26 იანვარს, დილით დაზიანდა ლატვიისა და შვედეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი. ეს შემთხვევა ბალტიის ზღვაში მომხდარ მსგავს ინციდენტებს შორის ბოლოა - ზღვის ფსკერზე ენერგომომარაგებისა და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ხაზები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე რამდენჯერმე დაზიანდა.
26 იანვრის შემთხვევის შემდეგ კვლავ ალაპარაკდნენ მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე.
კაბელების დაზიანება სავარაუდოდ ხდება გემებით, რომლებიც რუსეთის ნავსადგურებიდან ან რუსეთის ნავსადგურებისკენ მიემართებიან.
ბოლო ინციდენტში ბულგარეთის საკუთრებაში მყოფი გემი მონაწილეობდა. შვედეთმა საბოტაჟის გამოძიება დაიწყო.
როგორც სტოკჰოლმმა, ასევე რიგამ, განაცხადეს, რომ წყალქვეშა კაბელის დაზიანება, სავარაუდოდ, გარე ჩარევის შედეგი იყო.
დეკემბერში, ეჭვი გაჩნდა, რომ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულმა ნავთობის ტანკერმა, დაუმაგრებელი ღუზით დააზიანა წყალქვეშა კაბელი ფინეთის სანაპიროებთან.
ერთი თვით ადრე, სხვა ინციდენტი მოხდა ჩინურ გემთან დაკავშირებით. 2023 წლის ოქტომბერში, ბალტიის გაზის მილსადენი დააზიანა სხვა ჩინურმა გემმა, რომელიც რუსეთიდან მიემგზავრებოდა,
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ დასრულებულა, ევროპის მთავრობებს ეჭვი აქვთ, რომ ბალტიის ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურა მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმების უფრო ფართო კამპანიის ნაწილია.
„ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ზედიზედ ოთხი მსგავსი ინციდენტი შემთხვევით მოხდეს. ეს უფრო კანონზომიერებაა“, ამბობს ფრანკ იურისი, ანალიტიკურ ცენტრ Sinopsis-ის თანამშრომელი ტალინიდან.
"დაჟანგული ტანკერების ფლოტი"
ბოლო ინციდენტი ცხადყოფს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწყებულ მზარდ დაძაბულობას ბალტიის ზღვაში.
დეკემბერში კაბელის დაზიანების შემდეგ, ევროკავშირი მოსკოვს ახალი სანქციებით დაემუქრა და ნატომ ახალი საპატრულო და სათვალთვალო ოპერაცია დაიწყო.
ინციდენტი დაბრალდა ნავთობის ტანკერს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“.
"ჩრდილოვან ფლოტს" უწოდებენ გემებს, რომელთაც გადააქვთ რუსული სანქციებით აკრძალული ნავთობპროდუქტები და რომელთა შემთხვევაშიც ბოლომდე არ არის ცხადი, თუ ვის ეკუთვნის ეს გემები.
მაშინ, როდესაც საერთაშორისო ყურადღება ძირითადად რუსეთსა და მის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებაზე იყო მიმართული დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად, ასეთ გემთა რაოდენობა მხოლოდ ტანკერებით არ შემოფარგლულა.
ევროკავშირის მთავრობები რუსულ გემებთან დაკავშირებულ მზარდ საზღვაო საფრთხეზე იწყებენ ლაპარაკს.
იანვრის დასაწყისში, ავარიული გემი, რომელიც 100 000 ტონა ნავთობით იყო დატვირთული და რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო, გერმანიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან გაიჭედა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოსკოვი დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდო სანქციების გვერდის ავლასა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში „დაჟანგული ტანკერების ფლოტის განუკითხავი გამოყენებით“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ბალტიის ახალი მისია მოიცავს მეტ საპატრულო თვითმფრინავს, სამხედრო გემებსა და უპილოტო საფრენ მოწყობილობებს. მან დასძინა, რომ არსებობს „სერიოზული შეშფოთების მიზეზი“ ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო და განაცხადა, რომ ნატო მომავალ ინციდენტებს უპასუხებს გემების შემოწმებით და ეჭვმიტანილი გემების დაკავებითაც კი.
გერმანელი პროკურორები ჯერ კიდევ აგრძელებენ რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების გამოძიებას, რომელიც 2022 წლის სექტემბერში მოხდა.
რა მოხდება ხვალ?
შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ექნება ლატვიელ კოლეგებთან შესაძლო საბოტაჟის გამოძიებისას, თუმცა მსგავს ინციდენტებში გარეული დამნაშავეების დადგენა არ გამოდგა მარტივი.
მაშინ, როცა ამ ინციდენტებზე მოსკოვის მხრიდან პასუხისმგებლობის უარყოფას ჯერჯერობით სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპის ოფიციალური პირები - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, ნოემბერში მომხდარ დაზიანებას „საბოტაჟის“ აქტი უწოდა, ხოლო ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ დეკემბრის ინციდენტი რუსეთთან იყო დაკავშირებული - გამოძიება გრძელდება.
შვედეთის მიერ დაკავებული გემის მფლობელის, ბულგარეთის საზღვაო-სატრანსპორტო გიგანტის Navibulgar-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ კალჩევმა, 27 იანვრის განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძლებელია, გემს დაეზიანებინა კაბელი, მაგრამ უარყო წინასწარგანზრახული საბოტაჟი და თქვა, რომ გემი მოხვდა „უკიდურესად ცუდ ამინდში“ და თავისი ღუზა ზღვის ფსკერზე ათრია.
ჩინეთის მთავრობამაც წარმოადგინა მსგავსი განმარტება, რომელიც გაუგზავნა ფინეთსა და ესტონეთს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ 2023 წლის ინციდენტიდან, რომლის დროსაც ჩინურმა გემმა დააზიანა წყალქვეშა მილსადენი თავისი ღუზის რამდენიმე ასეული საზღვაო მილის მანძილზე გათრევის შედეგად.
ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ჩაგდებული ღუზა, რომელსაც ზღვის ფსკერზე დიდხანს მიათრევს გემი, შესამჩნევი გახდებოდა ეკიპაჟისთვის და გემს კურსს შეუცვლიდა.
„ნაკლებსავარაუდოა, რომ ღუზის თრევა ამდენი ხანი შეუმჩნეველი დარჩეს და ეს მოხდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, - ამბობს იურისი.
ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვას, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დაიწყებენ. ეს ბლოკის სანქციების მე-16 პაკეტი იქნება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სხვა ზომებთან ერთად, ბრიუსელის სანქციების სიას შესაძლოა დაემატოს, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი 20-დან 30-მდე გემი.
ევროკავშირმა სანქციები უკვე დაუწესა, სავარაუდოდ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 70-ზე მეტი გემს. სავარაუდოდ, ამ ფლოტში შემავალ 180 გემს აშშ-მაც და ბრიტანეთმაც დაუწესეს 10 იანვარს ახალი სანქციები.
ფორუმი