Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სისხლით დავიჭერ“ - პროკურატურა „ბათუმელების“ დირექტორის წინასწარ პატიმრობას ითხოვს


მზია ამაღლობელი, დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი
მზია ამაღლობელი, დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი

#თავისუფლებამზიას - ამ „ჰეშთეგით“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება - ჟურნალისტები, რეჟისორები, მწერლები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „ბათუმელების“ დირექტორი პოლიციამ 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავა.

დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორს მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-7 წლით პატიმრობით ისჯება.

11 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის „ბათუმელების“ თანამშრომელი ციალა ქათამიძე, რომელმაც ქუჩაზე დააკრა სტიკერი: „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“.

„სტიკერის გაკვრა გამოხატვის თავისუფლებაა. იქვე უბრალოდ იდგა ვაჟა დარჩია და ისიც დააკავეს“, - ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე. „ძლიერი საქართველოს“ წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია ამ დრომდე დაკავებულია.

„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე ჰყვება, რომ ციალას დაკავების შემდეგ მზიამ გადაწყვიტა, თავადაც წასულიყო აქციაზე და იგივე გაეკეთებინა, სტიკერი მიეკრა. ასეც მოიქცა, რის შემდეგაც ისიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით მზია ამაღლობელი და ციალა ქათამიძე გაათავისუფლეს. ეთერ თურაძე, რომელიც იქ იმყოფებოდა, ჰყვება შემდეგ რა მოხდა:

„აქცია უკვე იშლებოდა, მზია ახლობლებთან იდგა. ამ დროს პოლიციელების ჯგუფი ყვირილით და გინებით მოვარდა. ჯერ მზიას ერთი ახლობელი დააკავეს, მერე - მეორე. მზია ჭყლეტაში მოყვა. შოკისმომგვრელი და აფექტური მდგომარეობა იყო, რადგან პოლიციამ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ატეხა პანიკა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მზია ისევ ხელახლა შეათრიეს [პოლიციის შენობაში]. ის რომ მზია თავს დაესხა პოლიციას, არის აბსურდი, პირიქით, პოლიცია დაესხა თავს“, - ჰყვება ეთერი.

ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს რაღაცას უხსნის, ის ზურგს აქცევს ამაღლობელს, ამაღლობელი ქურთუკზე მოექაჩება დგებუაძეს, შემდეგ კი სილას გააწნავს, რის შემდეგაც მას აკავებენ.

„ბათუმელების“ გადაღებულ ვიდეოში, მზია ამაღლობელი პოლიციაში შეჰყავთ - ისმის მამაკაცების უშვერი გინება, რამდენჯერმე ისმის, „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ...“.

„ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ თავის გუნდთან ერთად ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს“, - დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუკზე ბათუმის პოლიციის უფროსის შესახებ.

თურაძის თქმით, დაკავების შემდეგ ამაღლობელთან „მეორედ რომ დააკავეს, სამი საათი ვერ შევიდა ადვოკატი. არ უშვებდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ შენობის შიგნით მზია არასათანადო მოპყრობის მსხვერპლიც გახდა“.

მზია ამაღლობელის ადვოკატი ჯაბა ქამაძე ამბობს, რომ უფლებების დარღვევის ფაქტზე უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„ხელი აქვს დაშავებული, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სამი საათი ადვოკატის გარეშე იყო“, - უთხრა ჯაბა ქამაძემ რადიო თავისუფლებას.

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატპორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.

მხოლოდ 28-29 ნოემბერს აქციების გაშუქებისას საქართველოში 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. ხშირ შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურები მათ მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ. ამ დრომდე ამ დანაშაულებისთვის არავინ დასჯილა.

ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც, რომელიც აქციის დარბევას იღებდა.

„ირაკლი დგებუაძემ აიხედა, ვინ მიღებსო. გურამმა უთხრა, რომ „ბათუმელების“ ოპერატორია. მაშინვე გასცა მისი დაკავების ბრძანება. მანქანაში ჩასვეს. გზაში აგინებდნენ და ტელეფონის პაროლს სთხოვდნენ“, - ამბობს ეთერ თურაძე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და მზია ამაღლობელი.

თამარ წულუკიძის ინფორმაციით, 11-12 იანვარს ბათუმში აქციებზე სულ 20 ადამიანი დააკავეს, 5 მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს, დანარჩენი 15 პატიმრობაში რჩება. გარდა მზია ამაღლობელისა, ყველა დანარჩენი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 14 იანვარს, 11 საათზე იმსჯელებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG