სულ მუშაობენ, 24-საათიან რეჟიმში, დილით, ღამით, შუაღამით, გამთენიისას - სამიზნედ შერჩეულ ადამიანებს საღამოს შვიდზეც ურეკავენ და დილის ხუთისკენაც. მათ „სატელეფონო ცნობარში“, როგორც ჩანს, ათასობით აბონენტის ნომერია. მათ შორის, ის ნომრებიც, რომლებსაც არასრულწლოვნები იყენებენ.
თუკი თავდაპირველად გინებისა თუ მუქარის სამიზნედ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები შეარჩიეს, ისინი, ვინც, მაგალითად, „აგენტების კანონს“ ღიად ეწინააღმდეგებიან, მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ., ახლა მიზანში ამოიღეს მათი ოჯახის წევრებიც - მშობლები, შვილები, მათ შორის, არასრულწლოვნები.
სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წერს, რომ მათი არასრულწლოვანი შვილების მობილურ ტელეფონებზე უცხო ზარები ფიქსირდება. ნაწილმა მოასწრო შვილებისა თუ ოჯახის არასრულწლოვანი წევრების გაფრთხილება, რომ უცხო ზარებს არ უპასუხონ, ნაწილმა ვერ.
შესაბამისად, „სატელეფონო დაშინებისა და დამცირების კამპანიის“ საცეცებში, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიგეგმა, არასრულწლოვნებიც მოხვდნენ.
ზარი „აზერბაიჯანიდან“ 11 წლის ლილესთან
მათ შორის აღმოჩნდა 11 წლის ლილე. მის მობილურზე, ზარები „უცხო ქვეყნიდან“ 9 მაისს, დღისით განხორციელდა. საკუთარი დაბადების დღის ხმაურში, ტელეფონის ხმა ვერ გაიგო, თუმცა, მოგვიანებით, მშობლებს გამოტოვებული ზარები აჩვენა.
ლილეს დედა, სოფო გელავა, ატლანტიკური საბჭოს, DFRLab-ის მკვლევარია. მამა, გიორგი ნონიაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად აქტიურ, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან უცხო ნომრებიდან შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელება დაიწყო, მშობლებმა ლილე გააფრთხილეს, რომ უცხო ნომრისთვის არ ეპასუხა:
„გულწრფელად გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ზარები არასრულწლოვნებამდეც შეიძლებოდა მისულიყო, მაგრამ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ ბავშვთან ამ თემაზე უნდა გველაპარაკა. ძალიან მშვიდად ავუხსენით, რომ ხალხთან რეკავდნენ უცხო ნომრებიდან და მათ შეშინებას ცდილობდნენ, მაგრამ ვუთხარით, რომ საშიში არაფერია, ყველანი ერთად ვართ და უბრალოდ, ტელეფონს არ უნდა უპასუხოს. შევატყვეთ, რომ აჟიტირდა და ეს იყო დაძაბული აჟიტირება, ამიტომ ვეცადეთ, რომ მისთვის ეს ამბავი მსუბუქად მიგვეწოდებინა. ვწუხვარ, რომ ვერ მოვიფიქრეთ და მის ნომერზე უცხო ზარები არ დავბლოკეთ“, - ამბობს სოფო გელავა.
ნომერი, რომლითაც ლილე სარგებლობს, დედამისზეა რეგისტრირებული, თუმცა, ამ ნომრით სოფო გელავას არასდროს უსარგებლია. მისი თქმით, გარდა კონკრეტული მობილური ოპერატორის ბაზისა, ეს ნომერი არსად ფიქსირდება, როგორც სოფო გელავას კუთვნილი ნომერი:
„ცხადია, ვინც რეკავს ამ ნომერზე, კარგად იცის, ვინ სარგებლობს ამ ნომრით. ჯერ ასაკოვან მშობლებთან დაიწყეს რეკვა, ახლა შვილებზე გადავიდნენ. უნდათ ემოციური ტემპერატურის აწევა. ცხადია, სტრესულია იმ რეალობის გააზრება, რომ გიწევს ბავშვთან ამ საფრთხეებზე საუბარი და გმართებს სიფრთხილე, რომ შიში და სტრესი არ გადასდო. თუმცა, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ამგვარი ზარები ვინმესთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს, პირიქით, ეს ყველაფერი უკუეფექტს იწვევს. ახლა, კიდევ უფრო მეტად ვარ გაბრაზებული და კიდევ უფრო მეტად ვიცი, რატომ გამოვდივარ ქუჩაში“.
