ეს ინფორმაცია თავდაპირველად ambebi.ge-მ გაავრცელა. ნინი ბადურაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ინტერვიუსგან განსხვავებულს ვერაფერს ეტყოდა.
„ვფიქრობ, რომ ერთი ეტაპი დასრულდა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეს დრო გავატარე. ვფიქრობ, სხვა რაღაც დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, მუსიკით უფრო მეტად დავკავდე“, - ამბობს მომღერალი ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ თანაწამყვანი იყო ბოლო რვა წლის განმავლობაში. იგი არაფერს ამბობს იმაზე, რა გახდა არხთან რვაწლიანი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ტელეკომპანია „იმედსაც“. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ტელევიზიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებს, რომლის 45 მონაწილე პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც. მისი დაკავების გამო დატოვა „ტელეიმედი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა.
უფრო ადრე, 2024 წლის დეკემბერში, ნინი ბადურაშვილმა უარი თქვა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
ფორუმი