მაქსიმ კაცმა რუსეთი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა და ახლა ისრაელში ცხოვრობს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ პუტინი რუსეთს შიშის და კონფორმიზმის წყალობით მართავს, თუმცა მისი მთავარი იარაღი საბჭოთა ნოსტალგიით მანიპულირებაა. ბლოგერის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს საბჭოთა კავშირი სხვანაირად ენატრებათ.
რადიო თავისუფლება: ხშირად ამბობთ, ის, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ომს მხარს უჭერს, რეალობას არ ასახავსო. რატომ გგონიათ ეგრე?
მაქსიმ კაცი: რუსეთში ახლა ასეთი ატმოსფეროა - ომის წინააღმდეგი თუ ხარ, ჩაგსვამენ. ადამიანები ხედავენ, რომ უამრავი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეა აღძრული ომის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, რომ მიტინგები დაარბიეს და ასე შემდეგ. ასეთ გარემოში ადამიანები საკუთარ აზრს ფრთხილად გამოხატავენ, მათ შორის, სატელეფონო გამოკითხვებშიც. ამას წინათ ბებიაჩემმა თქვა, დამირეკეს და მე ვუთხარი, არ გეტყვით, რას ვფიქრობ, თორემ მერე „ავტოზაკით” [საბადრაგო მანქანა] ციხეში წამიყვანთო. მარტივია - ომის მოწინააღმდეგეებს ეშინიათ თქვან, რომ ომს ეწინააღმდეგეებიან.
ომის მოწინააღმდეგეებს ეშინიათ თქვან, რომ ომს ეწინააღმდეგეებიან.
რადიო თავისუფლება: ანუ მარტო შიშის ბრალია?
მაქსიმ კაცი: შიშის. მაგრამ კიდევ უფრო - კონფორმიზმის. ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ შეუძლიათ რამეზე ზეგავლენა მოახდინონ. სამაგიეროდ, გრძნობენ, რომ მათზე მოახდენენ ზეგავლენას, რამეს თუ არასწორად იტყვიან. ამიტომაც ურჩევნიათ, აზრი არ გამოხატონ. როცა რამეს ეკითხებიან, პასუხობენ, რაც უნდა ის უქნიაო [პუტინს].
რადიო თავისუფლება: მიტინგებზე არგასვლასაც მაგით ხსნით?
მაქსიმ კაცი: ცხადია. ვერ იმიტინგებ, როდესაც შენი პოზიციის გამო 7 წლით გიჭერენ. ამას წინათ დეპუტატს 7 წელი მიუსაჯეს, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვა, მარიუპოლში ბავშვები დაიხოცნენო. როდესაც ძალიან დიდი ალბათობით ციხეში ჩაგსვამენ იმის გამო, რომ ანტისაომარი პოზიცია გამოხატე, ამ პოზიციას აღარ გამოხატავ. ადამიანებს რომ ეგრძნოთ, რომ შეუძლიათ გარეთ გასვლით ხელისუფლების შეცვლა და ომის შეჩერება, აუცილებლად გავიდოდნენ. პიკეტის მოწყობა ახლა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვად აღიქმება. გახვალ, გაგლახავენ, დაგიჭერენ და ყველას დაავიწყდები. აი, როგორც მარინა ოვსიანიკოვას დაემართა. პროტესტი მოაწყო, მერე ლაფი ასხეს, ახლა კი დაიჭირეს და აღარავინ ახსენებს.
რადიო თავისუფლება: მიგაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეები ვალდებულები არიან, ომი შეაჩერონ? თუ, რადგანაც საფრთხე ემუქრებათ, ეს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებთ?
ვერ ვხვდები, რუსებს ახლა მოთხოვნებს რატომ უყენებენ. არ შეუძლიათ და მორჩა.