სოფო ამბობს, რომ მშობლებს ლილესთან, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საუბარი მოუწევთ:
„ზარებს თუ გავცდებით, ვხედავთ რა ხდება ახლა, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს ქუჩაში ესხმიან თავს, თან ისე, როდესაც ბავშვებიც შეიძლება ახლდეთ თან. ახლა ლილესთან ახალი ეტაპი გვაქვს გასავლელი, რომ შესაძლოა, ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდეს და ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს“, - ამბობს 11 წლის ლილეს დედა.
„რატომ დადის შენი და აქციებზე?“ - ზარი უცნობისგან 13 წლის გოგოსთან
9 მაისს დაურეკეს სამოქალაქო აქტივისტისა და „დროას“ წევრის, თამთა გოგოლაძის 13 წლის დას. მანამდე თავად თამთასაც დაურეკეს და, როგორც ამბობს, „უშვერი სიტყვებით“ აგინეს.
თამთამ იცოდა, რომ უცნობი პირები, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებსაც მალე დაურეკავდნენ, თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო მისი უმცროსი და:
„მე დედა გავაფრთხილე, ვუთხარი, რომ შესაძლოა, დაერეკათ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ. მეც და დედაჩემიც ამას სიცილით შევხვდით, მაგრამ როდესაც ჩემს არასრულწლოვან დასთან დარეკეს, ბავშვთან, რომელთან ერთადაც არ ვცხოვრობ, ცხადია, ეს ნამდვილად ვეღარ იქნება სასაცილო. უთხრეს, რატომ დადის შენი და აქციებზე, რატომ იღებს ქვეყნის არევაში მონაწილეობას, რატომ არ რცხვენიაო. ჩემი პატარა და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, გაოგნებული უსმენდა ამ მონოლოგს. ბავშვს მე მოვუხადე ბოდიში, რომ ჩემს გამო ასეთ დღეში ჩავარდა. იმან აქეთ დამამშვიდა, არა უშავსო. მაგრამ ცხადია, დაიძაბა და ამან მასზე იმოქმედა“.
თამთა გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ მთელი ეს კამპანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა ორგანიზებული:
„ყველა ქართულ ნომერზე ვცადეთ გადარეკვა, მაგრამ ოპერატორი გვეუბნება, რომ ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული. ამას ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ იზამენ. ეს არის სუსის მიერ დარიგებული ნომრები, საიდანაც არეკინებენ ხალხთან და ამაში ფულსაც უხდიან. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რამ უნდა გაიძულოს ხალხთან რეკვა და, მათ შორის, ბავშვების დაშინება“.
ორი ზარი 16 წლის კესოსთან
16 წლის კესოს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი 9 მაისს შევიდა. კესო ხატია დეკანოიძის, ოპოზიციონერი დეპუტატის ძმისშვილია.
კესომ პირველ ზარს უპასუხა, მაგრამ მალევე გათიშა. ზარის ავტორი ისევ შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა, მოზარდმა მის ზარს აღარ უპასუხა:
„კაცის ხმა იყოო და როგორც კი გააცნობიერა, რა ხდებოდა, მაშინვე გათიშა. ეს ადამიანი ხომ მიხვდა, რომ ტელეფონზე ბავშვმა უპასუხა, მაგრამ მაინც რეკავდა. ეს ნომერი გარდაცვლილი მამაჩემის სახელზეა რეგისტრირებული. გარდაცვლილი მამაჩემის ნომერზე რეკავდნენ, რომელსაც ჩემი ძმისშვილი პასუხობდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა აქვთ მიზნად, ოჯახების დაწიოკება.
კესოს, 16 წლის ბავშვს, რომელიც ჩვენი გაზრდილია, ურეკავენ ამაზრზენი ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ სტრესულია. თუმცა, ისიც ხომ ნათელია, რომ ასე ვერ დაგვაშინებენ, პირიქით. მათ შორის, ვერც კესოს. ძალიან გონიერი გოგოა. დადის აქციებზე და იცის, რისთვის დგას იქ“.
ზარი გამთენიისას - „შენი შვილი მინეტშიკების კურსებზე ჩაეწერა“
დილის 4 საათზე, უფრო ზუსტად კი 4:20 საათზე დაურეკეს ლევან ადამიას. ზარი „ბურუნდიდან“ განხორციელდა. სატელეფონო ზარი მის შვილს, 21 წლის ბიჭს შეეხებოდა:
„ჩემი შვილების დედა სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძეა, რომელიც მუდმივად არის მსგავსი თავდასხმების მსხვერპლი. ამჯერად, გადაწყვიტეს, ჩემთვის დაერეკათ. ზარის ავტორს მიზნად ჰქონდა, რომ შვილის გამო „შევერცხვინე“.
ტელეფონმა გამთენიისას, ხუთის 20 წუთზე დარეკა. ვუპასუხე და ზრდილობიანად მომესალმა კაცი, თქვენი შვილის გამო გირეკავთო. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, რაღაც ცუდი მოხდა. და შემდეგ დაიწყო, თქვენი შვილი „მინეტშიკების“ კურსებზე ჩაეწერა და უშვებთ თუ არაო. ამოვისუნთქე, ეს რომ გავიგე, მივხვდი, ვინც რეკავდა და რა უნდოდა. მდაბიო მეთოდებით ცდილობენ ადამიანების დაშინებას, რეალურად კი, ყველაფერი პირიქით გამოსდით“.
ზარი მსახიობის 10 წლის შვილთან
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის 10 წლის შვილთან ზარი „აზერბაიჯანიდან“ 8 მაისს შევიდა. „ჭკუა ეყო და არ უპასუხა“, - ამბობს ნანკა, რომელიც იმ დროს აქციაზე იყო. უცხო ნომრიდან განხორციელებული ზარის შესახებ შვილმა მოგვიანებით უთხრა.
ის, რომ ადრე თუ გვიან მასთანაც დარეკავდნენ, ამის მოლოდინი ნანკა კალატოზიშვილს ჰქონდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ პირველ ზარს მის სახელზე რეგისტრირებულ, თუმცა, მისი შვილის ნომერზე განახორციელებდნენ:
„ჩემს შვილს და ოჯახის წევრებს ეხებიან. როდესაც გამოდის „იმედის“ ეთერში პარლამენტარი და ამბობს, რომ მე "გონორზე" ვარ, მე არ ვარ "გონორზე", მე გაბრაზებული ადამიანი ვარ, რომლის ოჯახის წევრებს, შვილს და ქვეყანას ეხებიან. კომპანიებს რომ აუკრძალეს ესემესების გაგზავნა პირად ნომერზე და ამის პარალელურად, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს რომ აქვს ჯგუფი შექმნილი, სადაც ადამიანების პირადი ნომრებიც კი აქვს გასაჯაროებული, რაღაზე ვლაპარაკობთ?
ძალიან ნათლად ჩანს, რა კონტინგენტი რეკავს ადამიანებთან, ვის აქვს ჩაბარებული ხალხის დაშინება, იმხელა გამოცდილება მაქვს „ჰეითერებთან“ ბრძოლის, რამ უნდა შემირხიოს ნერვი. ჩემმა შვილმაც კი იცის უკვე, რომ ეს ადამიანები არიან შეუმდგარი, გაუნათლებელი ადამიანები, რომელთა სამსახური სიძულვილის ფრქვევა და გინებაა“, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა?
რესპონდენტებს, რომლებსაც ველაპარაკეთ, პირადი და ოჯახის წევრების ტელეფონებზე განხორციელებული ზარების შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ამ ეტაპზე, არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებებისთვის.
თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ვალდებულება, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავად, კონკრეტული პირების მიმართვის გარეშე დაიწყოს გამოძიება.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ამბობს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 157-ე პრიმა მუხლების დარღვევა, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების ხელყოფასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას და რისი გამოძიებაც სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია და პრეროგატივაა.
დაიწყო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების კუთვნილ ტელეფონებზე განხორციელებულ ზარებზე გამოძიება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი რადიო თავისუფლებამ ამ დრომდე ვერ მიიღო.
მოკვლევა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მოკვლევა შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერადაა მოპოვებული იმ მოქალაქეების მობილური ტელეფონების ნომრები, რომლებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა ტელეფონებზეც მსგავსი ზარები განხორციელდა, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით:
„სულ მცირე, ფაქტის დოკუმენტირება უნდა მოხდეს, რომ აღირიცხოს, რა რაოდენობაზეა საუბარი, რამდენ ადამიანს დაურეკეს და ა.შ. ეს გამოძიება აქამდეც უნდა დაწყებულიყო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ისედაც ჰქონდა გამოძიების დაწყების საფუძველი, როგორც კი ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა. სწორედ მათ კომპეტენციაში შედის ამ ტიპის დანაშაულების გამოძიება. ზარის ავტორები იყენებენ ადამიანების პირად მონაცემებს, აყენებენ შეურაცხყოფას, დაშინებისა და მუქარისკენ არის მიმართული. ეუბნებიან, რომ იციან მათი მისამართები, ურეკავენ მათ შვილებს და ა.შ.“.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ მათ დაიწყეს საკითხის შესწავლა, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ამ სამსახურის მანდატი შეეხება პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევას, რაც პირდაპირ ამყარებს ეჭვს, რომ პერსონალური მონაცემები უკანონოდ გავრცელდა სწორედ პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს.
