Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მსოფლიო პატრიარქის დელეგაცია


მიტროპოლიტი ემანუელი
მიტროპოლიტი ემანუელი

საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წარმომადგენელმა საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა დიპლომატიური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე რაიმე თვალსაზრისის თავსმოხვევა, ან ზეწოლა მიზანი არ ყოფილა.

„ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აქვს სიბრძნე, იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს.”

საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის დელეგაციას ჰქონდა კორექტული პოზიცია.

„ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ ჩვენ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას, სრული გაგებით ეკიდებიან“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ამგვარი განცხადებების მიუხედავად, იყო მოლოდინი რომ კონსტანტინოპოლის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარების თემას შეეხებოდა. თუმცა, „მიზანი არ იქნებოდა კონკრეტული გადაწყვეტილების დღესვე გამოცხადება“. ამის შესახებ მედიასთან პატრიარქის მდივანმა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმაც ისაუბრა.

„შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ. ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები“

რას აპირებს საპატრიარქო?

საქართველოს ეკლესია უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სინოდის სხდომა, სავარაუდოდ სააღდგომოდ გაიმართება.

სინოდის უკანასკნელი სხდომა გასული წლის 27 დეკემბერს ჩატარდა, მაშინ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი ჯერ გამოცემული არ ჰქონდა. 7 იანვარს კი, ანუ ტომოსის გამოცემის მეორე დღეს, საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურმა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის პოზიციის გამოხატვას სულ მცირე ტომოსის გაცნობა სჭირდებოდა.

„ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ?! იქნებ რა წერია ამ ტომოსში?! როგორ შეიძლება გამოვხატოთ ოფიციალურად?! ისე კი, გასაგებია, რა ხდება ეკლესიაში, ერთმანეთს ვესაუბრებით... ჩვენ შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ, ტომოსი ჯერ საერთოდ არ ვიცოდით. ის არც ახლაა გამოქვეყნებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდგომ სინოდებზე შევისწავლოთ ეს საკითხი.“

უკრაინის ავტოკეფალია და ქართველი სასულიერო პირების პოზიცია

საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ოფიციალური პოზიციის გამოხატვამდე, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხმა ეკლესიის შიგნით პოზიციები გაყო.

13 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მილოცვაზე თავის შეკავება, გულდასაწყვეტია და არ არის შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება.

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღება მიულოცა: „ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს", - წერდა მიტროპოლიტი თავის ფეისბუკის გვერდზე.

სხვადასხა დროს სასულიერო პირების განცხადებების თანახმად სინოდის 48 წევრიდან უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას 11 მათგანი ემხრობა. მათ შორის არიან მეუფეები: გრიგოლი, ანტონი, მელქისედეკი, დოსითეოსი, აბრაამი, იოსები, ზენონი, ზოსიმე, საბა, ვახტანგი და პეტრე.

რა არ მოხვდა სასულიერო პირების დიპლომატიურ განცხადებებში?

ვიზიტის დიპლომატიური შინაარსის სიმწვავე გამოხატული იყო დელეგაციის თავმჯდომარის პერსონაში - ის პირადად თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც გააერთიანა უკრაინის მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ახალ კანონიკურ ეკლესიაში
გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქის დელეგაციის ვიზიტი იყო თავაზიანი მოწოდება, რომ საქართველოს ეკლესიას შეუძლია თამამად მიიღოს გადაწყვეტილება, კონსტანტინოპოლი კი იქნება ქართული ეკლესიის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი.

„ისინი ჩამოვიდნენ იმ ნარატივის გასაქარწყლებლად, რომელსაც რუსეთი ტირაჟირებს, რომ თუკი ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას რუსეთი დაგვსჯის და თუ არ დავუჭერთ, მაშინ კონსტანტინოპოლი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სეპარატიზმს გააღვივებს. ემანუელი ამის გასაქარწყლებლად ჩამოვიდა.“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

მოლაპარაკებები საქართველოს საპატრიარქოსთან და უშუალოდ პატრიარქთან წარმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ემანუელმა.

ეს მაღალი რანგის სასულიერო პირი ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელია, ის არის ასევე ევროპულ ეკლესიათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ვატიკანში.

გიორგი ტიგინაშვილის აზრით, ის საგანგებოდ შერჩეული ფიგურა იყო გზავნილისთვის, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან საქართველოში უნდა ჩამოეტანათ. იგივე აზრისაა თეოლოგი და ჟურნალისტი ლევან სუთიძე:

“ვიზიტის დიპლომატიური შინაარსის სიმწვავე გამოხატული იყო დელეგაციის თავმჯდომარის პერსონაში - ის პირადად თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც გააერთიანა უკრაინის მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ახალ კანონიკურ ეკლესიაში და პირადად გახლავთ "სქიზმატებთან თანამოზიარე". - წერს იგი.

მიტროპოლიტი ემანუელი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ უკვე შეხვდა რუსეთის პატრიარქს კირილეს. მათი შეხვედრის თემაც უკრაინის ავტოკეფალია იყო. მართლმადიდებელი ეკლესიებიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას უკვე ემხრობა ბულგარეთის, რუმინეთის, ალბანეთის, კვიპროსისა და ელადის ეკლესიები. ვისაც ჯერ აღიარების თანხმობა არ გადაუწყვეტია ესაა რუსეთის, სერბეთი, ანტიოქიისა ანუ სირიის ეკლესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პოზიციის გამოხატვას არ ჩქარობს და საზოგადოებას მოუწოდებს დაელოდოს სინოდის სხდომას.

გიორგი ტიგინაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სინოდის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ის შეიძლება შეიცვალოს საპატრიარქოში.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გადაწყვეტილების სუვერენი არის არა წმინდა სინოდი, არამედ ფარული ხელი, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტარციაში, იციან რა ეს კონსტანტინოპოლში მათ მოლაპარაკება აწარმოეს არა მღვდელმსახურებთან, არამედ უშუალოდ ცენტრთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG