ამ ამბავმა კიდევ ერთხელ წამოსწია წინ კითხვები, ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე, და, მეორე მხრივ, მეზობლად მდებარე ანაკლიის პორტის მომავალზე.
სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მართალია, ოჩამჩირის პორტი მრავალი წელია, რუსულ ხომალდებს მასპინძლობს, მის მნიშვნელოვან გაფართოებას - ისე, რომ სერიოზულად იქცეს ნოვოროსიისკის დამხმარე ბაზად, - დიდი დრო და ბევრი რესურსი სჭირდება.
ოჩამჩირის პორტი, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შეიძენს იმ ფუნქციას, რაზეც საოკუპაციო ძალები საუბრობენ, მაგრამ, ანალიტიკოსების თანახმად, ჩანს ნიშნები, რომ შესაძლოა, ამ მიზნისკენ უფრო სწრაფად იმოძრაონ; ამასთან, ასეთი მიზნის გამოცხადებაც კი პოლიტიკური პრობლემაა 30-იოდე კილომეტრით დაშორებული ანაკლიის კომერციული პორტისათვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა „შუა დერეფნის“ კარიბჭედ აღიქვამს.
Project 22870: რა უნდოდა ოჩამჩირეში
ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ხომალდის შესვლის შესახებ ოთხშაბათს, 10 ივლისს გაავრცელა ცნობა საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებულმა ინტერნეტგამოცემამ, Navalnews-მა.
გამოცემა წერდა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, სამაშველო ხომალდი, - რომელიც ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის, - თავდაპირველად, 28 ივნისს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, პირველ ივლისს მისი კვალი გაქრა, 4 და 5 ივლისის ფოტოების თანახმად კი, უკვე ოჩამჩირის პორტთან გაჩნდა.
საუბარია Project 22870-ზე, რომელიც, მართალია, საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა, გამოცემის თანახმად, ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად.
ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად შავ ზღვაში სამი ერთეული Project 22870 გადაადგილდება, თუმცა დაზუსტებული არ არის, ამ სამიდან რომელი იყო ოჩამჩირეში. მათი სახელებია:
- SB-742,
- „პროფესორი ნიკოლაი მურუ“,
- „კაპიტანი გურიევი“
მეოთხე, სწორედ ამ ტიპის ხომალდი, დასახელებით „ვასილი ბეხი“ (SB-739), 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინისთან ჩაძირეს. მას ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა.
ოჩამჩირეში გამოჩენილ ბუქსირზე გამოცემა ვარაუდობს, - მაგრამ ვერ ადასტურებს, - რომ მას „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა გადაჰქონდა.
„პანცირი“ (Pantsir C1) არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც წუთში 5000 გასროლით დაახლოებით 20 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა ე.წ. ინტელექტუალური თავდასხმის საშუალებების, მაგალითად, დრონების განადგურება.
Navalnews-ი გემის გამოჩენას რუსეთის ნოვოროსიისკის პორტზე უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ 3 ივლისს მიტანილ იერიშს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ უკრაინული შეტევის დროს ხომალდი ღია ზღვაში იყო და ოჩამჩირეში უსაფრთხო ადგილის საძებნელად შევიდა.
რას წარმოადგენს ოჩამჩირის პორტი
იმ ადგილას, სადაც ახლა ოჩამჩირის პორტია, 1923 წლიდან ბათუმის შავი ზღვის სასაზღვრო გემების დანაყოფი იდგა; უშუალოდ პორტი 1933-35 წლებში აშენდა.
„რონდელის ფონდის“ ცნობით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე პორტის განვითარების მრავალი გეგმა არსებობდა, რომელიც სისრულეში ვერ მოვიდა - მათ შორის აქ განთავსებული ფლოტის ზომისა და პორტის სიღრმის გაზრდის, და ასევე წყალქვეშა ნავების ბაზის განვითარების კუთხით.
1996 წლის აგვისტოში საქართველოს მოთხოვნით, სანაპიროს დაცვის ხომალდების მეექვსე ბრიგადა ოჩამჩირიდან დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში გადაიყვანეს. 1998 წელს პორტი რუსული გემების უკანასკნელმა დივიზიამ დატოვა.
„რონდელის ფონდის“ თანახმადვე, რუსეთმა პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება 2008 წლის ომამდე დაიწყო - როდესაც შეკეთდა სოხუმისა და ოჩამჩირის დამაკავშირებელი რკინიგზა, ასევე ორი სარკინიგზო ხიდი ოჩამჩირის რაიონში.
