Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვს მოსცხეს? რატომ დუმს ჩეჩნეთის ლიდერი Wildberries-ში მომხდარი სროლის შემდეგ


რამზან კადიროვი, სულეიმან ქერიმოვი, ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო
რამზან კადიროვი, სულეიმან ქერიმოვი, ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო

რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა ერთი კვირაა არაფერს ამბობენ მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად მდებარე კომპანია Wildberries-ის ოფისში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სროლის შედეგად დაიღუპა კომპანიის ორი მცველი, რომლებიც წარმოშობით ინგუშეთიდან იყვნენ.

Wildberries-ის ოფისში კონფლიქტში მონაწილეობდნენ ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის კადიროველები. დაპირისპირების მიზეზი გახდა რუსულ Amazon-ად წოდებული კომპანიის, Wildberries-ის დამფუძნებლის, ტატიანა ბაკალჩუკისა და მისი მეუღლის, ვლადისლავ ბაკალჩუკის ოჯახური და საქმიანი კონფლიქტი, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული აღმოჩნდნენ თვით ვლადიმირ პუტინი, რამზან კადიროვი და დაღესტნელი ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი.

  • ვინ მონაწილეობს Wildberries-ის გაყოფაში?
  • ვინ არიან სულეიმან ქერიმოვი და თბილისელი ძმები მირზოიანები?
  • რა შუაშია რამზან კადიროვი?
  • რაზე მეტყველებს Wildberries-ის ოფისში მომხდარი სისხლიანი გარჩევა?

რა მოხდა 18 სექტემბერს?

18 სექტემბერს შუადღისას, კომპანიის თანადამფუძნებელმა ვლადისლავ ბაკალჩუკმა სცადა შეჭრილიყო Wildberries-ის მოსკოვის ოფისში, რომელიც მდებარეობს ბიზნესცენტრ „რომანოვ დვორში“, კრემლიდან 500 მეტრში. ვლადისლავ ბაკალჩუკს თან ახლდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შეიარაღებული მებრძოლები და ჩეჩნეთის ყოფილი პროკურორი ანას ელმურზაევი, ჯამში, 20-მდე ადამიანი.

ოფისის დაცვასთან შეტაკების დროს დაიწყო სროლა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. დაღუპულები არიან ინგუშეთის მკვიდრები:

42 წლის ადამ ალმაზოვი და 28 წლის ისლამ-ბეკ ელმურზიევი. მაგასის ყოფილმა მერმა ბესლან ცეჩოევმა განაცხადა, რომ პირველი მათგანი ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახლა კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის იუნუს-ბეკ ევკუროვის დაცვაში მუშაობდა. ისლამ-ბეკ ელმურზიევი - თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი. 2015 წელს მიენიჭა რუსეთის სპორტის ოსტატის წოდება. 2020 წლის ივლისში მოსკოვში გახსნა დაცვის კერძო კომპანია Foton-ი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს.

ვლადისლავ ბაკალჩუკი 20-კაციან ჯგუფთან ერთად მივიდა Wildberries-ის ოფისში და განაცხადა, რომ სურდა იმ შეხვედრაზე დასწრება, რომელზეც კომპანიების შერწყმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ტატიანა ბაკალჩუკი უარყოფს, რომ იმ დღეს მსგავსი შეხვედრა იმართებოდა.

ვლადისლავ ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ სურდა იმ შეხვედრაზე დასწრება, რომლებზეც კომპანიების Wildberries-ისა და Russ-bc-ს შერწყმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ტატიანა ბაკალჩუკი, Wildberries-ის 99%-იანი წილის მფლობელი და ვლადისლავ ბაკალჩუკის მეუღლე, უარყოფს, რომ იმ დღეს მსგავსი შეხვედრა იმართებოდა.

ვიდეოს მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ბაკალჩუკის თანმხლები მამაკაცები (მათ შორის რამდენიმე ჩეჩენი) ჯერ ეჯაჯგურებოდნენ და ეჩხუბებოდნენ დაცვის თანამშრომლებს, შემდეგ კი პოლიციელებსაც. ერთ მომენტში მამაკაცმა შენობაში შესვლის მცდელობის მიზნით ხელკეტით ჩაამსხვრია შესასვლელი ფანჯარა, რასაც ასევე ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ვლადისლავ ბაკალჩუკი
ვლადისლავ ბაკალჩუკი

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი პოლიციელი კი დაშავდა. დააკავეს ორ ათეულზე მეტი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს ვლადისლავ ბაკალჩუკსა და კიდევ ექვს სხვა პირს. ეს უკანასკნელნი, ბაკალჩუკისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს.

