Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 12 წელი - ჩაკეტილი კარი დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ


ახალგორის შესასვლელი
ახალგორის შესასვლელი

„2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ დავკარგეთ თავისუფლება“, - ეს სიტყვები ცხინვალელმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათიმ ომის შემდეგ გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში თქვა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ 12 წელი გავიდა. რა მიიღეს და რა დაკარგეს ამ აღიარების შემდეგ სოხუმსა და ცხინვალში, როგორია დღევანდელი ვითარება? ცხინვალსა და გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ეფესბეს სასაზღვრო ძალები აკონტროლებენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვრებს. აქედან გამომდინარე, ცხინვალსა და სოხუმში პოლიტიკური ჯგუფები ფიქრობენ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა ამ აღიარებამ. დე ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი სწორედ ესაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე რუსეთი სრულად არ მიიერთებს ცხინვალის რეგიონს, ეს საკითხი მაინც საფრთხის შემცველად მიაჩნიათ. ის, რაც ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოებაა, საქართველოსთვის ოკუპაცია, რუსეთის ინტერვენცია, ეთნიკური წმენდა და ადამიანის უფლებების შეზღუდვაა.

რა მიიღეს?

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ახლო პერსპექტივაში მიიღეს უსაფრთხო გარემო, მუქთა ფული, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ბოლო პერიოდში, ბიბილოვი იქნებოდა თუ თიბილოვი, ყველა საუბრობს, ვინ უფრო სწრაფად შეიყვანს რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთს. ამის გარშემოა პოლიტიკური დისკუსია.
გიორგი კანაშვილი

„მიიღეს მეტი ფინანსური და მატერიალური დახმარება. მიიღეს სამსახურები. მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში. კეთდება სოციალური პროექტები. ეს არის ის შედეგი, რაც ცხინვალში დადებითად მიაჩნია ადგილობრივ მოსახლეობას და ეს არის, რუსეთის გათვლით, მათი მიზნების გატარებისთვის ერთგვარი გადასახადი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ“.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალმა მეტი სარგებელი მიიღო რუსეთისგან. სამხრეთ ოსეთს თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა, რომ საქართველოდან მათი გასვლა რუსეთთან მიერთებას უკავშირდებოდა, ამიტომ ამ მიზნისკენ სწრაფვას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ცხინვალში, ხოლო სოხუმში ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი განწირულია, იქ გაძლიერებული რუსული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გამო.

„ბოლო პერიოდში, ბიბილოვი იქნებოდა თუ თიბილოვი, ყველა საუბრობს, ვინ უფრო სწრაფად შეიყვანს რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთს. ამის გარშემოა პოლიტიკური დისკუსია. მიიღეს უსაფრთხოება საქართველოსგან, მიიღეს ფული და ჯერ კი არის იმედგაცრუება, რომ ჯერ რუსეთს არ მიერთებიან, მაგრამ პერსპექტივაში შესაძლოა მიიღონ, განსხვავებით აფხაზებისგან, რომელიც არის კლასიკური სეპარატისტული პროექტი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან გასვლა გვინდა, მაგრამ რუსეთთან მიერთება არ გვინდა. გვინდა ავაშენოთ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ კონტექსტში აფხაზური პროექტი ჩავარდნილია, იმიტომ რომ აღიარებები არ მოჰყვა, რაც აუცილებელია სახელმწიფოს მშენებლობისთვის. რუსეთის გავლენა, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით, იზრდება. ოსებს ამის ამბიცია არ ჰქონდათ და იმ ამბიციების შესაბამისად, რომ რუსეთის ნაწილი უნდათ იყვნენ, ამ მიმართულებით უფრო წარმატებულები არიან. იურიდიული ანექსიაღა აკლია ამ რეგიონს, თორემ დღეს რომ ცხინვალში არავინ არაფერს წყვეტს, ეს კარგად იციან თვითონ ოსებმაც“.

რა დაკარგეს?

დაკარგეს მოტივაცია სწავლის, განვითარების, იმიტომ რომ აზრი დაკარგა კარიერამ და განვითარება, სივრცე აღარ არის და მათ ცნობიერებაში მუქთა ფულის მიღების ფსიქოლოგია გაჩნდა. ხელისუფლებაში რუსეთის მიმართ მაამებლობაა.
ზურაბ ბენდიანიშვილი

დაკარგეს განვითარების, განათლების მოტივაცია, იცლება სოფლები და ქალაქები, კორუფცია მასშტაბურია, კლანები გავლენებს ვერ ინაწილებენ, კრიმინალური მდგომარეობა რთულია, იზოლაცია დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის პერსპექტივას უსპობს. დაკარგეს თავისუფლება.

ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ომისა და რუსეთის ინტერვენციის შემდეგ გაცილებით მეტი დაკარგეს, ვიდრე მიიღეს:

„დაკარგეს მოტივაცია სწავლის, განვითარების, იმიტომ რომ აზრი დაკარგა კარიერამ და განვითარება, სივრცე აღარ არის და მათ ცნობიერებაში მუქთა ფულის მიღების ფსიქოლოგია გაჩნდა. ხელისუფლებაში რუსეთის მიმართ მაამებლობაა. იქ მთავარი ის კი არ არის, რას გააკეთებ და როგორ აგირჩევენ, არამედ ის, თუ როგორ აამებ რუსეთს და რამდენ ფულს ჩადებს რუსეთი დახმარების პროგრამაში. დაკარგეს თავისუფალი გადაადგილების სივრცე და აბსოლუტურად იზოლირებულები აღმოჩნდნენ. ცხინვალისთვის ეს არის ერთადერთი გვირაბი და კავშირი ჩრდილო ოსეთთან და, შესაბამისად, რუსეთთან და ამითი ბედნიერები ნამდვილად არ არიან. მიგრაცია იმის გამოა, რომ მოტივაცია აღარ არის, თუნდაც რუსეთში რუსული განათლება მიიღონ, უკან დაბრუნებაზე აღარავინ ფიქრობს. დაკარგეს ადამიანური კონტაქტები, ნათესაობა და შორეულ პერსპექტივაშიც მშვიდად ვერ იქნებიან - ფიქრობენ, რომ რუსეთმა საქართველოსთან მოლაპარაკებებში ოდესმე შეიძლება გაცვალოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა“.

გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ სოხუმში განსაკუთრებით დაკარგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა, დაკარგეს პუტინის რუსეთში თუნდაც მცირედი დემოკრატიის პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. რუსეთმა კი ჩაკეტა კარი დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ.

„ჩემი აზრით, მათ დაკარგეს საშუალოვადიან პერსპექტივაში შანსი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეცხოვრათ. აშკარაა, საით მიდის რუსეთი. 2036 წლამდე პუტინი იქნება. დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტი არის. ალტერნატივა კი, თუ იდეოლოგიურად შევხედავთ, იყო საქართველო, სადაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხია და გასაგებია, საქართველო საით მიდის, და ეს კარები კარგა ხანს იქნება ჩაკეტილი მათთვის რუსების მიერ“.

ცხინვალშიც და სოხუმშიც 26 აგვისტოს სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრს არ ეზეიმება, რადგან მაღაზიებისა და აფთიაქების დახლები ცარიელია. მაგალითად, ახალგორში, სადაც მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მთავარ მოთხოვნად დანარჩენ საქართველოსთან გზის გახსნის საკითხი რჩება.

XS
SM
MD
LG