ამჟამად, ანალიტიკოსების თანახმად, პორტი ფუნქციონირებს, როგორც დამხმარე ბაზა.
მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.
ოჩამჩირის პორტი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის მდებარეობს.
„ეს არის ხელოვნურად შექმნილი პორტი. საუბარია მდინარის შესართავზე, რომელიც გააფართოვეს“, - ეუბნება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას.
„პორტს ამჟამად შეუძლია, მიიღოს ერთი ხომალდი - კორვეტის ტიპის მრავალფუნქციური ხომალდი, - და რამდენიმე კატარღა“, - ამბობს გენერალ-მაიორი კაპანაძე.
„რონდელის ფონდის“ ცნობით, 2022 წლისთვის პორტის სიღრმე 9 მეტრამდე იყო და მას ჯამში 10 საპატრულო გემის/კატერის მიღება შეუძლია.
პორტი: რა არის სიახლე?
გამოცემა Navalnews-ი იუწყება, რომ ხომალდ Project 22870-ის გამოჩენა ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი სიახლეა მას შემდეგ, რაც 2023 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ოჩამჩირეში მუდმივი ბაზის შესახებ გააკეთა განაცხადი.
„ოჩამჩირის პორტში აქამდეც შედიოდნენ სხვა ხომალდები, მათ შორის უფრო დიდები და უფრო მეტად სამხედრო დანიშნულების მქონეები, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები“, - ეუბნება გენერალი გიორგი სურმავა რადიო თავისუფლებას. სურმავა 2012-2016 წლებში გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2016 წელს კი - გენშტაბის უფროსის მოადგილე.
ამავე აზრზეა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე: „[რუსული ხომალდები ოჩამჩირის პორტში] ადრეც შესულან და ახლაც შევლენ… მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოჩამჩირეში ხდება გარკვეული სადაზვერვო მოქმედებები“, - ამბობს იგი და დასძენს:
„ხომალდი არის პლატფორმა, რომელსაც აქვს უამრავი სადაზვერვო საშუალება, იქიდან შეუძლია აწარმოოს თვალთვალი როგორც ანაკლიის მიმდებარედ, ასევე საქართველოს წყლების მიმართულებით. ასევე, შეამოწმოს, ვითარება რამდენად იქნება უკრაინიდან რეაგირება და ა.შ. ეს არის ძალის ჩვენება საქართველოსთვის და გარკვეული ინფორმაციის შეგროვება“.
ექსპერტები - ასევე, საქართველოს მთავრობა, - ამბობენ, რომ ოჩამჩირის პორტის მნიშვნელოვან გაფართოებას წლები დასჭირდება.
თუმცა გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე ჩანს.
2024 წლის მარტში ოჩამჩირის ბაზაზე სამშენებლო სამუშაოების ამსახველი კადრები გავრცელდა. კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობამ, „ძალა ერთობაშია“, გაავრცელა, - მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ მაშინ თქვა, რომ დრონით გადაღებული ვიდეომასალა აფხაზი მეგობრებისგან მიიღო.
კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა მუშაობს; ამასთან, გაჩენილია ისეთი ინფრასტრუქტურული ნაგებობები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ არსებობდა.
ახლა დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას ეუბნება: „დაახლოებით ერთი თვის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის აკვატორიაში შემოვიდა ორი სამხედრო გემი, თუმცა ამის ვიდეომტკიცებულება არ გვქონდა და აღარ გვისაუბრია ამაზე“.
მისი თქმითვე, სავარაუდოდ, ესენი იყო საშუალო ზომის სამხედრო გემები, - განსხვავებით ივლისის დასაწყისში გამოჩენილი საბუქსირო გემისა.
„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გააქტიურებულია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. ნოვოროსიისკის პორტში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და ეს გემიც, რომელიც ახლახან შემოვიდა, გაექცა უკრაინის ცეცხლს. ვფიქრობთ, ეს ფაქტი არ იქნება გამონაკლისი და ოჩამჩირის პორტი ბევრად უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული რუსების მხრიდან“, - ვარაუდობს დავით ქაცარავა.
„ახალი მუდმივი ბაზა“?
პორტის გაფართოებაზე თავდაპირველად შარშან, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების „ახალი მუდმივი ბაზა“ ამოქმედდება.
საქართველომ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის ეს ინიციატივა დაგმეს.
