Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. სუს-ის ინფორმაციით, თვალავაძე სასამართლოს განჩინებით დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სუს-ის განცხადებით, საქმე ეხება „საფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონოდ ბრუნვას. დაკავებულია კიდევ 5 ბრალდებული, რომელთაგან 4 ქალია.

სუს-ის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.“ სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ეხებოდა ამ აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სუს-ის ცნობითვე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის ამ საქმეზე სულ პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.

XS
SM
MD
LG