ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია პირველ რიგში განისაზღვროს ყველა გამომწვევი მიზეზი - ამის შესახებ „კვირის“ პრესკლუბში ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ანტიდოტი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრილ ტყვიას გამოდევნის, არ არსებობს, ხოლო ჰაერის, წყლისა და საკვების გარდა, ტყვიის შემცველი შესაძლოა იყოს საღებავები, მაკიაჟის საშუალებები და ტუჩსაცხებიც კი.
„სხვადასხვა გაიდლაინები არსებობს, როგორ უნდა უმკურნალო სისხლში ტყვიის არსებობას, თუმცა ეს დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე. სხვა ქვეყნებში, როცა ტყვიის შემცველობა მაღალია, მაშინვე პირველადი წყაროს დადგენა ხდება. ეს აუცილებლობაა“, - განაცხადა ინგა ღვინერიამ მედიასთან კომენტარში.
მისი თქმით, ტყვიას მწვავე მოწამვლის სიმპტომატიკა ახასიათებს, თუმცა მასზე ეჭვის მიტანა მედიკოსებს მაინც შეუძლიათ. ეჭვის გაჩენის საფუძველი კი შეიძლება გახდეს პაციენტის ჩვევები, საცხოვრებელი ან სამუშაო გარემოც კი:
“ტყვიის სისხლში მოხვედრის შემთხვევაში ყველაზე მეტად დამახასიათებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება და რკინადეფიციტური ანემია. ტყვია მოქმედებს ჰემოგლობინის სტაბილურობაზეც. ტყვიის სისხლში არსებობა შესაძლოა გამოვლინდეს აღგზნებით, ბავშვებში კი შეიძლება ინტელექტის დაბალი კოეფიციენტით, გონებრივი ჩამორჩენით და ჰიპერაქტიურობით გამოიხატოს“.
ტყვიის შემცველობას მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკები ამოწმებენ როგორც კაპილარულ, ასევე ვენურ სისხლში, თმასა და ნუნებში, თუმცა საქართველოში ამ გამოკვლევის ჩასატარებლად დიდი არჩევანი არ არსებობს. ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელიც გერმანიაში გზავნის ანალიზებს, ამ კვლევას 109 ლარად ატარებს.
20 სექტემბრიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს სტატისტიკის სამსახური მრავალინდიკატორიან კლასტერულ კვლევას იწყებენ. კვლევა 14 ათასი ოჯახის ინტერვიუს ითვალისწინებს, სასმელი წყლის ხარისხის შესწავლას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.
სწორედ ამ მასშტაბური კვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყანაში არსებულ ზოგად სურათზე საუბარი. მანამდე კი ტყვიის შემცველობა ქართული სანელებლების შემდეგ დაბალი შემცველობით თბილისის ატმოსფერული ჰაერის მტვერშიც აღმოჩნდა.