Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის, როგორ და რამდენი? - იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დაბრუნების მოლოდინში


თაკო ნაცვლიშვილი დედასთან ერთად რომში 4 მარტს ტურისტად ჩავიდა. 6 მარტს კი შეიტყო, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან თავის ასარიდებლად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერებინა პირდაპირი რეისები იტალიასთან.

ტურისტულმა სააგენტომ, რომლის დახმარებითაც თაკო და დედამისი რომში ჩავიდნენ, მათ 8 მარტს შეატყობინა, რომ საქართველოში გამოფრენას სამშაბათს, 10 მარტს შეძლებენ:

„ტურისტულ სააგენტოში გუშინ გვითხრეს, რომ ჩვენი საბუთები გაგზავნილია საელჩოში და ფრენა სამშაბათს იქნებაო. დღეს დილით ჩვენ თავად დავრეკეთ საელჩოში და გავარკვიეთ გამოფრენის დრო. გვითხრეს, რომ ბილეთის საფასურს აგვინაზღაურებენ. სხვა დეტალები ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ. მარტო ის გვითხრეს, რომ სამშაბათს, დილის 10 საათზე, აეროპორტში უნდა ვიყოთ. რა რეჟიმს დავექვემდებარებით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, საელჩოში არც ამის შესახებ უთქვამთ რაიმე. ალბათ ამასაც აეროპორტში გვეტყვიან. ამჟამად, ქალაქში მშვიდი სიტუაციაა. პანიკის ნიშნები არ არის. ვიცით, რომ გუშინ რამდენიმე მუზეუმი დაიხურა“.

ირმა ძაგნიძე რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, 10 მარტს მისი დისშვილი თბილისში გამომგზავრებას გეგმავდა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეისით, თუმცა, კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გამო, მგზავრობა გადაიფიქრა:

„ჩვენ გადავაგზავნეთ მონაცემები საელჩოში და ვფიქრობდით, რომ ჩემი დისშვილი უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ შეგვეშინდა დაინფიცირების, რადგან, როგორც ვიცი, იქ მთელი იტალიიდან, ე.წ. წითელი ზონიდანაც მოიყრიან თავს საქართველოს მოქალაქეები, რისკი საკმაოდ დიდია და ამიტომ მან გადაიფიქრა წამოსვლა. როდესაც გაიხსნება გზები და სიტუაცია დარეგულირდება, მერე წამოვა. როგორც საელჩოში შეგვატყობინეს, რომი-თბილისის რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „აირზენა“, 10 მარტს, 13 საათზე“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხები კითხვებზე

ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი რომიდან თბილისში 10 მარტს უნდა დაბრუნდეს, რადიო თავისუფლებამ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისგან შეიტყო.

როდის, როგორ და საქართველოს რამდენ მოქალაქეს ჩამოიყვანს სახელმწიფო იტალიიდან, ამ კითხვებზე საქართველოს მთავრობას კონკრეტული პასუხები არ აქვს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიასთან შეწყვეტილი პირდაპირი ფრენების გამო იტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით დააბრუნებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია იტალიაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები.

საბჭოს ცნობითვე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა იტალიაში, უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი მოქალაქეების რომში ტრანსპორტირებას, საიდანაც მათ საქართველოში ორგანიზებულად ჩამოიყვანენ.

რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უფრო ზუსტი პასუხები მიეღო სახელმწიფოს კონკრეტული გეგმის შესახებ, თუმცა, უწყება კვლავაც ზოგადი, წერილობითი პასუხებით შემოიფარგლება:

რადიო თავისუფლება: როდის იგეგმება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ეს მოხდება უახლოეს დღეებში

რადიო თავისუფლება: როგორ იგეგმება მათი ჩამოყვანა? სპეცრეისები დაინიშნება თუ სხვა, ჩვეულებრივ რეისებზე გადანაწილდებიან მგზავრები?

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აღნიშნულის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართულობით და ამის შესახებ მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა საჭირო საორგანიზაციო საკითხი.

რადიო თავისუფლება: რამდენი პირის ჩამოყვანა იგეგმება იტალიიდან?

საგარეო საქმეთა სამინისტრო: როგორც ცნობილია, იტალიასთან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იტალიაში საქართველოს საელჩოში ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ფრენების შეჩერების გამო გაუუქმდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, პირადი მონაცემები უნდა გაეგზავნათ საელჩოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების დამუშავება ამ ეტაპზეც გრძელდება. შესაბამისად, საბოლოო რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რადიო თავისუფლება: საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 მარტს განაცხადა, რომ ფრენების შეჩერების გამო იტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს კვების, ცხოვრების ხარჯებს. რა სქემით ანაზღაურდება მათი ხარჯები?

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც ფრენების გაუქმების გამო შეექმნათ სასტუმროში განთავსების და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოს საგარეო უწყება და ჩვენი საელჩო იტალიის რესპუბლიკაში უწევს სათანადო დახმარებას.

რადიო თავისუფლება: ბინადრობის მქონე საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება იტალიაში?

საგარეო საქმეთა სამინისტრო: იტალიაში ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ცნობილია. მონაცემები რომ გასაჯაროვდეს, საჭიროა იტალიური მხარის თანხმობაც.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ისინი სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან თუ თვითიზოლაციაში გადავლენ?

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისინი უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს, რომელსაც დაუდგნენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

16 მილიონიან კარანტინში მოქცეული საქართველოს მოქალაქე

32 წლის დათო კუნჭულია ორ წელზე მეტია ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, მილანთან ხუთ კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობს. ის იმ 16 მილიონ ადამიანს შორის მოხვდა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო, კარანტინში მოექცნენ და რომლებსაც სხვა რეგიონში გადასასვლელად, სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.

დათო ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს, რომელიც ამჟამად, ვირუსის გავრცელების გამო გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ დათოს თქმით, პანიკა ნაკლებად შეინიშნება, ამბობს, რომ მილანის ქუჩები დაცარიელებულია:

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად მოძრაობს. ვერ ვიტყვით, რომ პანიკა იგრძნობა, რადგან სავაჭრო ცენტრში რომ დავდივართ, ხალხი ნიღბების გარეშე დადის. მართალია ხალხის რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში პანიკაა. რაც შეეხება მილანს, ბოლო დღეებში რამდენჯერმე მომიწია იქ ჩასვლა. ასეთი ცარიელი მილანი არასდროს მინახავს. ვერც კი წარმომედგინა, რომ როდესმე მილანს ასე ცარიელს ვნახავდი“.

დათოს თქმით, როგორც დამსაქმებლისგან შეიტყო, იმ პერიოდში, სანამ ვირუსის გავრცელების გამო სამსახურები გაჩერებულია, შესაძლოა მცირე კომპანიებს ხელისუფლება ხელფასის გადახდაში დაეხმაროს: „როგორც ჩემმა უფროსმა გვითხრა, პირს, რომელსაც 15-ზე ნაკლები დასაქმებული ყავს სამსახურში, თუ არ ვცდები, სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს ხელფასის გარკვეული ნაწილი. დიდი ალბათობით, მეც მოვყვები მათ რიგებში“.

6 მარტს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დროებით შეჩერდება. გადაწყვეტილება 6 მარტსვე შევიდა ძალაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება იტალია-საქართველოს პირდაპირ ავიარეისებზე შეზღუდვა. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, „შეზღუდვა მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე“.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ სქემა დამუშავების პროცესშია და სანამ ტექნიკური დეტალები არ დაზუსტდება, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

9 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 7,375 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 366-ია.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლებით, ჩინეთისა და სამხრეთ კორეას შემდეგ, მესამე ადგილს სწორედ იტალია იკავებს.

XS
SM
MD
LG