- თბილისმა განაცხადა, რომ ეს არის „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“;
- ევროკავშირმა რუსეთის ამ ინიციატივას უკანონო უწოდა და თქვა, რომ ეს „არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“;
- მსგავსი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა; მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი „აჩვენებს, რამდენად შორს წამსვლელია რუსეთი უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მისაღწევად“.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანახმადვე, ოჩამჩირის განვითარება იყო რუსეთის მხრიდან ალტერნატივების ძიება იმ ფონზე, რომ „რუსები იძულებულები გახდნენ, თავდაცვით პოზიციაზე გადასულიყვნენ, რადგან უკრაინელები წარმატებით უტევდნენ საზღვაო ინფრასტრუქტურას ყირიმში“.
„ვინაიდან ახლა რუსები სევასტოპოლის პორტში ვერ ბედავენ შესვლას და ნოვოროსიისკის პორტში ჰყავთ შეყრილი ხომალდები, ეს ძალიან ვიწრო მანევრის საშუალებაა მათთვის. აქედან გამომდინარე, სჭირდებათ სამანევრო შესაძლებლობების გაზრდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის 2013-16 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო.
„მაგრამ ამ მიზნის მიღწევას დიდი დრო და რესურსები სჭირდება“, - ამბობს იგი.
„პორტის მახასიათებელია ქვიშიანი ფსკერი და მდინარის ნატანი. ასე რომ, მას სჭირდება მნიშვნელოვნად გაფართოება, გამაგრება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - საზღვაო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - რის შემდეგაც შეიძლება, რომ გარკვეული დამხმარე ფუნქცია შეიძინოს ნოვოროსიისკის პორტთან ერთად“, - ამბობს კაპანაძე, რომელიც ამჟამად კვლევითი ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორია.
„თუმცა, ეს რომ გააკეთონ, დაახლოებით 5-დან 10 წლამდე სამუშაოების ჩატარება დასჭირდებათ“, - მიიჩნევს ის.
ამავე აზრზე არიან უცხოელი მიმომხილველებიც. „ომის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევრების შეფასებით, რუსეთის მიზანი, სავარაუდოდ, სწორედ დამხმარე ბაზად განვითარებაა და არა ძირითადი ბაზისა, ვინაიდან იქაური რელიეფი ქვიშიანი პლაჟებით ხასიათდება, რაც გამოუსადეგარია ფართომასშტაბიანი სანაოსნო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ არსებული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას, სულ მცირე, სამი წელიწადი დასჭირდება.
მეორე მხრივ, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს: „სამუშაოები ოჩამჩირის პორტში დაწყებულია 2022 წლის სექტემბრიდან. ორი წელია თითქმის, ისინი მუშაობენ. ასე რომ, შესაძლოა, კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ეს სამუშაოები, რათა დაჩქარდეს აკვატორიის მომზადება უფრო მსხვილი გემების მისაღებად“.
„ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის“
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსული გემის გამოჩენა, - რაზეც ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, - არ იქნება გამონაკლისი და ოჩამჩირის პორტს რუსები ბევრად აქტიურად გამოიყენებენ“, - ამბობს ქაცარავა.
სამხედრო ექსპერტები სხვა გარემოებაზეც მიუთითებენ: „რუსეთს სულაც არ სჭირდება პორტის მშენებლობა... [გემი] რეიდზე დადგება და ისე განახორციელებს [სადაზვერვო თუ სხვა ტიპის ოპერაციებს]. პორტი არის დამხმარე საშუალება, რომ განახორციელოს დადგომა, ან ტვირთით შევსება, დასვენება, რემონტი და ა.შ.. და, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს რომ განახორციელოს, ამ ბაზას სჭირდება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია“, - ამბობს გენერალი კაპანაძე.
მაგრამ, თუნდაც ოჩამჩირის მიდამოებში სამხედრო გემების დგომა, ანალიტიკოსების ნაწილის თქმით, უკრაინის ომში ჩართვის რისკებს წარმოშობს:
„რუსეთი ამ გზით საქართველოს ფაქტობრივად უხსნის მეორე ფრონტს. აფხაზეთი, რომელიც ოკუპირებულია, დე იურე არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, და საქართველო დგება რისკის ქვეშ, რომ მოხდეს მისი საომარ მოქმედებებში ჩართვა, თუნდაც ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან“, - ამბობს დავით ქაცარავა.
