Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის მიულოცავს საქართველო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას?


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესია და ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გამართავს დისკუსიას უკრაინის ეკლესიასა და ხელისუფლებასთან. ამის შესახებ მან 14 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 7 იანვარს განაცხადა, პარლამენტის გზავნილები საქართველოს საპატრიარქოსთან და „უკრაინელ მეგობრებთან საუბრის საფუძველზე გახმოვანდება“.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს და შესაბამისად, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და სწორედ ამიტომ მას არ მიულოცია უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება: „მე არ ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა, საკითხების მიმართ, რომელიც არ მინდა დავაკონკრეტო, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ, მე არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.“

13 იანვარს შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღება მიულოცა. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა: „ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს", - წერია მიტროპოლიტის განცხადებაში.

13 იანვარსვე, საკვირაო ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მილოცვაზე თავის შეკავება, გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას.

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე თავის პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ 6 იანვარს უთხრა: "სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას“, - აღნიშნა მეუფე შიომ, რომელმაც არ იცის როდის იქნება ამ საკითხის განხილვა.

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძესაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია შეჯერებულ პოზიციას სინოდზე მსჯელობის შემდეგ მიიღებს: "განცხადება პოზიციასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ უნდა შეჯერდეს მღვდელმთავრების აზრი სინოდზე. როგორც ვიცით, იქ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ განცხადება მსჯელობის გარეშე ვერ დაიდება. თვითონ მაგ საკითხში არის ბევრი სხვადასხვა ქვესაკითხი“. მისი განმარტებით სინოდი წელიწადში ორჯერ იმართება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სინოდის სხდომა რიგის გარეშეც მოიწვიონ. სინოდის ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

XS
SM
MD
LG