Telegram-ზე ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა ტატიანა ბაკალჩუკმაც:

„შეიარაღებული ხალხი შემოიჭრა ჩვენს ოფისში, დაიწყო სროლა, განუკითხაობა, ახალგაზრდები დაიღუპნენ. ”ვლადისლავ, რას აკეთებ? როგორ აპირებ შენი მშობლების და ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვას?”

დავა საქმიანიც და ოჯახურიც

ტატიანა ბაკალჩუკის ქმარი, ვლადისლავი, რომელიც ცალკე ცხოვრობს, ფლობს კომპანიის აქციების მხოლოდ 1%-ს, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, სწორედ ვლადისლავს ეკუთვნოდა ბიზნესის დასაწყებად საჭირო საწყისი კაპიტალი. ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი გამწვავდა 2024 წლის ივნისში, როდესაც კომპანია Wildberries-მა გამოაცხადა, რომ აპირებდა გარე რეკლამის ფირმა Russ-თან შერწყმას, რაც საჯაროდ გააპროტესტა ვლადისლავ ბაკალჩუკმა. ამის შემდეგ ტატიანამ განაცხადა, რომ შერწყმის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და, რომ აპირებდა ქმართან განქორწინებას.

ტატიანა ბაკალჩუკი
ტატიანა ბაკალჩუკი

ცნობამ Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შესახებ, გარე დამკვირვებლებისა და ინდუსტრიის ანალიტიკოსების უკიდურესი გაოცება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ 2023 წელს Wildberries-ის მოგება ოთხჯერ აღემატებოდა Russ-ისას, ხოლო ბრუნვა - თითქმის 20-ჯერ. Russ-ს აკონტროლებენ დაღესტნელ მილიარდერსა და პოლიტიკოსთან, სულეიმან ქერიმოვთან დაკავშირებული ძმები რობერტ და ლევან მირზოიანები. გარიგების პირობების თანახმად, Wildberries-ი საბოლოოდ მიიღებს გაერთიანებული კომპანიის 65%-ს, ხოლო Russ-ი 35%-ს, რაც ანალიტიკოსებს ასევე არაბუნებრივად მიაჩნიათ.

ვლადისლავ ბაკალჩუკი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა კომპანიების შერწყმას, თუმცა მისი წილის (1%) სიმცირიდან გამომდინარე, მას სამართლებრივად არ შეუძლია წინ აღუდგეს გარიგების ოფიციალურად გაფორმებას.

2024 წლის 18 ივნისს Wildberries-მა გამოაცხადა, რომ უერთდება უმსხვილეს რუსულ გარე რეკლამის ოპერატორ Russ-ს. ერთი თვის თავზე ტატიანა ბაკალჩუკმა განქორწინების შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ვლადისლავ ბაკალჩუკმა თქვა, რომ იგი ჩამოაშორეს კომპანიას მას შემდეგ, რაც ტატიანა ოჯახიდან წავიდა. Wildberries-ის დამფუძნებლის ქმარი თვლის, რომ ტატიანა გადაეკიდა გაუგებარ კომპანიას, რომელიც ახლა "ითრევს მათ ბიზნესს". ბაკალჩუკმა დახმარებისათვის, არა სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ რამზან კადიროვს მიმართა. კადიროვი ღიად ჩაერთო დავის გადაჭრაში. მან Wildberries-ისა და Russ-ის გარიგებას ძმები მირზოიანებისა და „კავკასიელი ცნობილი ადამიანების“ თავხედური თარეში უწოდა.

რას წარმოადგენს Wildberries-ი?

ბაკალჩუკების წყვილმა Wildberries-ი 2004 წელს დააარსა. Forbes-ის შეფასებით, ტატიანა ბაკალჩუკის ქონება 7,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ვლადისლავ ბაკალჩუკი კი კომპანიის 1%-ის მფლობელია.

არსებითად Wildberries-ი ეს არის რუსული Amazon-ი - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ (მიტანის სერვისით) ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს და სხვ.

კომპანიამ, რომელიც 20 წლის წინ დააარსა მრავალშვილიანმა ტატიანა ბაკალჩუკმა საკუთარ ბინაში, უზარმაზარი ზრდა განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რადგან მომხმარებლების დიდი ნაწილი სავაჭრო ცენტრებში სიარულს ონლაინშოპინგს ამჯობინებს.