მაქსიმ კაცი: ომის მდგომარეობაში მყოფი ტოტალიტარული, ან ავტორიტარული ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ვითარების შეცვლა. ომში მყოფ ქვეყანაში, რომელმაც აშკარად სამხედრო ცენზურა დააწესა, პროტესტი პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი ვერ იქნება. შეიძლება გახდეს, თუკი რამე მოირყევა, თუკი პუტინს რამე ხელიდან გამოეცლება. მაგალითად, თუკი უკრაინა ხერსონის ოლქს გაათავისუფლებს, ან ელიტებში განწყობა შეიცვლება.
ადამიანებს სჭირდებათ განცდა, რომ რამის შეცვლა შეუძლიათ, ამჟამად ეს განცდა არ აქვთ. ამიტომაც, ვერ ვხვდები, რუსებს ახლა მოთხოვნებს რატომ უყენებენ. არ შეუძლიათ და მორჩა.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, პუტინის 22-მა წელიწადმა როგორ შეცვალა რუსული საზოგადოება?
მაქსიმ კაცი: ამ კითხვის მიხედვით მთელი წიგნის დაწერა შეიძლება. დასაწყისში ადამიანებს შიოდათ და უცებ გაუჩნდათ ფორდ ფოკუსები. ამ ფორდ ფოკუსებით კი იკეაში დაიწყეს სიარული. პუტინი ლიბერალად და ელცინის საქმის გამგრძელებლად ასაღებდა თავს. იუკოსის საქმემდე ლიბერალს დამაჯერებლად თამაშობდა. 2011 წლამდე საზოგადოება არ იყო მზად მასთან საბრძოლველად, უმრავლესობას უბრალოდ აბსტრაგირებულად ცხოვრება და საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება აინტერესებდა. პუტინის ადმინისტრაციის პროპაგანდაც ამას აწვებოდა - რომ მოდი, პოლიტიკაში ნუ ჩაერევით, ნუ ივლით არჩევნებზე, ეგ არ ასწორებსო და ა.შ.
საქართველოსთვის ან უკრაინისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა დამოუკიდებლობის მოპოვებაა. რუსებისთვის კი იმ ქვეყნის დაშლას ნიშნავს, სადაც ცხოვრობდნენ
სადღაც 2011-2012 წლებში ყველაფერი შეიცვალა. რუსები დაინტერესდნენ პოლიტიკით და ქუჩაში გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება. პუტინი კრემლში დაბრუნდა და მისი რეიტინგი ეცემოდა. ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რად უნდოდათ ასეთი პრეზიდენტი. მაშინ მან დაიწყო მანიპულირება იმ ჭრილობით, რომელიც ბევრ რუსს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა. ამბობდა, ქვეყანა დავკარგეთ და ჩვენი დიდება უნდა დავიბრუნოთო. ამან ბევრზე იმოქმედა. რუსები სხვანაირად უყურებენ საბჭოთა კავშირის დაშლას, ვიდრე, ვთქვათ, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, საქართველოს ან სომხეთის მოსახლეობა. მათთვის, საბჭოთა კავშირის დაშლა დამოუკიდებლობის მოპოვებაა. რუსებისთვის კი იმ ქვეყნის დაშლას ნიშნავს, სადაც ცხოვრობდნენ.
რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?
მაქსიმ კაცი: აი, მაგალითად, ვიღაც ვილნიუსელი ტიპი ცხოვრობდა ლიტვის საბჭოთა რესპუბლიკაში. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კი იგრძნო, რომ მიიღო დამოუკიდებლობა. რომ თავად შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი ქვეყანა. მერე ის გახდა ევროკავშირის წევრი და ახლა ყველაფერი კარგად აქვს. აი, ვინმე სანქტ-პეტერბურგელს კი არ ჰქონდა რესპუბლიკა, რომელშიც ცხოვრობდა. მას მიაჩნდა, რომ მთლიანად საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. ეს ძალიან დიდი სხვაობაა. შემდეგ სსრკ დაიშალა. ადრე, სადაც უნდოდა, იქ წავიდოდა და ყველაფერი მისი ქვეყანა იყო. ახლა ეს აღარ შეუძლია.
