოლო დროინდელი ტალღა. ნუთუ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი?!
სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა რადიო თავისუფლების ეთერში ნარკოპილიტიკის ცვლილებაზე საუბრობს. იგი ითხოვს ნარკომომხმარებლების მიმართ მიდგომის შეცვლას, დასჯის ნაცვლად ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას და ჯანდაცვის სერვისების შეთავაზებას:
„ჩვენ ყოველდღე ახალგაზრდებს ვკარგავთ. გავიხსენოთ თუნდაც ბოლოდროინდელი ტალღა. ნუთუ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი?!
ნუთუ ისაა საზრუნავი, რომ კანაფის ექსპორტი და ლეგალიზაცია მოვახდინოთ და ამით გადაიჭრება ყველა პრობლემა?!
აჯობებს ხელისუფლებამ დროულად მიხედოს რეალურად მისახედ საქმეს, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, თორემ, წინა ხელისუფლების მსგავსად, ისტორიის სანაგვეზე გადავარდება“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. სამინისტროს პოზიცია მხოლოდ პრესსპიკერის განცხადებიდანაა ცნობილი.
სოფო ჭუმბურიძე: "სააფთიაქო ნარკომანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს მიმართავს მის აღმოსაფხვრელად. დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელს ბრალი წაეყენა სხვადასხვა აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე არაეფექტურ სისტემურ რეაგირებაში. დიდი იმედი გვაქვს, გამოძიება სრულყოფილად და უმოკლეს ვადებში დაადგენს სრულ სურათს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საბოლოოდ დავამარცხოთ "სააფთიაქო ნარკომანია."
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე კი ჯერჯერობით მხოლოდ ნარკოტიკების გამსაღებლებისა და რეალიზაციის ხელშემწყობი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებაზე ლაპარაკობს.