ის ვარაუდობს, რომ საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებიდან ამოღებული ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას:
„ასე ერთად თავმოყრილი მონაცემები, მათ შორის, ოჯახის წევრების საკონტაქტო მონაცემები, არცერთ სხვა უწყებას არ აქვს, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. პირადი ნომერი, მისამართი, ოჯახის წევრები, ბიძაშვილები და მამიდაშვილებიც კი ჰყავთ ხოლმე ამ მონაცემებში შეყვანილი, არათუ მხოლოდ ოჯახის წევრები. მათი მისამართები და ფოტომასალა და ა.შ. პირადად მინახავს ეს ბაზები და ვიცი, როგორც გამოიყურება და ყველა ეს ინფორმაცია დაცულია ამ ბაზებში. ახლა გასარკვევია, ვისგან გავიდა ეს მონაცემი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა გააკეთოს შეფასება, რას სწავლობს და როგორ“.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს სატელეფონო ზარებით ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებს და მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მიმართონ იურისტებს, სულ მცირე, დამცავი ორდერის გამოცემის უზრუნველსაყოფად:
„ეს არის ბავშვთა უსაფრთხოების სფერო, რომელშიც პირდაპირ უნდა ჩაერთოს სამართალდამცავი. ყველა სტრუქტურა, პოლიცია, პროკურატურა, ინსპექტორი. მე, როგორც მშობელს, მაქვს უფლება, რომ პირდაპირ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო დამცავი ორდერის გამოცემა.
ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი სამართალდამცავები არიან უმოქმედონი, რადგან პოლიტიკურ კონტექსტში სამთავრობო გუნდი წაახალისებს ამგვარ ქმედებებს, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იურისტებს და სასამართლოს. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვთა უფლებების დარღვევის დადგენის მოთხოვნისგან“, - ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი, რომლის თქმითაც, თუკი საკითხი ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება, მაშინ უკვე შესაძლებელია საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება და ასეთი მექანიზმია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი, რომელიც რიგგარეშე განიხილავს კონკრეტული ბავშვების განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
მისივე თქმით, გარდა სამართლებრივი ასპექტებისა, უცხო პირების მიერ ბავშვებთან, მოზარდებთან განხორციელებული სატელეფონო ზარები, რომლებიც შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველია, შესაძლოა საკმაოდ მძიმედ აისახოს მათ ემოციურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთული პროცესია:
„ამგვარი ფაქტები არცთუ იშვიათად ტოვებს ბავშვებში ტრავმას, რომლის გადალახვაც უჭირთ და ხშირად განსაზღვრავს მათ მომავალსაც. უცხო პირების მიერ განხორციელებული ბულინგი, დაშინება, ბავშვების ფსიქიკას აზიანებს, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს და ეს უნდა გააცნობიერონ მშობლებმაც.
ამიტომ ეს აურზაური აუცილებლად უნდა გადავიტანოთ სამართლებრივ სივრცეში იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტირება და კონკრეტულმა პირებმა აგონ პასუხი“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
უცნობი პირების მხრიდან განხორციელებული მუქარის შემცველი ზარების პარალელურად, მესამე დღეა თავდასხმები ხორციელდება ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე.
8 მაისს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, თავს დაესხნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს. სამივე მათგანს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვადასხვა სახის დაზიანებებით, ისინი კლინიკებში მოათავსეს.
9 მაისს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და „ახლის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.
გიორგი მუმლაძემ 10 მაისსაც გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რომ ოთხი ნიღბიანი პირი მას მანქანით ისევ დახვდა სოფლის შესასვლელში.
10 მაისს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემაც, რომელიც ამბობს, რომ მას ჩაუსაფრდნენ, რა დროსაც გამაფრთხილებლად გაისროლა.
გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.
სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.
ფორუმი