პუტინმა ეს იცოდა და ამ ტრავმაზე თამაში დაიწყო. ყირიმის ანექსიამდე არ გამოსდიოდა. მაგრამ ანექსიამ კარგად იმუშავა მის აუდიტორიაზე. 2019 წელს მისი რეიტინგი ისევ დაეცა და ეტყობა ახალი „პატარა ძლევამოსილი ომის” გაჩაღება გადაწყვიტა.
რუსეთში ახლა ჯარში წასვლა არავის უნდა. ომში პატიმრებს უშვებენ.
რადიო თავისუფლება: ამას წინათ პუტინმა თქვა, ომი დასავლეთის ქვეყნებს სჭირდებათ და მათ „ანტირუსეთის” შექმნა უნდათო. როგორ ფიქრობთ, ამ სიტყვებს ბევრი აღიქვამს სერიოზულად?
მაქსიმ კაცი: ჩემი აზრით, მოსახლეობის უმრავლესობითვის ეს ბოდვაა. ამას ხალხზე სერიოზული ზეგავლენა არ აქვს. ეს იცით, საიდან ჩანს? როდესაც ქვეყანას საფრთხე ემუქრება, როგორც ახლა უკრაინას, ხალხი რიგში დგება სამხედრო კომისარიატებთან. ადამიანებს საკუთარი სამშობლოს დაცვა უნდა და ისინი ჯარში მიდიან. მათ სჯერათ, რომ არსებობს პროექტი ანტიუკრაინა. რუსეთში ახლა ჯარში წასვლა არავის უნდა. ომში პატიმრებს უშვებენ.
ეს უკიდურესი ნაბიჯია. ანუ ადამიანებს არ სჯერათ, რომ მათ ქვეყანას საფრთხე ემუქრება. რუსეთის მხრიდან მოხალისეები თითქმის არ იბრძვიან, მხოლოდ დაქირავებული მებრძოლები არიან, რომელთაც დიდ ფულს უხდიან. მაგრამ ახლა უკრაინელები ამბობენ, სანამ რუსეთი არსებობს, ჩვენ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებითო. პუტინი ეცდება, ამას ჩაეჭიდოს, და რუსები დააჯეროს, რომ ამ ომში წავიდნენ. ჯერ არ გამოსდის.
რადიო თავისუფლება: ანუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმა პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს?
მაქსიმ კაცი: კი, ეგრე მგონია. დარწმუნებული ვარ, ეს რომ გაიგეს, შამპანური გახსნეს. „მოდი, დავეხმაროთ უკრაინას აგრესორის მოგერიებაში“ - ეს დისკურსი თუ შეიცვალა ყველა რუსული პასპორტის მქონესთან ომით და ყველა რუსის გაძევებით, პუტინისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ახლა უფრო მარტივად შეეძლება, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ დასავლეთი რუსეთს ეომება.
პუტინს რამის გაკეთება თუ მოუნდა, საბაბი არ დასჭირდება
რადიო თავისუფლება: ახლა საქართველოშიც მსგავსი ვითარებაა. ბევრი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. მათ ეშინიათ, რომ რაც მეტი რუსი იქნება საქართველოში, მით უფრო შეიძლება პუტინი აქ მათ გადასარჩენად მოვიდეს. როგორ ფიქრობთ, საფუძვლიანი ეჭვია?
მაქსიმ კაცი: საქართველო ერთ-ერთი მთავარი წერტილია, სადაც პუტინის მოწინააღმდეგეები გარბიან და ბევრი რუსისთვის სამაშველო რგოლად იქცა. სამოქალაქო საზოგადოებამ იცის, რომ გასაქცევი აქვს. რაც შეეხება იმას, რომ პუტინი რუსების გადასარჩენად მოვიდეს… ვფიქრობ, ეს ის არგუმენტია, რომლითაც ვინმეს შეშინება კარგად შეიძლება, მაგრამ ობიექტურად არ მგონია, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. რამდენიმე ათეული ათასი რუსი ოპოზიციონერი პუტინს ვერანაირად ვერ დაეხმარება საქართველოს დაპყრობაში… ჩემი აზრით, პუტინს რამის გაკეთება თუ მოუნდა, საბაბი არ დასჭირდება.