ტატიანა ბაკალჩუკი. 2024 წ. მაისი
ტატიანა ბაკალჩუკი. 2024 წ. მაისი

კომპანიის წარმატება გააძლიერა ჯერ COVID-19-ით გამოწვეულმა კარანტინმა, შემდეგ კი დასავლურმა სანქციებმა, რომლებმაც ბევრი დასავლური კომპანია აიძულეს დაეტოვებინათ რუსული ბაზარი. რუსები ინტერნეტში ეძებდნენ დასავლურ საქონელს, რომელიც მაღაზიებიდან და სავაჭრო ცენტრებიდან გაქრა. შედეგად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 539 მილიარდი რუბლი (5,8 მლრდ დოლარი) შეადგინა (70%-იანი ზრდა). წმინდა მოგება კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა, 19 მილიარდ რუბლამდე (205 მილიონი დოლარი). ჯამში კი გასულ წელს Wildberries-ის პლატფორმაზე 27 მლრდ დოლარზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.

48 წლის ტატიანა ბაკალჩუკმა, რომელიც ფლობს კომპანიის 99%-ს და იღებს ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს უთხრა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 40 მლრდ დოლარზე მეტი იქნება. სხვადასხვა შეფასებით, ტატიანა ბაკალჩუკი რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლება. ბაკალჩუკს ასევე აქვს კავშირები რუსეთის მთავრობის გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან და მის პირველ მოადგილესთან, დენის მანტუროვთან.

რაც შეეხება კომპანია Russ-ს?

როგორც რუსეთის საჯარო რეესტრის დოკუმენტები აჩვენებს, კომპანიაში, რომელიც ფლობს და მართავს ბილბორდების უდიდეს ქსელს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, 70% ეკუთვნის ნაკლებად ცნობილ ბიზნესმენს, გრიგორი სადოიანს, ხოლო დანარჩენ 30%-ს თბილისში დაბადებული ძმები რობერტ და ლევან მირზოიანები ფლობენ.

ვლადისლავ ბაკალჩუკმა კადიროვთან ჩაწერილ ვიდეოში საგანგებოდ ახსენა ძმები მირზოიანები. 46 წლის რობერტ მირზოიანი Russ-ის გენერალური დირექტორი და, როგორც ყვითელი პრესა წერს, ტატიანა ბაკალჩუკის გულისწორია. რუსული ბიზნესგამოცემა РБК 2024 წლის 9 აგვისტოს წერდა:

„როდესაც პრესაში გაჩნდა პირველი ინფორმაცია ბაკალჩუკების განქორწინებისა და Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შესახებ, გავრცელდა ჭორები, რომ ტატიანამ ეს გადაწყვეტილება თავის ნების საწინააღმდეგოდ მიიღო. ამ ჭორების უმეტესობა, ალბათ, ეფუძნებოდა ვლადისლავის განცხადებას, რომ მისი მეუღლე "დაუკავშირდა უცნობ კომპანიას" და, რომ კომპანია "რეიდერული თავდასხმის" მსხვერპლი იყო. ეს ვერსია ასევე გაჟღერდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც კადიროვი ასევე დაჰპირდა მომჩივან ქმარს, რომ დაეხმარებოდა "ტატიანას ოჯახში დაბრუნებაში". ამის საპასუხოდ, ტატიანა ბაკალჩუკმა განაცხადა, რომ არ ყოფილა არანაირი რეიდერული თავდასხმა. მან თქვა, უბრალოდ აპირებს განქორწინებას, რაც თავის მხრივ არ არის დაკავშირებული კომპანიების გაერთიანებასთან, რასაც ის დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა“.

სულეიმან ქერიმოვი
სულეიმან ქერიმოვი

ბაკალჩუკების განქორწინების განცხადება სასამართლოს ვებსაიტზე 2024 წლის 30 ივლისს გამოჩნდა. იმავდროულად, გავრცელდა ხმები, რომ განქორწინება და კომპანიაში მოსალოდნელი ცვლილებები დაკავშირებული იყო ტატიანას რომანთან. ინსაიდერმა Spletnik-მა დაწერა: „ტატიანა ფიქრობს, რომ შეყვარებულია და ვერ ხვდება, რომ მას ატყუებენ". ყვითელი პრესის მიხედვით, ტატიანას რომანი აქვს 46 წლის რობერტ მირზოიანთან, რომელიც თავის მხრივ დაქორწინებულია ფოტოხელოვან ეკატერინა ზუევაზე.

რუსული საქმიანი გამოცემები შენიშნავენ, რომ ძმები მირზოიანები სწრაფად ყიდულობენ და იერთებენ კონკურენტ კომპანიებს როგორც ფედერალურ, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე და, რომ ამას აკეთებენ სახელმწიფო ბანკების დახმარებით. ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ საქმეში ჩართულია დაღესტნელი მილიარდერი და პოლიტიკოსი სულეიმან ქერიმოვი, რომელსაც, როგორც კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქს, სანქციები დაუწესა აშშ-მა.

სულეიმან ქერიმოვი - დერბენტის მკვიდრი, მეწარმე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი. ქერიმოვი ითვლება მეცხრე ყველაზე მდიდარ ადამიანად რუსეთში. Forbes-ი მის ქონებას 14,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ქერიმოვი იმყოფება აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სანქციების ქვეშ. გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ქერიმოვის ქალიშვილს გულნარას, ვაჟიშვილ საიდს, რომელიც ფლობს მახაჩყალის აეროპორტს და ძმისშვილს, ნარიმან გაჯიევს, რომელსაც ქერიმოვის მთავარ ფინანსურ შუამავალს უწოდებენ. შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში ქერიმოვის ცოლი და სხვა ქალიშვილიც დაამატა.

Russ-ს კონტრაქტები აქვს მთავრობის მიერ კონტროლირებად ისეთ უწყებებთან, როგორიცაა მეტროს სისტემები რამდენიმე ქალაქში, ეროვნული რკინიგზა და რამდენიმე აეროპორტი ქვეყნის მასშტაბით.

2019 წელს, COVID-19-ის კარანტინის დაწყებამდე, მირზოიანების ფირმამ, რომელიც მაშინ მეოთხე უმსხვილესი გარე რეკლამის კომპანია იყო რუსეთში, იყიდა სიდიდით მესამე კონკურენტი. 2023 წელს იგივე ბედი გაიზიარა Russ-ის სიდიდით მეორე კონკურენტმაც, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ანალიტიკური კომპანიის თანახმად, მირზოიანების კომპანია აკონტროლებს რუსეთში სარეკლამო ბილბორდების თითქმის ნახევარს.

სარეკლამო სფეროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Russ-ის კონსოლიდაცია და ზრდა მოხდა არა მხოლოდ სწრაფად, არამედ ანტიმონოპოლიური რეგულატორების წინააღმდეგობის გარეშეც.

გამოცემა РБК-ს ცნობით, ქერიმოვი არის მირზოიანის ინდუსტრიის კონსოლიდაციის მამოძრავებელი ძალა. 2024 წლის ზაფხულს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მირზოიანმა აღიარა თავისი მეგობრობა ქერიმოვთან, მაგრამ უარყო ქერიმოვის რამე სახის კავშირი Russ-ის თავბრუდამხვევ ზრდასთან.

Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, რობერტ მირზოიანმა და ტატიანა ბაკალჩუკმა წერილი მისწერეს პუტინს, რომელსაც გარიგების „დალოცვა“ სთხოვეს, რადგან აპირებენ ისეთივე ციფრული გიგანტის შექმნას, როგორებიცაა Amazon-ი, Google-ი ან ჩინური Alibaba. როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა მოიწონა ინიციატივა და დაავალა ეკონომიკის მინისტრს დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

რატომ არის ეს საქმე საყურადღებო?

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაიწყება დაპატიმრებები, მათ შორის შეიძლება დააპატიმრონ ვლადისლავ ბაკალჩუკიც, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს.

„ყოველივე ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რამზან კადიროვი ვერ მიხვდა, რომ პუტინმა მხარი დაუჭირა კომპანიების შერწყმას, - უთხრა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTimes-ის რედაქციას ილია შუმანოვმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთის“ წამყვანმა დირექტორმა, - მათ ეგონათ, რომ მივიდოდნენ ოფისში ან შეაშინებდნენ ხალხს და შემდეგ ვითარება სწრაფად დაუბრუნდებოდა ძველ კალაპოტს. კადიროვი, სავარაუდოდ, შეეცდება, ყველაფერი გადააბრალოს ვლადისლავ ბაკალჩუკს. ის ასევე შეეცდება პუტინთან შეხვედრას, როგორც ადრე არაერთხელ გაუკეთებია“.

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რამზან კადიროვმა ამჯერადაც შეძლოს თავისი პროტეჟეს ინტერესების დაცვა. თუმცა, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი და პოპულარული იუტუბერი, მაქსიმ კაცი ამბობს, კომპანია Wildberries-თან დაკავშირებული კონფლიქტი უფრო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის სრულად ჯდება რუსეთის სახელმწიფოს მოქმედების ლოგიკაში. კაცის თქმით, Wildberries-ის საქმე სამაგალითოა, რადგან მისი საშუალებით შეიძლება იმის გაგება, თუ როგორ არის მოწყობილი პუტინის რუსეთი, როგორი პრაქტიკა და წესები მოქმედებს მასში.

ანალიტიკოსის თქმით, არსებული სტერეოტიპის მიხედვით, რუსეთის უახლესი ისტორია იყოფა ორ ნაწილად - ულმობელ 90-იანებად და პუტინის სტაბილურ წლებად:

90-იანებში ბანდიტები დათარეშობდნენ და „კრიშავდნენ“ ბიზნესებს, საქმიან ურთიერთობებს წყვეტდნენ იარაღით. თუ გადავლას დაგიპირებდნენ, მილიციის ნაცვლად, უფრო დიდი ბანდიტისთვის უნდა მიგემართათ.

მაქსიმ კაცი
მაქსიმ კაცი

ულმობელი 90-იანები შეცვალა პუტინის სტაბილურობამ და კანონის დიქტატურამ - ეს პარადიგმა თითქმის ყველამ მიიღო. ამიტომ, როცა Wildberries-ის მსგავსი ამბები ხდება, ყველა ამბობს, რომ 90-იანი წლები ბრუნდებაო. არადა, 90-იანები არსად წასულა.

მაქსიმ კაცის თქმით, დიდი კაპიტალისა და სერიოზული ხალხისთვის ყველაფერი ისევე დარჩა, როგორც იყო, რაც მთავარია, დარჩა იგივე ხალხი და იგივე გაგება. სწორედ ამიტომაა, რომ ბაკალჩუკებმაც გაყრისა და უზარმაზარი ბიზნესის გაყოფისას, ცოლმაც და ქმარმაც, მფარველი „კრიშები“ გაიჩინეს:

ტატიანა ბაკალჩუკმა მიმართა სულეიმან ქერიმოვს, რომელიც 90-იანი წლების კლასიკური ოლიგარქია - ბიზნესმენი, ძველი ბიჭი, საქმეების გამრჩევი.

ვლადისლავ ბაკალჩუკმა მიმართა რამზან კადიროვს - ჩეჩნური საძმოც 90-იანების განუყოფელი მოთამაშეა (პერსონაჟია), მაგრამ ახლა, ძველი დროისგან განსხვავებით, საძმოს წევრები ატარებენ სამხრეებსა და ორდენებს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი მომსახურების სფერო მეტად მრავალფეროვანი გახდა.

„უცნაური მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ღიად და საჯაროდ ხდება, ყველას თვალწინ, მოსკოვის ცენტრში“, - ამბობს მაქსიმ კაცი, რომელიც საგანგებოდ გამოყოფს რუსეთის მთავარ „კრიშას“:

„ის ვინც ხელმძღვანელობს რუსეთს, ის ვინც ზევიდან ქვევით ავრცელებს თავისი მოქმედების ლოგიკას, 90-იანი წლების ანტიპოდი კი არა, თვითონ არის 90-იანების განსახიერება. თვითონაც და მისი გარემოცვაც 90-იანების პერსონაჟები არიან და მათთვის Wildberries-ის აქტივების გაყოფა არანაირი უჩვეულო სიახლე არ არის. მილიარდები, კერძო იახტები და თვითმფრინავები ასეთი არაკეთილსინდისიერი გარიგებებითა და გაყოფებით არის ნაშოვნი“.

ანალიტიკოსი იხსენებს ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ლეონიდ პარფიონოვის გამონათქვამს პუტინის ეპოქაზე, რომ ეს არის 90-იანები, ოღონდ ნავთობის ფასით 100 დოლარიო.