გენერალ გიორგი სურმავას თქმით: „თუკი ოჩამჩირის პორტში შევა, ვთქვათ, "კალიბრის" მატარებელი ხომალდები, რომელთაც შეუძლიათ ოჩამჩირიდან განახორციელონ რაკეტების გასროლა, მაშინ უკრაინელებს ლეგიტიმური უფლება აქვთ, საპასუხო ცეცხლი გახსნან, - თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ“.
მაგრამ ასევე დასძენს, რომ „უკრაინას ჯერ ისეთი სარაკეტო შეიარაღება არ აქვს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან მისწვდეს ოჩამჩირეს. არც Storm Shadow არ სწვდება და არც ATACMS-ები“. ერთის საოპერაციო დიაპაზონი 550 კმ-მდეა, მეორისა კი - 300 კმ-მდე. ISW-ის გამოთვლებით, ATACMS-ები, ყველაზე შორს, ნოვოროსიისკამდე შეიძლება მისწვდეს რუსეთს. ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირემდე დაახლოებით 370 კილომეტრია.
„მართალია, მათი [რუსეთის] მიზანია, რაც შეიძლება შორს იყვნენ [რათა უკრაინელების საპასუხო თავდასხმებს თავი აარიდონ], მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პორტი არ არის იმ დაშორებაზე, რომ უკრაინული ძალები ვერ მისწვდნენ მას, - ATACMS-ებით ვერა, მაგრამ რომელიმე სახეობის საზღვაო დრონებით მაინც“, - ამბობს დავით ქაცარავა.
„მათ ყველგან მივწვდებით“, - თქვა ჯერ კიდევ ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ისეთ ჰიპოთეზურ შემთხვევაში, თუკი უკრაინამ განახორციელა ოჩამჩირის მიმართულებით საპასუხო თავდასხმა, ჩნდება თუ არა რისკი, რომ როგორმე მოქმედებები მისწვდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასაც?
„30 კილომეტრი ძალიან დიდი მანძილია იმ რაკეტებისთვის, რასაც უკრაინა იყენებს“, - ამბობს გიორგი სურმავა.
გავლენა ანაკლიაზე
ამ ამბის კიდევ ერთი ასპექტი ანაკლიის პორტს უკავშირდება.
„ოჩამჩირის ბაზის თუნდაც გარკვეული ფუნქციებით დატვირთვა, მშენებლობის დაწყების იმიტირება, ან თუნდაც განცხადებები, რა თქმა უნდა, შეაფერხებს სავაჭრო შესაძლებლობებს“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ანაკლიის პორტს საქართველოს სახელმწიფო აშენებს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან ერთად. რუსეთსა და ჩინეთს კი სულ უფრო და უფრო მეტად განიხილავენ, როგორც მოკავშირეებს.
„სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლებს მაინცდამაინც აღელვებდეთ ოჩამჩირის პორტი, - რუსეთი ჩინეთს რომ ვერაფერს გაუბედავს, ფაქტია. ისედაც დამოკიდებულები არიან ყველაფრით. მაგრამ ის, რომ ასე ახლოს სამხედრო პორტის განვითარება ანაკლიის პორტის შემდგომი ფუნქციონირებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა ეს უფრო პოლიტიკური ზეწოლის ფაქტორია რუსების ხელში“, - მიიჩნევს გენერალი კაპანაძე.
„თუ ოჩამჩირის პორტში განლაგებული იქნება სამხედრო ხომალდები, ეს, რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებლობას აძლევს, რომ აკონტროლოს საზღვაო გზები, რაც ანაკლიის პორტს დაუკავშირდება მომავალში. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს შესაძლებლობა რუსეთს სხვა მიმართულებებიდანაც აქვს. შესაბამისად, ამ კონტექსტში, ეს ხელის შემშლელი უფრო პოლიტიკურად არის, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით“, - ამბობს გენერალი გიორგი სურმავა.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს - კონსორციუმის წარმომადგენელი ოთხივე ფირმა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.
კონსორციუმის ერთ-ერთი შემადგენელი ფირმა, CCCC, ჩინეთის ამბიციური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, - და, ამავე დროს, შეერთებულ შტატებს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დესტრუქციული ქმედებების გამო.
მეორე კომპანია, CHE, დაკავშირებულია შრი-ლანკის სკანდალებით ცნობილ ჰამბანტოტას პორტთან, - პროექტთან, რომელიც ჩინეთის „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითად განიხილება.
ქვეკონტრაქტორებიდან ერთ-ერთი, CRBC, უკვე წლებია მუშაობს საქართველოში და ასობით მილიონი ლარის შეკვეთები აქვს განხორციელებული.
ფორუმი