Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ალოდინებს თურქეთი შვედეთს ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ


შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 2022 წლის 8 ნოემბერი.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 2022 წლის 8 ნოემბერი.

ნატოში მიმავალი გზა შვედეთისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება თურქეთისა და უნგრეთის მიერ მაშინ, როცა ფინეთი გახდა სამხედრო ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს და მისი განაცხადი სარეკორდოდ მოკლე ვადაში დამტკიცდა.

მომზადებულია REUTERS-ის მიხედვით

მიმომხილველები თვლიან, რომ თურქეთის მიერ შვედეთის განაცხადის დამტკიცება 14 მაისამდე - არჩევნებამდე, მოსალოდნელი არაა. მაგრამ არც ისაა ცხადი, რა შეაცვლევინებს აზრს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს და გაუხსნის თუ არა გზას სტოკჰოლმს ალიანსისკენ. ფიქრობენ, რომ უნგრეთი ანკარას მიბაძავს.

ფინეთი სამხედრო ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ნატოს შტაბბინა ბრიუსელში. 2023 წლის 4 აპრილი
ფინეთი სამხედრო ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ნატოს შტაბბინა ბრიუსელში. 2023 წლის 4 აპრილი

მეტი ნატო რუსეთთან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შარშან თებერვალში, შვედეთმა და ფინეთმა ზურგი შეაქციეს თავიანთ ტრადიციულ ნეიტრალიტეტს - სამხედრო მიუმხრობლობას და გადაწყვიტეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

ორივე ქვეყანა ახლა მიიჩნევს, რომ ნატოში - კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში გაერთიანებით, უზრუნველყოფილი იქნება მათი უსაფრთხოება.

ჩრდილეთ ევროპის ორი ქვეყნის განაცხადი ნატოს წევრების უმრავლესობამ მალევე დაამტკიცა. ისინი მიიჩნევენ, რომ ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და შვედეთი, ბალტიის რეგიონში ალიანსს გააძლიერებენ.

თავდაპირველი თავშეკავების შემდეგ, თურქეთის პარლამენტმა ნატოში ფინეთის წევრობას მხარი დაუჭირა.

მაგრამ თურქეთი აჭიანურებს შვედეთისთვის თანხმობის მიცემას და აცხადებს, რომ სტოკჰოლმი სერიოზულად არ უყურებს ანკარის პრობლემებს უსაფრთხოების სფეროში და არ შეასრულა შეთანხმების პირობები, რომლებიც შარშან მადრიდში დაიდო.

უნგრეთი თურქეთის მაგალითს ჰბაძავს და ასევე გადადო შვედეთის განაცხადის რატიფიკაცია.

ალიანსში ახალი წევრის მიღებისთვის საჭიროა ყველა წევრის თანხმობა.

რატომ იკავებს თურქეთი თავს ნატოში შვედეთის განაცხადის რატიფიკაციისგან?

შვედეთი თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული სტანდარტების გამო აკრიტიკებს, რაც აღიზიანებს თურქ პოლიტიკოსებს.

თურქეთი ამტკიცებს, რომ სტოკჰოლმი მის მიერ ტერორისტულად აღიარებულ ორგანიზაციებს იფარებს, რასაც შვედეთი უარყოფს. ანკარა კი შვედეთის განაცხადის რატიფიცირების სანაცვლოდ ამ ორგანიზაციების წევრების ექსტრადიციას მოითხოვს. შვედეთის სასამართლომ ექსტრადიციის რამდენიმე შემთხვევა შეაჩერა.

ბოლო კვირებში თურქეთმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული საპროტესტო გამოსვლები, რომელთა დროსაც დაწვეს მუსლიმთა წმინდა წიგნი „ყურანი“ და ფეხებით დაკიდეს ერდოანის ფიტული.

ანკარა ამას სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს, ხოლო სტოკჰოლმისთვის ეს სიტყვის თავისუფლების კანონის მოქმედებაა.

14 მაისს თურქეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ერდოანს თავისი მმართველობის ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს.

ნატოს საკითხისკენ ამომრჩევლების ყურადღების გადატანამ შეიძლება მათ ქვეყნის შიგნით არსებული სხვა პრობლემები დაავიწყოს.

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება - რაც რეალისტურია, გაზრდის ნატოში შვედეთის გაწევრიანების დაჩქარების შანსს.

რატომ არ დაამტკიცა უნგრეთმა შვედეთის განაცხადი?

უნგრეთი თვლის, რომ შვედეთი წლების განმავლობაში მტრულად უყურებს მას. ბუდაპეშტი შეშფოთებულია შვედეთის მიერ უნგრეთის პრემიერის - ვიქტორ ორბანის კრიტიკით, რომელიც კანონის უზენაესობის სავარაუდო შესუსტებას უკავშირდება. ორბანი უარყოფს ამ ბრალდებას. თურქეთისგან განსხვავებით უნგრეთს არ აქვს მოთხოვნების სია, მაგრამ აცხადებს, რომ უკმაყოფილება უნდა აღმოიფხვრას, სანამ ის ნატოში გაწევრიანებისთვის შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას გააკეთებს.

როდის დათანხმდება თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას

თურქეთის არჩევნების შემდეგ შვედეთის გზა შეიძლება უფრო გამოიკვეთოს. მაგრამ ვადა დათქმული არ არის და რატიფიცირების გარანტიაც არ არსებობს.

შვედეთი ირწმუნება, რომ მადრიდის შეთანხმება შეასრულა, როცა გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონები და, რომ ანკარის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია.

თურქეთს ადრეც ჰქონია ნატოელ მოკავშირეებთან უთანხმოება და უკან დაუხევია.

„ძველ ინციდენტებს თუ გადავხედავთ, ისინი მოგვარდა ნატოელი მოკავშირეების ზეწოლის, მოლაპარაკებისა და მოკავშირეების ზოგიერთი დათმობის გზით. მოველი, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე შეიძლება მოხდეს“, - ამბობს პოლ ლევინი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის თურქეთის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. არჩევნების შემდეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, შეიძლება ერდოანმა შვედეთისგან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ უსაფრთხოების მხრივ ანკარის შეშფოთებას სტოკჰოლმმა ყური დაუგდო, ამბობს ლევინი და თვლის, რომ „ამას შეიძლება ზაფხულის შემდეგ რამდენიმე თვე დასჭირდეს“, მაგრამ „წინასწარმეტყველება ძნელია“.

ემუქრება თუ არა ნატოში გაწევრიანების შეფერხება შვედეთის უსაფრთხოებას?

შვედეთმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მისი მდგომარეობა ახლა უკეთესია, ვიდრე ნატოში განაცხადის შეტანამდე. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, ალიანსი შვედეთს არ დაეხმაროს, თუ მას საფრთხე დაემუქრება.

შვედეთი ნატოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მისი ალიანსში ინტეგრაციის საქმე სწრაფად მიდის წინ. შვედეთს ჰყავს ძლიერი სამხედრო-საჰაერო ფლოტი და ბალტიის ზღვის პირობებზე მორგებული წყალქვეშა ძალები, რაც ამ რეგიონში ნატოს უპირატესობას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG