სტუდენტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკავდნენ ბელგრადის უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, 22 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს მატარებლების სადგურ ნოვი სადში ბეტონის სახურავის ჩამონგრევის გამო, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა.
ბელგრადის ცენტრში, სლავიას მოედნის ახლომახლო ქუჩებზე ტრანსპორტი გაჩერდა, რადგან ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომელმაც შეავსო და გასცდა მოედანს - სტუდენტების წამოწყებულ პროტესტს ფერმერები, მსახიობები და პედაგოგებიც შეუერთდნენ.
აქცია 15-წუთიანი დუმილით დაიწყო, შეკრებილებმა მობილური ტელეფონების განათება აანთეს და მაღლა ასწიეს. ასე მიაგეს პატივი მსხვერპლთა ხსოვნას. 15-წუთიან დუმილს 30-წუთიანი სასტვენებისა და ვუვუზელების ხმაური მოჰყვა.
„ყოველთვის, როცა ასეთი რამე ხდება, თავიდან ცრემლებს ძლივს ვიკავებ, შემდეგ კი თავი ხელში ამყავს“, - ეუბნება სტუდენტი თეოდორა ტოპალოვიჩი რადიო თავისუფლებას და ამატებს: „ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ყველა სტუდენტისთვის“. მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ სტუდენტებს მხარი სხვა მოქალაქეებმაც დაუჭირეს.
ბელგრადელი ნიკოლა პერიჩი ამბობს, რომ იგი ამ საპროტესტო აქციაზე მიიყვანა სურვილმა - „არა“ უთხრას ხელისუფლებას და ზოგადად სერბეთში შექმნილ სიტუაციას:
„[აქ მოვედი] რათა მხარი დავუჭიროთ სტუდენტებს, პატივი მივაგოთ უდანაშაულოდ დაღუპულ ადამიანებს და ვცადოთ ქვეყანაში ვითარების შეცვლა, რომელიც არ არის კარგი“.
პენსიონერმა ტატიანა სპოლია მილეტიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ახალი, ახალგაზრდა ძალები“ მოვიდნენ და, რომ უფროსები პროტესტს მათ მხარდასაჭერად შეუერთდნენ.
„არ შემიძლია ჩუმად ვიყო და სახლში ვიჯდე“, - თქვა მან.
ორგანიზატორებმა მოითხოვეს, მთავრობას ამოეცნო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ დემონსტრანტებს რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ორგანიზატორებმა ასევე მოითხოვეს წინა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დასრულება.
სერბები არ წყვეტენ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნა ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა. ზოგიერთმა საპროტესტო აქციამ ძალადობის თანხლებით ჩაიარა, თუმცა 22 დეკემბერს ბელგრადში შეკრებილი ხალხი მშვიდობიანად დაიშალა.
გადახურვის ჩამონგრევა პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისთვის პოლიტიკურ თავის ტკივილად იქცა. 50-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტი ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორის ოფისი და ათობით საშუალო სკოლა კვლავ ბლოკირებულია პროტესტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
სტუდენტები მონაწილეობენ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებში, რომელთა შედეგადაც სერბეთის სხვადასხვა ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა 15 წუთით ჩერდება.
უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც რკინიგზის სადგური ბოლო წლებში ორჯერ განაახლა ოთხი კომპანიისგან შემდგარმა, ჩინეთთან დაკავშირებულმა კონსორციუმმა. სერბეთის რკინიგზა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ განახლებისას არ შეკეთებულა ბეტონის გადახურვა, თუმცა ექსპერტების ნაწილს ამაში ეჭვი შეაქვს.
ნოვი სადის უმაღლესმა პროკურატურამ 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ნგრევაზე პასუხისმგებელი 11 ადამიანი დააკავეს.
მათ შორის იყვნენ მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი გორან ვესიჩი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი იელენა ტანასკოვიჩი.
მათ 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, თუ დადასტურდა, რომ ჩაიდინეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, საფრთხე შეუქმნეს ადამიანების სიცოცხლეს და ჩართულები იყვნენ უკანონო სამშენებლო სამუშაოებში.