საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მსოფლიო რუკა, რომელზეც საქართველოში ჰაერის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის ტოლია. სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია მოქმედი ევროპული ნორმის(25 მკგ/მ3) ფარგლებშია და ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 16-დან 25 მიკროგრამამდე მერყეობს. ქვეყნის ფონურ დაბინძურებასთან შედარებით გადაჭარბებული მაჩვენებელია თბილისში, სადაც კონცენტრაცია 26-დან 35 მკგ/მ3-ის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებში - იტალიაში, ბულგარეთსა და პოლონეთში და აზიისა და აფრიკის უმეტეს ტერიტორიაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისზე მაღალია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რუკა ეფუძნება ქვეყნების მიერ მიწოდებული, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაზომვის შედეგებსა და სატელიტური დაკვირვების მონაცემებს. საქართველოს შემთხვევაში გამოყენებულია აბასთუმანში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ფონური დაბინძურების მონიტორინგისა და თბილისის ფონური დაბინძურების მონიტორინგის სადგურების გაზომვების შედეგები.
ყველაზე პოპულარული
1