„და მართლაც, 30 წლის განმავლობაში რუსეთში არ აშენებულა არცერთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავდა მესაკუთრის უფლებებს. რუსეთში არ არსებობს სადავო ქონების ცივილიზებული გაყოფის მექანიზმი. როცა საქმეში ჩარეული არიან ქერიმოვი და კადიროვი, აზრი არ აქვს სასამართლოსთვის მიმართვას. აქ უნდა გაიმარჯვოს არა იმან, ვინც უფრო მართალია, არამედ იმან, ვისაც უფრო მაგარი „კრიშა“ ჰყავს“, - ამბობს მაქსიმ კაცი, რომელიც ასევე უძებნის ლოგიკურ ახსნას კონფლიქტის საჯარო სივრცეში გამოტანას:

„რუსეთში ღიაობა კარგი ცხოვრების ნიშანი არ არის. საზოგადოებრივი აზრი ვერავის უშველის. როცა რაღაცას ღიად გაჰყვირი, ეს არ არის შენი სიძლიერის მაჩვენებელი, ეს უფრო სასოწარკვეთილების ნიშანია. გამოდის, რომ ისე დაშორდი „ხაზეინს“, რომ ყვირილით ცდილობ ხმის მიწვდენას. Wildberries-ის შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი ხდება. მხარეები ცდილობენ მიიპყრონ ყურადღება, ოღონდ არა ხალხის, არამედ მთავარი არბიტრის, ვლადიმირ პუტინისა, რომელთანაც, როგორც ჩანს, რამზან კადიროვს აღარ აქვს პირდაპირი დაშვება. ან აქვს დაშვება, მაგრამ საკითხი გადაწყდა მეორე მხარის სასარგებლოდ. ესეც სრულად ჯდება კადიროვის ქცევის წესში: როცა ის ვერ იღებს იმას, რაც უნდა, მკვეთრად ზრდის ფსონს და თავს იგიჟიანებს, რითაც პუტინს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. კადიროვი პირველად არ ექცევა პუტინს ისე, როგორც თვითონ პუტინი ექცევა მსოფლიოს. იქცევა კი როგორც "გოპნიკი". დემონსტრაციულად სჩადის რაღაც აღმაშფოთებელ უკანონობას და აიძულებს პატრონს მას დაუჭიროს მხარი და მორიგ ჯერზე დაუდასტუროს მისი განსაკუთრებული მდგომარეობა და სიახლოვე ბატონის სხეულთან“.

რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი
რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი

მაქსიმ კაცის თქმით, თუ სულეიმან ქერიმოვმა მართლა შეახვედრა ტატიანა ბაკალჩუკი პუტინს, რათა ქალს მიეღო უზენაესი ნებართვა Wildberries-ისა და ქერიმოვის სტრუქტურების შერწყმის თაობაზე, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება:

„მთავარმა უფროსმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ახლა უკვე შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების უკან წაღება ჩვეულებრივად, იძულების გარეშე. ამისთვის საჭიროა საკითხის საჯარო გამწვავება, ისეთი ვითარების შექმნა, როცა შეუძლებელია ყველას ერთ კაბინეტში მიწვევა და საკითხის მშვიდად გადაწყვეტა. ეს კადიროვის სტილია. როცა კონფლიქტი ხდება, ის არ ცდილობს ქვევიდან გამოსვლას. პირიქით, სკანდალს უფრო მეტად აძლიერებს. კადიროვის შვილმა სცემა პატიმარს, მაგრამ ამის შემდეგ კადიროვმა აიძულა ყველა მეზობელი რესპუბლიკა, ორდენებით დაეჯილდოებინათ მისი შვილი. როგორც ჩანს, კადიროვის საჯარო, საჩვენებელმა საუბარმა ვლადისლავ ბაკალჩუკთან („ქალს ოჯახში დავაბრუნებო“), არ მოიტანა სათანადო შედეგი. კადიროვმა გამწვავება გადაწყვიტა. მოსკოვის ცენტრში ორ გვამზე თვალებს ვერ დახუჭავ. ან საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა, ან კადიროვმა უნდა მიიღოს ის, რაც მას უნდა. ასეთი საქმეებიდან კადიროვი, როგორც წესი, გამარჯვებული გამოდის, რადგან პუტინი ჯერჯერობით არ არის მზად შეელიოს მას“.

რაც შეეხება მოდავე ცოლ-ქმარს, ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებს. მაქსიმ კაცის თქმით, ისინი ამ საქმის სუბიექტებიც კი არ არიან:

„თუ თქვენი საქმით დაინტერესდნენ პუტინი, ქერიმოვი და კადიროვი, შეუძლებელია, რომ თქვენთვის ეს ისტორია კარგად დასრულდეს. თქვენ იმთავითვე საკვები ხართ, რომელსაც ყველაფერი შეიძლება დაემართოს, მათ შორის, მოგკლან ან დაგიჭირონ, თქვენ წინაშე არავინაა ვალდებული“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG